ბევრი კერძი, რომლითაც დღეს ვტკბებით, უძველესი რეცეპტების შედეგია — თაობიდან თაობას რომ გადაეცემოდა და დღევანდელ რეალობამდე რაღაც კონკრეტული სახით მოვიდა. თუმცა ესპანეთში ჯერ კიდევ შემორჩა ერთი ადგილი, სადაც 300-წლიანი კულინარიული ისტორია ხელუხლებლადაა შემორჩენილი. კერძოდ, მადრიდში მდებარე Sobrino de Botín გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნშია შესული, როგორც მსოფლიოს უძველესი რესტორანი.
უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ, ობიექტი მე-18 საუკუნიდან ფუნქციონირებს და არასდროს შეუწყვიტავს მუშაობა — არც ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს და არც კორონავირუსის პანდემიისას. თავად შენობა კი გაცილებით ძველია, ოთხსართულიანი ნაგებობა 1590 წლით თარიღდება.მასში 70 ადამიანია დასაქმებული და 200-მდე სტუმარს იტევს.
როგორც ცნობებით ირკვევა, ეს ცნობილი რესტორანი ფრანგმა შეფმა, ჟან ბოტინმა 1725 წელს დააარსა. ვინაიდან მას და მის მეუღლეს შვილები არ ჰყავდათ, 1753-ში ობიექტი მემკვიდრეობით გადაეცა შეფის ძმისშვილს. სწორედ მაშინ დაარქვეს მას Sobrino de Botín. მოგვიანებით, მე-20 საუკუნეში, რესტორანს კიდევ ერთხელ შეეცვალა მფლობელი — ის გონსალესების ოჯახმა შეისყიდა და დღემდე მათ ეკუთვნით.
ბუნებრივია, ამდენწლიანი არსებობის მანძილზე Sobrino de Botín არაერთი ისტორიული მოვლენის მოწმე გამხდარა. ბევრი ცნობილი ადამიანი მოხვედრილა მის კედლებს შორის — მაგალითად, ფრანსისკო გოია სწორედ აქაურ სამზარეულოში მუშაობდა, ვიდრე ცნობილი მხატვარი გახდებოდა. ასევე, ერნესტ ჰემინგუეი ხშირად სტუმრობდა აღნიშნულ რესტორანს და თავის წიგნში „აღმოხდების მზე“ (1926) არაერთხელ უხსენებია.
მთლიანობაში, ეს არის ადგილი, რომელიც სრულად ინარჩუნებს წარსულის გემოებს და ამასთანავე, თანამედროვეობასაც ეხება.