Hootsuite-ისა და We Are Social-ის თანამშრომლობით 2021 წლის აპრილის ციფრული სამყაროს გლობალური სტატისტიკური ანგარიში გამოქვეყნდა. მონაცემები ცხადყოფს, რომ დედამიწაზე 10-დან მინიმუმ 6 ადამიანი იყენებს ინტერნეტს.
გასული წლიდან ამ დრომდე ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი 330 მილიონზე მეტით გაიზარდა და ჯამში 4.7 მილიარდს მიაღწია. თუმცა ეს ერთადერთი მთავარი ინფორმაცია არ არის ამ მოხსენებაში, არამედ კიდევ რამდენიმე ტენდენციას მოიცავს:
- სოციალური მედიის ზრდის უზარმაზარი ახალი ეტაპი.
- მომხიბვლელი წარმოდგენები მსოფლიოს “გამორჩეული” სოციალური მედია პლატფორმების შესახებ.
- TikTok-ის მსოფლიო მასშტაბით მოხმარების განახლებული სტატისტიკა.
- სოციალური მედიის მასტიმულირებელი ფაქტორების უკეთ გაცნობა.
- და ბოლოს, განახლებები მსოფლიოს განვითარებადი საძიებო უნარების შესახებ.
1. ციფრული მდგომარეობა 2021 წლის აპრილში
მონაცემების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მსოფლიოს მოსახლეობის ორ მესამედზე მეტი მობილურ ტელეფონს იყენებს. 7.85 მილიარდი ადამიანისგან კი, 4.72 ინტერნეტის მოიხმარს. ამასთან ერთად, ბოლო 12 თვის განმავლობაში სოციალურ ქსელებს 4.33 მილიარდი მომხმარებელი შეუერთდა.
2. ინტერნეტს მსოფლიოს მოსახლეობის 60% იყენებს
უკანასკნელი მონაცემების თანახმად, ბოლო 12 თვის განმავლობაში ინტერნეტის მომხმარებლები 332 მილიონით გაიზარდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 7.6%-ით მეტია. ბუნებრივია, ამას არაერთი მიზეზი მოეძებნება – იქნება ეს ონლაინ მუშაობაზე გადასვლა, თუ სოციალური ქსელების უფრო აქტიურად გამოყენება, ერთმანეთთან კავშირის შესანარჩუნებლად.
3. სოციალური მედიის მომხმარებელთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა
გასულ წელთან შედარებით, სოციალური მედიის მომხმარებელთა რიცხვი დაახლოებით, ნახევარი მილიარდით გაიზარდა. შედეგად კი, მსოფლიოს მასშტაბით ამ ადამიანთა რაოდენობა 55%-ს წარმოადგენს.
4. WhatsApp მსოფლიოს “გამორჩეული” პლატფორმაა
GWI-მ კვლევის ფარგლებში მომხმარებლებისთვის კითხვარი გამოაქვეყნა, სადაც მათ თავიანთი საყვარელი პლატფორმები უნდა დაესახელებინათ. ვიდრე სტატიკას განვიხილავდეთ, ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ამ მონაცემებში ჩინეთი არ განიხილება, რადგან ქვეყანაში ყველა დასახელებულ პლატფორმაზე წვდომა არაა დაშვებული.
შედეგების თანახმად, გამორჩეულად საყვარელი აპლიკაციების რიგითობა ასეთი იქნება – WhatsApp – 24.1%; Facebook – 22%; Instagram – 18.4%, Twitter – 5%-ზე ნაკლები… TikTok კი, ამ უკანასკნელის შემდეგ იკავებს ადგილს (ბუნებრივია, თუ ამას წარბის აწევით წაიკითხავთ!).
უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ამ მონაცემებში YouTube-ის რეიტინგი არ არის განხილული.
5. “სოციალიზაცია” კვლავ სოციალური მოტივაციის სათავეშია
საერთო ჯამში, “მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან კონტაქტი” გლობალურ დონეზე სოციალური მედიის გამოყენების მთავარი მოტივაციაა. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია ახალი ამბებისა და გართობის ტიპის კონტენტი. 26.5% კი ამბობს, რომ სოციალურ მედიას ინსპირაციის მისაღებად ან რაიმეს შესაძენად იყენებს.
