in

რომელია მსოფლიოში უძველესი ცნობილი არქეოლოგიური ძეგლი?

როგორც ჩანს, ასეთი ორი ადგილი არსებობს – ერთი კენიაში და მეორე ეთიოპიაში

ჩვენი წინაპრები დედამიწაზე 6 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ, მაგრამ რომელია უძველესი ადგილი, რომელიც მათი არსებობის არქეოლოგიურ მტკიცებულებას შეიცავს?

როგორც აღმოჩნდა, ასეთი ორი ადგილი არსებობს – ერთი კენიაში და მეორე ეთიოპიაში. პრეისტორიული არქეოლოგიისა და ანთროპოლოგიის ათეულობით მეცნიერის აზრით, ეს ორი ადგილი მსოფლიოს უძველესი არქეოლოგიური ძეგლის საუკეთესო კანდიდატებად ითვლება.

კენიაში მდებარე ადგილი, სახელწოდებით Lomekwi 3, ჰომინინის ძვლებსა და ქვის ნიმუშებს შეიცავს. ახლა გამოქვეყნებულ კვლევაში მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ დათარიღებული ნალექების საფუძველზე, ეს ადგილი 3.3 მილიონი წლისაა. “ეს არქეოლოგიური აღმოჩენების ახალ დასაწყისზე მიანიშნებს” – წერს გუნდი.

ანთროპოლოგი ჯერემი დე სილვა, რომელიც კვლევაში მონაწილეობას არ იღებდა, ეთანხმება, რომ Lomekwi 3 მართლაც უძველესი ცნობილი არქეოლოგიური ადგილია. თუმცა მისი თქმით, ამ ეტაპზე ყველა მეცნიერი არ ეთანხმება ახლად წამოყენებულ მოსაზრებას, რადგან არტეფაქტების სიძველეში არ არიან დარწმუნებულნი.

მართლაც, ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად, არტეფაქტების ნაწილი იმ კონტექსტში არ არის ნაპოვნი, რომ მათი ასაკის ზუსტი განსაზღვრა იყოს შესაძლებელი. სხვა სიტყვებით, არტეფაქტები არ შეიძლება დანალექი ქანების დროის შესაბამისად დათარიღდეს.

“მრავალი ჩვენგანისთვის, მათ შორის ჩემთვისაც, უძველესი არქეოლოგიური აღმოჩენების უდავო მტკიცებულება 2.6 მილიონი წლის წინანდელია. ეს არის ქვის იარაღი, რომელიც მდინარე კადა გონას ნაპირზე, ეთიოპიაში მდებარეობს. Lomekwi 3-ის დათარიღების შედეგები კი სადავოა და ეჭვი მეპარება, აქ აღმოჩენილი ნაშთები 3.3 მილიონი წლით თარიღდებოდეს” – აღნიშნავს ერთ-ერთი არქეოლოგი საჰლე.

ამასთან, ახალ ლოკაციაზე ჩატარებული კვლევა შედარებით ახალია, ხოლო გონას ნაპირზე წარმოებული კვლევა რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და არაერთ მეცნიერულ მტკიცებულებას შეიცავს. ამ უკანასკნელში აღმოჩენილი ქვის იარაღები, შესაძლოა, ავსტრალოპითეკ გარის ეკუთვნოდეს – ანუ, ადამიანის წინაპარს, რომელიც აღმოსავლეთ აფრიკაში დაახლოებით 2.5 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. ამ სახეობის ნამარხი ქვის იარაღებთან ახლოსაა ნაპოვნი და დიდი ალბათობით, სწორედ ისინი იყვნენ ადამიანთა პირველი წინაპრები, რომლებმაც ქვის დახვეწილი იარაღები შექმნეს.

მეორეს მხრივ, ზოგიერთი მეცნიერი მხარს უჭერს იმ მოსაზრებას, რომ Lomekwi 3 გონაზე ადრეული არქეოლოგიური ძეგლია. სმითსონიანის ადამიანის წარმოშობის პროგრამის დირექტორის რიკ პოტსის თქმით, Lomekwi 3 უძველესი ადგილია, სადაც ქვის იარაღების საკმაოდ მყარი მტკიცებულებები არსებობს. ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ ამ ორ ტერიტორიაზე ნაპოვნი არტეფაქტები ერთმანეთისგან განსხვავდება – Lomekwi 3-ში აღმოჩენილი ნიმუშები უფრო უხეშია და შეიძლება, საერთოდაც არ ითავსებდა იარაღის ფუნქციას, მაგრამ მაინც ადამიანის ხელს ეკუთვნის.

მესამე კანდიდატი?

მკვლევართა თქმით, კიდევ ერთ სავარაუდო კანდიდატს, როგორც უძველეს არქეოლოგიურ ადგილს, ეთიოპიაში მდებარე Ledi-Geraru წარმოადგენს. იგი დაახლოებით 2.8 მილიონი წლისაა. აღნიშნულ ტერიტორიაზე არქეოლოგებმა ჰომინინის ქვედა ყბა აღმოაჩინეს და ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით, ის ბევრად უფრო ადრეულია, ვიდრე 2.8 მილიონი წელია.

VTB Bank-ის თანამშრომელთა 75% სრულად ვაქცინირებულია!

„შემართება გემართება“ – „ლიკანი“ ახალ სარეკლამო კამპანიას იწყებს