ზოგჯერ, ერთმა მომენტმა შეიძლება მთელი ცხოვრების გეზი განსაზღვროს. აჩიკო გულედანისთვის ასეთი მომენტი 13 წლის ასაკში დადგა, როცა ნაჩუქარმა ვინილმა მისი შინაგანი სამყარო სრულიად ამოატრიალა. ყველაფერი დაიწყო იმ დღეს, როცა სახლში მისულს მშობლებმა სურპრიზად ფირსაკრავი დაახვედრეს. მალევე აჩუქეს ვინილი – The Beatles-ის “Sergeant Pepper’s Lonely Hearts Club Band”. მიუხედავად იმისა, რომ სახლში ვინილები გვქონდა და ხშირად უსმენდნენ, ეს სრულიად განსხვავებული აღმოჩენა იყო. იმდენად მძაფრი ემოციები დაეუფლა, იდგა და წარმოედგინა, თითქოს თავად უკრავდა კონცერტზე. როგორც თავად ამბობს, „თითქოს, ამ ფირფიტის სახით, ღმერთმა მითხრა: „აი, ამას მოუსმინე, პატარა ბიჭო, ეს არის შენი შანსი“.
უფრო ადრე…
მუსიკასთან შეხება მანამდეც მქონდა, მუსიკალურ სკოლაში, მაგრამ ის გამოცდილება ნამდვილი მუსიკისგან ძალიან შორს იყო. იქ, როგორც სხვა უამრავი ბავშვი, მეც დამტანჯეს ერთი-ორი წელი. ეს იყო არასწორი მეთოდი ბავშვის მუსიკასთან ურთიერთობისთვის.
ნებისმიერი ისეთი მძლავრი შთაბეჭდილება ბავშვობაში გავლენას ახდენს მთელ ცხოვრებაზე. მაგალითად, გარემო, სადაც ვიზრდებოდი – ბავშვობის ეზო განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ჩემს მოგონებებში – უცნაურია, რომ ახლა, ამ საუბრისას სწორედ ამ ადგილას აღმოვჩნდი. მუსიკის გარდა, დღემდე ძალიან მიყვარს ფეხბურთი და სხვათა შორის, ფენოვანი ხაჭაპური, თანაც, ნებისმიერი ხარისხის. ბავშვობაში ორი რამის მიმართ მქონდა განსაკუთრებული სიყვარული – ქუთაისში ბებიასთან წასვლა და სტადიონზე – ფეხბურთის საყურებლად. როცა ვიგებდი, რომ ქუთაისში მივდიოდით მატარებლით ან მანქანით, ან სტადიონზე მივდიოდით, ისეთი ემოციური რეაქცია მქონდა, რომ შეუძლოდ ვხდებოდი. ეგონათ, რაღაც მჭირდა, მაგრამ მერე მიხვდნენ, რომ მიზეზი მღელვარება იყო და აღარ მეუბნებოდნენ წინასწარ.
ცხოვრება ყოველთვის არ მიდის ისე, როგორც დაგეგმავ…
მართალია, სიყვარული მუსიკისადმი ადრე გამიჩნდა, მაგრამ განათლებით ჟურნალისტი ვარ. უნივერსიტეტიდან ორჯერ გამრიცხეს და ორჯერ ჩამტოვეს კურსზე. არა იმიტომ, რომ სწავლა არ შემეძლო, უბრალოდ ისეთი პერიოდი მქონდა. პირველი სამსახური იყო სტაჟირება გაზეთში „თავისუფალი საქართველო“ – ის პერიოდია, როდესაც ეროვნული ხელისუფლება მართავდა ქვეყანას. მახსოვს, ტალინში ვიყავით და ინტერვიუ გავაკეთეთ პარლამენტში. შემდეგ გაზეთში „ფაქტი, აზრი, კომენტარი“ პასუხისმგებელი მდივანი ვიყავი. ერთი პერიოდი „მწვანე ტალღაში“ ვმუშაობდი, რომელიც გვიანი 90-იანების ძალიან მაგარი რადიო იყო, FM 106.4-ზე. შემდეგ, რომ მუსიკისკენ სწრაფვის გამო, სრულიად შევწყვიტე მუშაობა და ჯაზის აკადემიაში დავიწყე სწავლა. ეს იყო იდეალური გარემო იმისთვის, რომ მუსიკოსი ყოფილიყავი. სწორედ აქ დაიბადა „მწვანე ოთახი“.