ამ მოთხოვნების შესაბამისად, თითოეული მომხმარებელი დღის განმავლობაში საშუალოდ 6-ზე მეტ სოციალურ პლატფორმას მოიხმარს.
6. რომელ სოციალურ პლატფორმებს ანიჭებენ მომხმარებლები უპირატესობას?
ზემოთ ხსენებული GWI-ის კითხვარისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში სტატისტიკური მონაცემები შემდეგნაირად გადანაწილდება: მომხმარებელთა ყველაზე დიდი ნაწილი YouTube-ს ანიჭებს უპირატესობას. WhatsApp კი, მესამე ადგილს იკავებს, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ აპლიკაციის ანგარიშები მობილურის ნომერზეა მიბმული და დიდი შანსია, რომ მონაცემები “მეორად” ანგარიშებსაც მოიცავდეს.
რაც შეეხება TikTok-ს, მისი მომხმარებელთა რიცხვი 732 მილიონამდე გაიზარდა.
7. სოციალური მედიის აუდიტორიები ერთმანეთს ემთხვევა
GWI-ის მონაცემების თანახმად, პლატფორმების უნიკალური აუდიტორია გაცილებით ცოტაა. მაგალითად, YouTube-ის მომხმარებელთა მხოლოდ 1% ამბობს, რომ სხვა მსგავსი ტიპის ქსელებს არ მოიხმარს. ეს მაჩვენებელი Facebook-სთვის 0.7%-მდე და LinkedIn-სთვის 0.2%-მდე ეცემა.
ინსტაგრამისა და TikTok-ის 1000 მომხმარებლიდან კი მხოლოდ 1 ამბობს, რომ სხვა პლატფორმებს არ იყენებს.
8. საძიებო ფუნქციის გამოყენების ცვლილება
GWI-ის მონაცემები ცხადყოფს, რომ 10-დან 7 მომხმარებელი საძიებო სისტემას იყენებს, რათა იმ ნივთის შესახებ მოიძიოს ინფორმაცია, რომლის შეძენაც სურს. მათგან 45%-ის თქმით, ამისათვის უფრო ხშირად სოციალურ ქსელებს იყენებენ, როგორიცაა Facebook.
ამასთან ერთად, საინტერესოა, რომ მომხმარებელთა თითქმის 47% საძიებო სისტემისთვის ხმოვან ინტერფეისს იყენებს.
ასევე საკმაოდ დიდი ნაწილი კი, გამოსახულების ამომცნობ საშუალებას მოიხმარს.
9. ინფლუენსერების როლი
კვლევის ფარგლებში ასევე წარმოდგენილია მონაცემები, რომლებიც იმის ანალიზს ემსახურება, თუ როგორი ტიპის ანგარიშები სარგებლობს უფრო მეტი პოპულარობით. როგორც ჩანს, რიგითობა ასეთია – გასართობი კონტენტი, მსახიობების, სატელევიზიო შოუების, მიმებისა და მუსიკოსების ანგარიშები. ასევე, მომხმარებელთა თითქმის მეხუთედი ამბობს, რომ ისინი მიჰყვებიან იმ კომპანიების ანგარიშებს, რომლებიც რელევანტურია მათი მუშაობისთვის.
და ამ ყველაფერთან ერთად, რა თქმა უნდა, საგულისხმოა ინფლუენსერების როლი, რომელთა კონტენტსაც საკმაოდ დიდი გავლენა აქვს მომხმარებლებზე. თუმცა გავლენის დონე ასაკისა და დემოგრაფიის მიხედვით იცვლება.
10. ნუ გაგიტაცებთ “ახალი მიმზიდველი სათამაშოები”
მარკეტერებს უყვართ უახლესი ციფრული ინოვაციების ექსპერიმენტები, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ უკვე დიდ ხანს არსებული პლატფორმებიც განაგრძობს მძლავრი შესაძლებლობების გამოყენებას. ეს მართლაც ასეა, იმას, რაც ერთი შეხედვით მოძველებული გვეჩვენება, კვლავ აქტიური მომხმარებლები ჰყავს. სწორედ ასეთი ქსელებია Gmail, Yahoo და Hotmail, რომლებიც ტოპ პლატფორმებს შორის მოწინავე ადგილებს იკავებს.