სამუშაო დღის შუაში სკოლიდან რეკავენ, ბავშვი გახდა ავად. ეს ნიშნავს, რომ შეხვედრიდან სასწრაფოდ უნდა გამოხვიდეთ, მთელი დღის გეგმები ჩაშალოთ და ხვალინდელი საქმეებიც თავდაყირა დააყენოთ. კვლევები საინტერესო ტენდენციას აჩვენებს – როდესაც ასეთი რამ მამას ემართება, გარშემომყოფების თვალში ეს ბავშვის მოვლის დროებითი შეფერხებაა, ხოლო როდესაც იგივე დედას გადახდება, თავად ის აღიქმება სამუშაო პროცესის მთავარ შემაფერხებლად.
ეს განსხვავება ხსნის იმ რეალობას, რაზეც მომუშავე მშობლებზე საუბრისას იშვიათად ვლაპარაკობთ. უთანასწორობა მხოლოდ იმით არ იზომება, თუ ვინ უფრო მეტ საათს ახარჯავს სარეცხს, სადილის კეთებას თუ ექიმთან ჩაწერას. საქმე ისაა, თუ რომელ მშობელს რჩება სამუშაოდ მშვიდი, დაუნაწევრებელი დრო და რა ხდება მაშინ, როდესაც ოჯახური ყოფა ამ რიტმს აუცილებლად არღვევს.
საქმე მხოლოდ საათების თვლა არ არის
მომუშავე მშობლების ყოველდღიურობაში უსამართლობას ხშირად საათებით ვზომავთ – ვინ უფრო მეტ დროს უთმობს სახლს, ვინ აკეთებს ვახშამს, ვინ ეხმარება ბავშვებს გაკვეთილებში ან ვის მიჰყავს ისინი ექიმთან. თუმცა გვავიწყდება მეორე უმნიშვნელოვანესი მხარე – რამდენ ხანს შეუძლია ადამიანს საქმეზე გადაბმულად კონცენტრირება ყურადღების გაფანტვის გარეშე.
სამი საათი სამუშაო მაგიდასთან ყოფნა არ ნიშნავს სამსაათიან სრულ ფოკუსს. ოჯახში მთავარი მშობლის როლში მყოფ ადამიანებს დღის განმავლობაში თავში მუდმივად უტრიალებთ საოჯახო საკითხები – მასწავლებელთან შეხვედრის ჩანიშვნა, ბავშვისთვის ახალი ბოტასების შეკვეთა, დაბადების დღის საჩუქრის შერჩევა, ექსკურსიის ფურცლის შევსება ან იმაზე ფიქრი, საშიშია თუ არა ბავშვის გამონაყარი და მოუწევთ თუ არა ხვალ ნახევარი დღის პოლიკლინიკაში გატარება. ამ ყველაფრის მერე კი ყურადღება ისევ კვარტალურ ანგარიშზე უნდა გადაიტანონ.
მთავარი დარტყმა საქმისთვის მოპარული რამდენიმე წუთი კი არ არის, თავად ის დანაწევრებული ამოცანებია, რომელთა ნაწილ-ნაწილ კეთება გვიწევს. ეს არის შუა გზაზე მიტოვებული კარგი აზრი ან ის პროექტი, რომელიც დილისთვის უნდა ყოფილიყო მზად და რომლის დასრულებაც სახლში, ბავშვების დაძინების შემდეგ გვიწევს. საქმის დროულად ჩაბარება და კარგი შედეგის დადება ასეთ რეჟიმშიც შეიძლება, თუმცა ამის მიღწევა იმ მუდმივი გაფანტულობის ფონზე გვიწევს, რაზეც სხვას შესაძლოა საერთოდ არასდროს უფიქრია.
უხილავი შრომა
ცალ-ცალკე აღებული ეს წვრილმანები თითქოს დიდ ტვირთად არ ჩანს, თუმცა ჯამში მთელ დღეს ჭამს. ევ როდსკი საკუთარ წიგნში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმე მხოლოდ ქალების მიერ გაკეთებულ საოჯახო საქმეებს არ ეხება. ოჯახური ცხოვრების უდიდესი ნაწილი შემჩნევას, წინასწარ განჭვრეტას, დაგეგმვასა და მუდმივად გახსენებას მოითხოვს.
