in

მთავარი ქომაგი – ანუ, რას ცვლის ადამიანის ცხოვრებაში ერთი გულშემატკივარი?

როგორ შეიქმნა საქართველოს ბანკისა და UNFPA-ს კამპანია მამების ჩართულობის მნიშვნელობაზე

ადამიანის ცხოვრებაში ერთი გულშემატკივარი ბევრ რამეს ცვლის.

ის, ვინც პირველმა გითხრა, რომ გამოგივა. ვინც წარუმატებლობის შემდეგაც შენს მხარეს დარჩა. ვინც შენს პატარა გამარჯვებებსაც ისე შეხვდა, თითქოს ყველაზე დიდი რამ მოხდა. ზოგჯერ ასეთი მხარდაჭერა იმდენად ბუნებრივია, რომ მის მნიშვნელობას მხოლოდ მოგვიანებით ვაცნობიერებთ. 

ხშირად, ამ ისტორიების მიღმა მამები დგანან.

ისინი შეიძლება არ იყვნენ ყველაზე ხმამაღალი ადამიანები ტრიბუნაზე, მაგრამ იყვნენ იქ – პირველ ვარჯიშზე, პირველ შეჯიბრებაზე, სკოლის გამოსაშვებ საღამოზე, უნივერსიტეტში ჩაბარების დღეს, პირველ სამსახურში. იმ მომენტებში, როცა ბავშვს ყველაზე მეტად სჭირდება ადამიანი, რომელსაც მისი სჯერა.

სწორედ ამ იდეაზე დაყრდნობით შეიქმნა საქართველოს ბანკისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) კამპანია „მთავარი ქომაგი“

კამპანიის საწყის წერტილად ერთი კითხვა იქცა: „რას ცვლის ადამიანის ცხოვრებაში ერთი გულშემატკივარი?“ 

ამ კითხვას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა მოჰყვა – ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ხშირად კადრს მიღმა რჩებიან, მაგრამ ჩვენი წარმატების ისტორიებში საკუთარი წვლილი შეაქვთ? მამები ხშირად სწორედ ასეთ როლში არიან.

მათ შესახებ შეიძლება არ დაიწეროს ისტორია, თუმცა ისინი შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებიც დილით ადრე გაღვიძებენ ვარჯიშისთვის, გამოცდის წინ გეუბნებიან „შენ შეძლებ“, მარცხის შემდეგ გელოდებიან სახლში ან უბრალოდ გეკითხებიან – „როგორ ჩაიარა დღემ?“

ეს ყველაფერი ერთი შეხედვით პატარა ჟესტებია. მაგრამ ბავშვისთვის ისინი შეიძლება ნიშნავდეს ძალიან დიდ რამეს: „მე შენს გვერდით ვარ. მე შენი მჯერა.“

და სწორედ აქ ჩნდება ერთი საინტერესო პარალელი:

ერთი ადგილი, სადაც მამები ყოველთვის ქომაგები არიან. 

საქართველოში ფეხბურთი მხოლოდ სპორტი არ არის. ეს არის ემოცია, რომელსაც ოჯახები ერთად განიცდიან. არის მაისურები, დროშები, შეძახილები, თამაშის წინ მოლოდინი და გამარჯვების შემდეგ მთელი ხმით აღნიშვნა. როცა საქმე ფეხბურთს ეხება, მამებმა ზუსტად იციან, რას ნიშნავს იყო ქომაგი.

ისინი იცვამენ საყვარელი გუნდის მაისურს. იმეორებენ მოთამაშეების სახელებს. მთელი გულით გულშემატკივრობენ მათ. გამარჯვებისას ზეიმობენ, მარცხისას კი მაინც გუნდის გვერდით რჩებიან. ასე გაჩნდა მარტივი კითხვა:

თუ მამებს შეუძლიათ ასე ხმამაღლა უგულშემატკივრონ ფეხბურთელებს, რატომ არ უნდა გახდეს შვილების მიმართ მხარდაჭერაც ისეთივე ხილული?

„გვინდოდა, მამების ჩართულობაზე საუბარი არა მხოლოდ პრობლემის ჩვენებით, არამედ იმ ქცევით დაგვეწყო, რომელიც მათში უკვე ბუნებრივად არსებობს. მამებმა ქომაგობა ყველაზე უკეთ იციან და ფეხბურთი ამის ნათელი მაგალითია. აქედან გაჩნდა იდეაც, რომ მხარდაჭერის ეს ნაცნობი ფორმა შვილის გულშემატკივრობის სიმბოლოდ გვექცია და მამებს საკუთარი შვილის სახელი ისეთივე სიამაყით ეტარებინათ, როგორც საყვარელი ფეხბურთელის“, – აღნიშნავენ კრეატიული კონცეფციის ავტორები, ანა თედიაშვილი და საბა ლეკიაშვილი.

