რთულია საკუთარი თავის მართვა, როცა ბავშვები ფიზიკურ და ემოციურ რესურს გვაცლიან… კი ვცდილობთ ხოლმე, მაგრამ ხშირად ეს ჩვენს ძალებს აღემატება… ახლა კი ფსიქოლოგები გვეუბნებიან, რომ კვლევის თანახმად, ჩვევის შეცვლას 66 დღე სჭირდება, შესაბამისად, არსებობს შანსი, რომ ამ დროში სიმშვიდეც დავიბრუნოთ. თუ გაინტერესებთ როგორ, მოდით, ამ პროცესს კვირების მიხედვით ერთად მივყვეთ:
პირველი კვირა
კითხვა: საიდან დავიწყო? უნდა გააჟღეროთ და შემდეგ დაფიქრდეთ, რისი მიღწევა გსურთ. ხშირად ცვლილებებზე რაღაც ნეგატიურის თავიდან მოშორების მიზნით ვფიქრობთ, მაგრამ ახლა ფსიქოლოგები ამბობენ, რომ მეტად ეფექტურები ვიქნებით, თუ ამას სხვა მეთოდით მივუდგებით. მაგალითისთვის კი არ თქვათ: „მე კონკრეტულ ქმედებას აღარ ჩავიდენ“, არამედ თქვით: „სანაცვლოდ ვაპირებ ამ ახალი რაღაცის გაკეთებას“.
ამგვარად, თუ ბავშვებს ბევრჯერ მიუთითებთ, რომ სკოლისთვის გაემზადონ და ისინი არ დაგიჯერებენ, იმედგაცრუებისა და გაბრაზების ნაცვლად, ერთი წუთი საკუთარ თავს დაუთმეთ, პროცესი შეანელეთ და დაფიქრდით კომუნიკაციის სხვა ფორმაზე, რომელიც მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.
მეორე კვირა
ბავშვს თუ მანქანაში ვერ აჩერებთ და სავარძელზე ფეხების რტყმას მაინც აგრძელებს, რაც თქვენს ნერვებზე მოქმედებს, სუნთქვის ტექნიკებს მიმართეთ — 5 წამი ჩაისუნთქეთ, 5 წამი შეიკავეთ სუნთქვა და 5 წამში ამოისუნთქეთ. ასე უკეთ მიხვდებით, როგორ გაუმკლავდეთ კონკრეტულ პრობლემას. შეგიძლიათ, მშვიდად უთხრათ:
„ძვირფასო ვწუხვარ, რომ სიმღერა მოანადან არ იყო, მაგრამ თუ სავარძელზე ფეხების რტყმას გააგრძელებ, სახლამდე უსაფრთხოდ ვერ მივალთ“. ოღონდ სხვა არაფერი თქვათ, ცეცხლისთვის ნავთის დასხმას რომ არ დაემსგავსოს და შედეგიც არ დააყოვნებს.
მესამე კვირა
მშვიდი მშობლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორი მომენტის შერჩევაა შვილთან სასაუბროდ. თუ რაღაც ქმედება კონკრეტულ დროს არ მოგეწონებათ, ეცადეთ, პირდაპირ არ გაბრაზდეთ და სწორ დროს დაელოდოთ, რათა აღნიშნული მას მშვიდად აუხსნათ.
მეოთხე კვირა
ხანდახან წყობიდან გამოვდივართ ხოლმე, როცა რაღაცები სწრაფად უნდა ვაკეთოთ და ბევრი რამ არც ჩვენს კონტროლ ქვეშაა, ემოციურად ძალიან ვიტვირთებით… ეცადეთ, ემოციები თქვენში არ ჩაკეტოთ და ღიად ისაუბრეთ მასზე.
მეხუთე კვირა
სამსახურის გამო, შესაძლოა, ბავშვებთან დიდ დროს ვერ ატარებდეთ, თუმცა როცა ეს მოხდება, ეცადეთ ნაყოფიერად გამოიყენოთ იგი. შეგიძლიათ, როლური თამაშებით გაართოთ ან წიგნები წაუკითხოთ. მთავარია, აგრძნობინოთ, რომ მათი გესმით. შემდგომ ჯერზე კი ისინი თქვენი ყურადღების მისაპყრობად უცნაურ რაღაცებს არ გააკეთებენ და ეს სიმშვიდის შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ.
მეექვსე და მეშვიდე კვირა
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ქცევებს წინ მინიშნებები უძღვის. ხოლო იმ მომენტების ამოცნობა, რომლებიც კონფლიქტს იწვევს ან ემოციებს ამძაფრებს, საშუალებას მოგცემთ, ეს მინიშნებები ისე შეცვალოთ, რომ ცუდი ქმედებები თავიდან აირიდოთ.
მაგალითად, თუ ბავშვები დილით ჩაცმისას ძალიან ჭირვეულობენ და იმ ფეხსაცმლის ჩაცმას გთხოვენ, რომელიც აღარც კი რგებთ. გამოსავალი ტანსაცმლის წინა ღამით შერჩევაში შეგიძლიათ, იპოვოთ. ასე დილის მოლაპარაკებებს თავს დააღწევთ.
მერვე კვირა
აქ უკვე შეიძლება ფიქრობდეთ, რომ გამოგივიდათ და თქვენი შვილებისთვის მშვიდი მშობელი იქნებით. ასეც იქნება, თუ არსებული უნარების კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე იზრუნებთ. მაგალითად, თუ ფიქრობთ, რომ როცა გეჩქარებათ ბავშვებისთვის ყურადღების დათმობას ვეღარ ახერხებთ და ეს მათ აღიზიანებთ, შემდეგ ჯერზე ეცადეთ, არ დააიგნოროთ ისინი — ასე აგრძნობინებთ, რომ გაინტერესებთ და მათი რეაქციაც ლმობიერი იქნება.
მეცხრე კვირა
მნიშვნელოვანია, იპოვოთ პასუხი კითხვაზე: „რამ მაიძულა ასე მეპასუხა?“ — საკუთარ რეაქციებზე ფიქრი აუცილებელია ბავშვის ქმედებასთან გასამკლავებლად. ხომ არ ქმნით ციკლს, რომელშიც თქვენი დამოკიდებულება ბავშვებში კონკრეტულ რეაქციებს იწვევს?!
დაბოლოს
შესაძლოა, ამ ცხრა კვირამ ფუნდამენტურად არ შეცვალოს თქვენი მშობლობის პრაქტიკა, მაგრამ ცდად ღირს, რადგან პატარა ცვლილებებიც კი საბოლოოდ დიდ შედეგამდე მიგიყვანთ.