სახელს თქვენი გასულელების საშუალება არ უნდა მისცეთ — ვეშაპისებრი ზვიგენი ვეშაპი არ არის, ის ზვიგენია. თანაც, ჩვენს პლანეტაზე ყველაზე დიდი თევზის სახეობის სტატუსსაც ითავსებს. სკოლის ავტობუსის ზომისაც არის ხოლმე… ისიც დაასკვნეს, რომ ვეშაპისებრი ზვიგენი, რომელსაც ზურგზე თითის ანაბეჭდის მსგავსი წერტილები აქვს, ყველაზე დიდი ევრიფაგიაც არის დედამიწაზე, რაც იმას გულისხმობს, რომ მას როგორც ცხოველური, ისე მცენარეული საკვების მიღება შეუძლია.
თუმცა ეს დიდი სახეობა დღეს გადაშენების პირასაა. ის საიდუმლოებებით არის მოცული და ბიოლოგების გაოცებას კვლავ აგრძელებს.
ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი ამ სახეობისთვის არის ის, თუ როგორ იბადებიან ისინი. არსებობს ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც მდედრი კვერცხებს ქმნის, მათშივე ჩეკს და საბოლოოდ პატარა ვეშაპისებრ ზვიგენებს წყალში უშვებს. თუმცა მკვლევრებს ჯერ არ უნახავთ, როგორ წყვილდება ვეშაპისებრი ზვიგენები ან როგორ აჩენენ ისინი შვილებს…
ამ მხრივ კი ძალიან საინტერესოა 1995 წლის შემთხვევა — ტაივანში ფეხმძიმე მდედრი ზვიგენი დაიჭირეს, რომლის შიგნითაც უჩვეულოდ დიდი რაოდენობის 300 მკვდარი ზვიგენი იპოვეს. წლების შემდგომ კი მათ 10%-ზე ანალიზი ჩაატარეს. როგორც დადგინდა ყველა მათგანი ერთი მამრი ვეშაპისებრი ზვიგენისგან იყო წარმოქმნილი. ეს კი იმის ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ ვეშაპისებრი ზვიგენი ერთხელ წყვილდება, სპერმას ინახავს და საკუთარ კვერცხუჯრედსაც ანაყოფიერებს.
ამასთან, კონკრეტულ სახეობაზე დაკვირვება ძალიან რთულია, რადგან ისინი საუკუნეების მანძილზე ცხოვრობენ… თუმცა ფაქტი ის არის, რომ ვეშაპისებრი ზვიგენების რაოდენობა მათზე ნადირობამ, გლობალურმა დათბობამ და პლასტმასას დაბინძურებამ მნიშვნელოვნად შეამცირა.