ერთ-ერთ კვლევაში, სადაც პატარა ბავშვების მქონე 322 დედა გამოკითხეს, მეცნიერებს აინტერესებდათ არა მხოლოდ ის, თუ ვინ აკეთებდა კონკრეტულ საქმეს, ვინ ეწეოდა იმ უხილავ შრომას, რაც საქმის ბოლომდე მიყვანას სჭირდებოდა. აღმოჩნდა, რომ დაგეგმვისა და ორგანიზების 73%-ს, ხოლო უშუალო კეთების 64%-ს დედები იღებდნენ საკუთარ თავზე. პარტნიორმა შესაძლოა ბავშვი სტომატოლოგთან მართლაც წაიყვანოს, თუმცა სწორი ექიმის მოძბნა, ვიზიტის დაჯავშნა, კალენდარში ჩანიშვნა და მეუღლისთვის დროზე გასვლის შეხსენება მაინც დედის საზრუნავი ხდება.
ორმაგი სტანდარტი სამსახურში
ეს ამბავი მხოლოდ სამუშაო დღის რიტმს არ ურევს. ერთ-ერთ კვლევაში ამერიკელ მენეჯერებს შეაფასებინეს დედებისა და მამების სიტუაციები, რომელთა პროდუქტიულობაც ბავშვის მოვლის გამო დროებით დაეცა. პასუხისმგებლობა თითქოს ორივეს მოეთხოვა, თუმცა როდესაც ხელფასის მომატებისა და დაწინაურების საკითხი დადგა, სრულიად იდენტური შემთხვევების მიუხედავად, დედები ბევრად მკაცრად დასაჯეს. კაცმა მენეჯერებმა მამებს მეტი ნდობა გამოუცხადეს, მათ ისევ მიზანდასახულ და მოტივირებულ თანამშრომლებად უყურებდნენ, მათ შეფერხებას კი უბრალო უიღბლო გარემოებას აბრალებდნენ. დედების შემთხვევაში კი იგივე ფაქტი იმის დასტურად მიიღეს, თითქოს მათ საქმისთვის თავის გართმევა აღარ შეეძლოთ.
როგორ უნდა შეიცვალოს მიდგომა
ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, როგორ უნდა გამოსწორდეს ეს რეალობა. ოჯახში მთავარი მშობლის როლში მყოფმა ადამიანებმა, ამ მენტალური ტვირთის ზიდვა ზედმეტად კარგადაც კი იციან. მთავარი კითხვა ის არის, რატომ ვითხოვთ ერთი ადამიანისგან ყველაფრის მუდმივად ხელში ჭერას.
სახლში წყვილებმა პასუხისმგებლობები თანაბრად უნდა გაიყონ და მკაფიოდ შეთნხმდნენ, ვინ რაზეა პასუხისმგებელი. თუ თქვენი საკითხი ექიმთან ვიზიტებია, ეს ნიშნავს ექიმის მოძებნას, ვიზიტის დაჯავშნას, ზარებზე პასუხს და არა იმის ლოდინს, რომ ამის შესახებ ვინმე შეგახსენებთ.
დამსაქმებლებმაც უნდა გაიაზრონ საკუთარი წილი. ოჯახური პასუხისმგებლობა ადამიანის ამბიციას ან პროფესიულ უნარებს არ ცვლის. თანამშრომელი რეალური შედეგებით უნდა შეფასდეს და არა იმ სტერეოტიპებით, თითქოს რომელიმე მშობელი საქმეს ნაკლებად უდებს გულს.
ოჯახში კი აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ წყნარი, შეუწყვეტელი სამუშაო დრო ორივე მშობელს თანაბრად სჭირდება. საუბარი არ არის ღამით, ბავშვების დაძინების მერე საქმეების ჩუმად მიხურვაზე. ადამიანს უნდა ჰქონდეს ნამდვილი დრო ფიქრისთვის, ახალი იდეებისთვის და საქმეზე სრული კონცენტრაციისთვის. ნამდვილი პრივილეგია მხოლოდ საქმის ნაკლებობა არ არის. ეს არის თავისუფლება, რომ მთელი ყურადღება დაუთმო იმას, რაც შენთვის მართლა მნიშვნელოვანია. ეს თავისუფლება კი მხოლოდ ერთი მშობლის ფუფუნებად არ უნდა რჩებოდეს.
წყარო: Fastcompany