ასე შეიქმნა საქართველოს ბანკის კამპანიის ფარგლებში სპეციალური საფეხბურთო მაისური, რომელსაც ყველაზე მნიშვნელოვანი სახელი აქვს – „ყველაზე დიდი ქომაგი“.

მაგრამ ამ მაისურზე მთავარი სწორედ ის იყო, რაც მასზე არ ეწერა. ფეხბურთელის ნაცვლად, მაისურზე შეიძლებოდა საკუთარი შვილის სახელი ყოფილიყო. იმ ადამიანის სახელი, რომელსაც მამა მთელი ცხოვრება გულშემატკივრობს.

მაისური მამებისთვის სიმბოლური ჟესტი იყო, მაგრამ ამავდროულად გახდა მოწოდებაც. ეჩვენებინათ ის მხარდაჭერა, რომელიც ყოველდღიურად არსებობს, თუმცა ხშირად შეუმჩნეველი რჩება.

თუ შენი შვილის მთავარი ქომაგი ხარ, რატომ არ უნდა ატარო მისი სახელი ისე ამაყად, როგორც შენი საყვარელი ფეხბურთელისას?

მაისურების წარდგენა მამების კლუბის შეხვედრაზე მოხდა, რომლის ფარგლებშიც მოწვეული ექსპერტები და სპიკერები აზიარებდნენ პროფესიულ ხედვასა და პირად გამოცდილებას იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ყოველდღიურ მხარდაჭერას, ნდობასა და თანადგომას მოახდინოს ზეგავლენა ბავშვის განვითარებაზე. შესაბამისად, შეხვედრის მთავარი მიზანი იყო პასუხის ძიება კითხვაზე, თუ „რას ცვლის ადამიანის ცხოვრებაში ერთი გულშემატკივარი, რომელსაც მისი ნამდვილად სჯერა?“ 

შეხვედრის ფარგლებში საკუთარი გამოცდილება გააზიარეს მასწავლებელმა და UNFPA-ს ინიციატივით შექმნილი მამების სკოლის ფასილიტატორმა, გიორგი ლიპარიშვილმა და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის მამამ, კახა ზივზივაძემ. მათ ისაუბრეს, თუ რას ნიშნავს შვილის მხარდაჭერა მისი პირველი ნაბიჯებიდან მნიშვნელოვან წარმატებამდე და როგორ იქცევა მშობლის თანადგომა ბავშვის განვითარების მნიშვნელოვან საყრდენად. 

„მამების ჩართულობა ბავშვის განვითარებისა და კეთილდღეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა ამ როლზე საუბარი ხშირად მხოლოდ პრობლემების კონტექსტში გვიწევს. საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი იყო, UNFPA-სთან პარტნიორობით, ამ თემისთვის სხვა პერსპექტივიდან შეგვეხედა – დაგვენახა ის მამები, რომლებიც უკვე აქტიურად არიან შვილების ცხოვრებაში და ამ ჩართულობის მნიშვნელობა კიდევ უფრო ხილული გაგვეხადა.

„მთავარი ქომაგი“ სწორედ ამ მიზანს ემსახურება – კამპანიით გვინდოდა, ერთი მხრივ, მადლობა გვეთქვა იმ მამებისთვის, რომლებიც შვილების გვერდით ყოველდღიურად დგანან, მეორე მხრივ კი, კიდევ უფრო მეტი მამა წაგვეხალისებინა, რომ ეს როლი კიდევ უფრო მეტად ეგრძნოთ და გამოეხატათ ის ემოციები, რომლებიც ამ როლს სდევს თან. გვჯერა, რომ როდესაც საზოგადოებაში მამების ჩართულობის შესახებ საუბარი უფრო ხილული და ბუნებრივი ხდება, ეს ქმნის ცვლილებას არა მხოლოდ ოჯახებში, არამედ მთლიანად საზოგადოებაში“, – აღნიშნავენ საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების გუნდში. 

მამების გულშემატკივრობა სხვადასხვანაირად გამოიყურება.

ზოგჯერ ის ხმამაღალია.
ზოგჯერ – ძალიან ჩუმი.
ზოგჯერ კი მხოლოდ ერთი ფრაზაა: „მე შენს გვერდით ვარ.“
ასე იქცა კამპანიის ფარგლებში „მთავარი ქომაგი“ უხილავი მხარდაჭერის ხილულ ნიშნად.  

[პარტნიორის კონტენტი]

ChatGPT მოზარდებისთვის – OpenAI-მ უსაფრთხოების ახალი ფუნქციები წარადგინა

58-კილომეტრიანი კოსმოსური ხომალდი Chrysalis და მისი 400-წლიანი მოგზაურობის ანატომია