შესაძლოა, მშობლების ტვინი საოცარ სარგებელს იღებდეს შვილების აღზრდისგან, თუნდაც იმიტომ, რომ დაბერებისადმი დაცვის მექანიზმი აქვს შემუშავებული და სწორედ ამაზე გვესაუბრება უახლესი კვლევა, რომელიც 37 000 ადამიანზე ჩაატარეს. Rutgers Health-ისა და Yale University-ის სამეცნიერო ნაშრომის თანახმად, მშობლების ტვინის აქტივობაში იმგვარი ნიმუშები შეინიშნება, რომლებიც ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების მსგავსია, ხოლო რაც უფრო მეტი ბავშვი ჰყავთ, ეფექტიც მით უფრო ძლიერდება.
თუმცა, რაზეც ახლა მოგიყვებით, მხოლოდ დედებზე ნუ განავრცობთ, კვლევა, მამებზეც გვესაუბრება და გვეუბნება, რომ მშობლობის გამოცდილების სარგებელი ორივე მათგანზე ვრცელდება და ეს მხოლოდ ორსულობას არ უკავშირდება.
მკვლევრებმა UK Biobank-იდან ტვინის სკანირებები და სხვა ინფორმაციები შეისწავლეს. ტვინის რეგიონებს დააკვირდნენ, უფრო ზუსტად, იმ სივრცეებს, რომლებიც მოძრაობაზე, შეგრძნებებსა და სოციალურ კავშირებზე იყო პასუხისმგებელი. აღმოაჩინეს, რომ მრავალშვილიან დედებს უფრო ძლიერი კავშირი აქვთ ტვინის იმ ნაწილთან, რომელიც შეგრძნებებსა და მოძრაობებშია ჩართული. ეს კავშირი კი ასაკის მატებასთან ერთად მცირდებოდა. გვეუბნებიან, რომ რაც უფრო მეტი შვილი ჰყავდათ მშობლებს, მით უფრო იკვეთებოდა ტვინში ცვლილებები.
ალბათ, ხშირად გსმენიათ, რომ ბავშვების ყოლა სტრესს უკავშირდება, მეცნიერებმა კი აღნიშნული კვლევით სწორედ ამ ჰიპოთეზის გამოცდა გადაწყვიტეს და, შედეგად, გვითხრეს, რომ რეალობა საპირისპიროა — ბავშვების აღზრდა ჩვენი ტვინის ჯანმრთელობისთვისაა კარგი გაზრდილი ფიზიკური აქტივობის, სოციალური ინტერაქციებისა თუ კოგნიტიური სტიმულაციის გამო.
მართალია, მეცნიერები საინტერესო მიგნებებს გვიზიარებენ, მაგრამ კითხვებზე ზუსტი პასუხების მისაღებად ჯერ კიდევ მრავალი კვლევის ჩატარებაა საჭირო…