დღეს, როდესაც დრო, თითქოს, აჩქარებულია და უფრო სწრაფად გადის, ჩვენ კი ვცდილობთ, მაქსიმალურად ბევრი რამ მოვასწროთ, ყველაზე მეტად, ალბათ, ოჯახის წევრებისთვის, ბავშვებისთვის მოკლებული საათები გვაწუხებს. თუმცა, ბოლო დროს, ფსიქოლოგები სულ უფრო ხშირად გვეუბნებიან, რომ ამ ურთიერთობაში მთავარია ხარისხი და არა – რაოდენობა. ასევე უმნიშვნელოვანესია, ვუსმენდეთ შვილებს და პირიქით, მათაც შეეძლოთ ჩვენი მოსმენა. მთავარი კითხვა სწორედ აქ ჩნდება – „როგორ“? პასუხის ძებნა დიდხანს აღარ დაგჭირდებათ, რადგან სულ ცოტა ხნის, წინ ქართულ ენაზე გამოვიდა მშობლების გზამკვლევად აღიარებული „როგორ ველაპარაკოთ ბავშვებს ისე, რომ მოგვისმინონ და როგორ მოვუსმინოთ ბავშვებს ისე, რომ გველაპარაკონ?”.
„წიგნი პრაქტიკული, მარტივად საკითხავი, კარგად დაყოფილია, რომ კარგად გავიაზროთ და პრაქტიკაში დავნერგოთ მიღებული ცოდნა. თეორიულ ნაწილთან ერთად, აქ არის პრაქტიკული მაგალითებიც, რასაც მოჰყვება პატარა სავარჯიშოები.
ეს არის წიგნი, რომელსაც ბევრჯერ დაუბრუნდებით, ბევრჯერ გადაიკითხავთ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი სამაგიდო წიგნია“ , – ამბობს სოფო მუსერიძე.
მან, წიგნი ნუცა ალადაშვილ – ჩიკვაიძესთან და ნინი ჩიქოვანთან ერთად გამოსცა. ამბავი კი ასე დაიწყო:
„სამი ენთუზიასტი დედა გაგვაერთიანა ამ წიგნის სიყვარულმა. როგორც კი წავიკითხეთ, ჩვენთვის, მაშინვე ძალიან ახლობელი და სერიოზული დამხმარე გახდა. ამიტომ, ძალიან მოგვინდა, გამოსულიყო მისი თარგმანი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნებოდა ქართველი მშობლებისთვის“, – ამბობს ნუცა ალადაშვილი-ჩიკვაიძე.

„თარგმნის პროცესი ძალიან საინტერესო გამოცდილებაა, განსაკუთრებით, როდესაც საყვარელ წიგნს თარგმნი. გვინდა, რომ ეს ტექსტი მკითხველისთვისაც სასიამოვნო საკითხავი იყოს ქართულად“.

„იმედი გვაქვს, ეს წიგნი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება პოზიტიური აღზრდის წასახალისებლად“.
„პირველად ქართულ ენაზე, ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანის“ მხარდაჭერით გამოიცა მსოფლიო „ბესტსელერი“. დარწმუნებულები ვართ, ეს წიგნი ბევრი დედისთვის მთავარი მრჩეველი გახდება და ყველას დაგვეხმარება, ჩვენს შვილებთან გატარებული თითოეული წუთი კიდევ უფრო საინტერესო იყოს. ვფიქრობთ, ეს იქნება გზამკვლევი, მათთან სწორი ურთიერთების დავამყაროთ. გვიხარია, რომ ამ მნიშვნელოვან საქმეში, მცირედი წვლილი ჩვენც შევიტანეთ. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ პროექტის ავტორებს, ამ შესაძლებლობისთვის“, – ამბობენ კომპანიაში.