მუსიკალური მოგზაურობის ნამდვილი დასაწყისი
დაახლოებით 17 წლის ვიქნებოდი, ბენდ „Generals“-ში რომ მიმიწვიეს. ეს ჩემთვის ისეთი სიხარული იყო, თითქოს ეთქვათ, Pink Floyd-ში ან McCartney-სთან ერთად იმუშავებო. ვირწმუნე, რომ მუსიკა მართლა შეიძლება გამხდარიყო ჩემი ცხოვრების ნაწილი. მუსიკამ გადაგვარჩინა, გვაერთიანებდა მეგობრებსაც. ხშირად ვიკრიბებოდით ერთმანეთთან და მშობლებიც გვიწყობდნენ ხელს, რომ 90-იანების რთულ დროში ქუჩაში არ გვეხეტიალა. რთულ პერიოდებში გზის გაგრძელებაში მეხმარებოდა ოჯახი, რომელიც არ მზღუდავდა. მიუხედავად იმისა, რომ არც განსაკუთრებულად დიდი შესაძლებლობები გვქონდა, არც დიდი ფინანსური რესურსები, მთავარი იყო ის, რომ საკუთარ თავს და ჩემს რწმენას მივყვებოდი.
ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია, გჯეროდეს იმის, რასაც აკეთებ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყვნენ ადამიანები, რომლებიც მუსიკალურ ბენდებში იყვნენ, მნიშვნელოვანია, სწორ დროს, სწორ მომენტში სწორ ადამიანებს შეხვდე. ის, რომ „მწვანე ოთახი“ დღემდე ამ ფორმით არსებობს, ეს ჩემი მეუღლის, გვანცას დამსახურებაცაა, რომელიც ძალიან შემიყვარდა და უცებ გადავწყვიტე „მწვანე ოთახის“ ხელახლა ამუშავება. მან ახალ პროექტებს, ახალ იდეებს მისცა სტიმული. ხედავთ, როგორ ბრუნდება რწმენა და მისი ძალა? გჯეროდეს და სწორი ადამიანები გამოჩნდებიან.
მუსიკა და თავისუფლება
ბავშვობის ოცნებებს მივყვები მთელი ცხოვრება და ეს იდეა დღემდე ჩვენი ფესტივალის მამოძრავებელი ძალაა. მუსიკას შეუძლია ადამიანების გაერთიანება, მათი შეხედულებების, გემოვნების მიუხედავად. ეს აისახა იმ სიმღერებშიც, რომლებიც ჯერ კიდევ Generals-ის დროს შევქმენით. არ გვყავდა პროდიუსერები, მაგრამ მწამდა, რომ რაღაც სწორად მოხდებოდა. მახსოვს, როგორ მივიღეთ შემოთავაზება სტუდიისგან, ალბომის შესაქმნელად. ცხრა თვე ვმუშაობდით სტუდიაში, ფაქტობრივად არ გამოვდიოდით იქიდან, რომ პირველი ალბომი გაგვეკეთებინა. მაშინ „ქართულ ჩანაწერებში“ ნიაზს ჰქონდა გამოშვებული ალბომი, „33ა“-ს, ირაკლი ჩარკვიანს და ჩვენ… ამაზე უკეთესი რა შეიძლებოდა ყოფილიყო? საოცარია – მთავარია, გჯეროდეს, რომ სწორ ადგილას ხარ, სწორ დროს.
ფესტივალის დაბადება: ოცნების გაცოცხლება
ვუდსტოკის ფესტივალი ერთ-ერთი დიდი შთაგონება იყო. პირველად ვიდეოკასეტაზე ვნახე და უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მართალია, ის ჰიპური მოძრაობის პერიოდი და კონტექსტი სხვა იყო, მაგრამ მიზიდავდა მთავარი იდეა – თავისუფლება და სიყვარული ადამიანებს შორის.
