კალიფორნიაში დაფუძნებულმა სტარტაპმა, რომელიც SpaceX-ის ყოფილ ინჟინრებს ეკუთვნის, თავისი პირველი სატელიტი (W-Series 1) ორბიტაზე წარმატებით განათავსა. საუბარია Varda Space Industries-ზე — ის კოსმოსში ისეთი მასალების შექმნაზე იზრუნებს, რომლებიც დედამიწაზე ვერ იწარმოება ან მიკროგრავიტაციის პირობებში უფრო სწრაფად დამზადდება.
„მსოფლიოში პირველი კოსმოსური ქარხნის მზის პანელებმა ვარსკვლავის ენერგია იპოვეს და გაშლა დაიწყეს“, — აღნიშნავენ კომპანიაში.
W-Series 1 თანამგზავრი განთავსებულია Rocket Lab-ის Photon-ის ერთ-ერთ პლატფორმაში. Varda-ს მიერ თანამგზავრის გაშვება სატესტო კამპანიის ნაწილია — მის ფარგლებში იმის დადგენა სურთ, რამდენად შეძლებენ თანამგზავრული ხსნარის გამოყენებას კოსმოსში ფარმაცევტული საშუალებების შესაქმნელად. ცხადია, კომპანიის მისია ბოლო წლებში კოსმოსისადმი გაზრდილ ინტერესსა და ხელმისაწვდომობას შეესაბამება, რაც კერძო კომპანიების მატებამ განაპირობა.
„უფრო მძლავრი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებით დაწყებული, ახალი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფარმაცევტული საშუალებებით დამთავრებული, კოსმოსში მრავალფეროვანი პროდუქტების წარმოება შეგვიძლია. ძირითად აქცენტს კი ისეთ პროდუქციაზე გავაკეთებთ, რომლის დამზადების საშუალებაც დედამიწაზე არ გვაქვს“, — განმარტავენ Varda-ს წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ ინიციატივა სამეცნიერო კვლევას ეფუძნება, რომლის თანახმადაც, კოსმოსში გაზრდილ ცილის კრისტალებს მეტად სრულყოფილი სტრუქტურების შექმნა შეუძლია. დედამიწაზე წარმოქმნილი სტრუქტურების შემთხვევაში კი ფორმირების პროცესზე ნეგატიურად მოქმედებს გრავიტაცია.