in

მეცნიერებმა მსოფლიოში ყველაზე პატარა ანტენა დნმ-ისგან შექმნეს

მისი ძირითადი ამოცანა ცილების სტრუქტურულ ცვალებადობაზე დაკვირვებაა

მეცნიერებმა  ისტორიაში ყველაზე პატარა ანტენა დაამზადეს. ხუთი ნანომეტრის სიგრძის მოწყობილობა მუდმივად ცვალებადი ცილების შესასწავლად გამოიყენება. ნანო-ანტენა დნმ-ისგანაა დამზადებული. როგორც იცით, დნმ-ის მოლეკულების ფუნქცია გენეტიკური ინფორმაციის გადატანაა და მას ადამიანის თმის ღერზე 20 000-ჯერ მცირე ზომა აქვს. 

ანტენა ფლუორესცენტულია — ინფორმაციის მიღება-გადაცემა სინათლის სიგნალების გამოყენებით შეუძლია. ეს  მოწყობილობას საშუალებას აძლევს ცილების მოძრაობა და სტრუქტურული ცვლილებები რეალურ დროში აღიქვას.  ინოვაციური ნანო-ანტენის გამოყენებით, ასევე, შესაძლებელია ცილის მოლეკულური ზედაპირის შესწავლაც.

კანადის მონრეალის უნივერსიტეტის ქიმიკოსი, ალექსის ვოლ-ბელისლი ფლუორესცენტური ნანო-ანტენის მუშაობას ორმხრივ რადიოს ადარებს, რომელსაც არა მხოლოდ რადიო-ტალღების მიღება, არამედ მათი გავრცელებაც შეუძლია. ნანო-ანტენა შუქ-სიგნალს იღებს ერთ ფერში და შემდეგ ცილის მოძრაობის შესაბამისად ცვლის ფერებს, რითაც მიღებულ ინფორმაციას ჩვენ გადმოგვცემს. 

ნანო-ანტენების ძირითადი ამოცანა ცილების სტრუქტურულ ცვალებადობაზე დაკვირვებაა. ცილა  ორგანიზმის ფუნქციონირებაში უდიდეს როლს თამაშობს. მისი დიდი და რთული შედგენილობის მოლეკულები ასრულებენ ყველა სახის აუცილებელ ამოცანას, რაც ჩვენი ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – დაწყებული იმუნური სისტემიდან და დამთავრებული ორგანოების ფუნქციონირებით. 

ცილების მუშაობა ძალიან დინამიკურია, რადგან დაკისრებული ამოცანის შესაბამისად მოლეკულები ხშირად და დაუსრულებლად იცვლიან სტრუქტურას. აქამდე  მეცნიერებას არასდროს ჰქონია შესაძლებლობა, რეალურ დროში დაჰკვირვებოდა და შეესწავლა მოლეკულურ დონეზე მიმდინარე ასეთი დინამიკური პროცესი.

ნიშანდობლივია, რომ ცილის გარდამავალი მდგომარეობების ექსპერიმენტული შესწავლა სფეროს ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა. ამასთან, ინოვაციურ ნანოანტენას ცილების მეტად ხანმოკლე სტრუქტურული მდგომარეობის აღქმაც შეუძლია. ეს კი პოტენციურად დიდ და პოზიტიურ ცვლილებებს გამოიწვევს, როგორც ბიოქიმიის, ისე ნანოტექნოლოგიის განვითარებაში. 

მაგალითისთვის,  ქიმიკოსი სკოტ ჰაროუნის თქმით, ახალი ნანო-ანტენა  შესაძლებელს ხდის, რეალურ დროში დავაკვირდეთ ტუტე ფოსფატაზას ფუნქციონირებას, სხვადასხვა მრავალფეროვან მოლეკულურ პროცესებსა თუ მედიკამენტებში. ნიშანდობლივია,  რომ ტუტე  ფოსფატაზას ფერმენტი დაკავშირებულია უამრავ დაავადებასთან, მათ შორისაა კიბო და ნაწლავის ანთება.

ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა სტარტაპზე, რომელიც ნანო-ანტენის კომერციალიზაციას მოახდენს. ეს კი ფარმაცევტულ ორგანიზაციებსა და კვლევით ჯგუფებს ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენების საშუალებას მისცემს. 

სამი რეჟისორის მიერ შექმნილი კამპანია – საიუველირო ბრენდ Tous-ისთვის

UFC – ში 2022 წელს “აჭარაბეთის‘’ საპატიო ელჩი გიგა ჭიკაძე გახსნის!