რწმენამ და თავდაუზოგავმა შრომამ თავისი ნაყოფი გამოიღო. შემდეგ ჩვენ, სამმა მუსიკოსმა – მე, ბექამ და ვახო ბაბუნაშვილმა – გავაკეთეთ მუსიკალური ლეიბლი, რომელიც შემდეგ, გადაიზარდა ფესტივალში და აგერ, უკვე 15 წელია არსებობს და რეგიონში ყველაზე დიდი ფესტივალს წარმოადგენს. მიხარია, რომ ფასეულობებს არ კარგავს არასდროს და თუ დაკარგავს, მაშინ აღარ იარსებებს.
ეს ყველაფერი მოხდა იმიტომ, რომ სწორმა ადამიანებმა ჩაგვინერგეს ოცნებები და სწორმა ადამიანებმა გვაჩვენეს ეს გზა. ბავშვობაში ჩანერგილი ოცნებები და რწმენა გაღივდა. წარმოიდგინეთ, რა გამოვიდოდა, საბჭოთა ან ნაციონალისტური იდეოლოგიისთვის რომ მიმეყოლებინა? მაგრამ მე მჯეროდა თავისუფლების.
ბედნიერი ვარ, რომ ჩვენმა ფესტივალმა გავლენა მოახდინა ადამიანებზე. ის აჩვენებს, რომ შეგიძლია მოხვდე ისეთ ადგილას, სადაც შენგან განსხვავებული ადამიანები გხვდებიან – სხვა მუსიკას უსმენენ, სხვანაირად აცვიათ, სხვანაირები არიან, მაგრამ მათთან ერთად შეგიძლია იყო ძალიან კარგად. მიუხედავად განსხვავებისა, იყოთ თანასწორები, ბედნიერები და იცხოვროთ იმ გარემოში, სადაც თქვენი საქმე გაქვთ.
ჩვენი ფესტივალის სლოგანი სწორედ ისაა, რაც ცხოვრებაში მჯერა – “მუსიკა ათავისუფლებს”. ამ სლოგანით გამოვხატავთ, თუ რას ნიშნავს ჩვენთვის მუსიკა და რა როლს თამაშობს ის საზოგადოებაში.
ოცნებების განხორციელებას და თავისუფლებას ერთი მთავარი საფრთხე ემუქრება – კრიტიკული აზროვნების ნაკლებობა
პირველი, რაც უნდა განუვითარო ბავშვს, არის კრიტიკული აზროვნების უნარი. ამით მოდის პროგრესი, ამით გამოდიან მეცნიერები, მწერლები, ნებისმიერი პროფესიის ადამიანები. ამის გარეშე არაფერი არსებობს. ასეთ დროს, მთავარი სინათლეა მუსიკა. მუსიკის დროს ვერ აიძულებ ადამიანს, ერთნაირად იფიქროს. მუსიკა ათავისუფლებს – სწორედ ამიტომაა ეს ჩვენი ფესტივალის სლოგანი.
ამიტომ ჩემი მოწოდებაა, მთავარია, გჯეროდეს, რომ შენზეა ბევრი რამ დამოკიდებული. ბევრი რამის შეცვლა შეგიძლია საკუთარ თავში და იმ გარემოში, სადაც ცხოვრობ. ყველაზე მეტად მინდა, რომ ეს გზავნილი ახალგაზრდობამ გაიგონოს. მთავარია, ვერავინ შეძლოს მათი „მოწამვლა“ – იმ ადამიანების, რომლებიც ქმედითები არიან, რომლებიც აშენებენ და პროგრესს უწყობენ ხელს. მთავარია, გჯეროდეს, რომ შენ ხარ თავისუფალი პიროვნება და შეგიძლია ბევრი რამ შეცვალო. თუ ამას მოინდომებ, სამყარო „ბილეთებს“ გამოგიგზავნის, საიდანაც საჭიროა, იქიდან მოვა დახმარება. ჩემ შემთხვევაში ეს „ბილეთი“ Sergeant Pepper-ის ვინილი იყო, რომელმაც სამყარო გადამიტრიალა და ცხოვრების გზა გამინათა.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი












