in

მშვიდობით, Skype, ძველო მეგობარო!

თითქმის 22-წლიანი კომუნიკაციის შემდეგ მსოფლიო მასშტაბით, დღეს, 2025 წლის 5 მაისს Skype ოფიციალურად გვემშვიდობება. ეს კი ინტერნეტკომუნიკაციის ერთ-ერთი პიონერის ეპოქის დასასრულს აღნიშნავს.

BOG
BOG

2003 წელს გამოშვებული Skype სწრაფად გადაიქცა რევოლუციურ ინსტრუმენტად მათთვის, ვისაც ინტერნეტით კავშირის დამყარება ესაჭიროებოდა არა მხოლოდ ლოკალურად, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ის გვაძლევდა არა მხოლოდ წერილობითი შეტყობინებების გაგზავნის საშუალებას, არამედ ვიდეოზარების განხორციელებისაც. Skype-მა პიკს მიაღწია 2010-იანი წლების შუა პერიოდში და 300 მილიონზე მეტი მომხმარებელი მოიზიდა. ამ უფასო პლატფორმამ შეცვალა ადამიანების კომუნიკაციის წესი Zoom-ისა და Google Meet-ის გამოგონებამდე დიდი ხნით ადრე.

რატომ იხურება Skype

2011 წელს Microsoft-მა Skype 8.5 მილიარდ დოლარად შეიძინა, რათა ის თავისი საკომუნიკაციო სტრატეგიის ცენტრალურ ნაწილად ექცია. თუმცა, როდესაც კონკურენტებმა, როგორიცაა WhatsApp, Zoom და, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თავად Microsoft-ის Teams-მა პოპულარობა მოიპოვეს, Skype-ის პოპულარობაც შემცირდა.

ამა წლის 28 თებერვალს Microsoft-მა განაცხადა, რომ 5 მაისს Skype-ს გააუქმებდა, რათა გაემარტივებინა თავისი სერვისები და პრიორიტეტი მიენიჭებინა Teams-ისთვის. ითიშება როგორც ფასიანი, ისე უფასო ვერსია, თუმცა ჯერჯერობით რჩება Skype for Business, რამდენი ხნით, არ ვიცით.

რა დაემართება არსებულ მომხმარებელთა მონაცემებს

Microsoft-მა მომხმარებლებს მოუწოდა, Teams-ზე გადასვლისთვის ეწვიონ skype.com-ს და გამოიყენონ “Start using Teams” ფუნქცია. ეს დაეხმარება მათ, არ დაკარგონ Skype-ის ჩატი და კონტაქტები, პაროლად კი იმავე მონაცემს გამოიყენებენ, რაც სკაიპზე ჰქონდათ დაყენებული.

მომხმარებლებს 2026 წლის იანვრამდე აქვთ დრო, რომ ჩამოტვირთონ ან სხვაგან გადაიტანონ თავიანთი მონაცემები, სანამ ისინი სრულად წაიშლება.

აგათა კრისტის AI ვერსია BBC-ის წერის კურსს წარუძღვება

რას აქცევენ რეკრუტერები ყურადღებას, რაც არ უნდა გამოგრჩეთ