in

„მთავარია, გჯეროდეს, რომ თვითსწავლით, თვითდაჯერებით და საკუთარი შრომით აუცილებლად იქნებით იქ, სადაც ვერც კი წარმოგედგინათ“ – ანანო დოდელია

ნაქირავები პატარა სივრცე და შვიდი მეგობარი, რომელმაც სარეკლამო ინდუსტრიაში გადაწყვიტა შეაბიჯოს. არცერთმა არ იცის, როგორ იქმნება რეკლამა. ეს ამბავია თვითგანვითარებასა და ურყევ რწმენაზე, რამაც გზა გაუკვალა კრეატიულ ინდუსტრიაში. მეგობრებთან ერთად ნათქვამი „მოდი, ვცადოთ“ აღმოჩნდა იმ თავგადასავლის დასაწყისი, რომელმაც ჯერ გაუკვალავ გზაზე დააყენა, შემდეგ კი სამყაროსადმი ნდობა ასწავლა. ამჯერად, Advan Production-ის თანადამფუძნებელი ანანო დოდელია გვიყვება, თუ როგორ შეიძლება ნულიდან დაიწყო და მიხვიდე იქ, სადაც წარმოდგენაც არ გქონდა, რომ აღმოჩნდებოდი.

ფარეხში ვზივარ, ჟალუზები ახლახან დავკიდეთ, გამათბობელი და სავარძელი ვიყიდე. სარეკლამო კომპანიას ვხსნით, თუმცა არც ერთმა არ ვიცით, რეკლამა როგორ კეთდება. შვიდი მეგობარი ვართ, თავხედურად შევუდექით საქმეს. ჯერჯერობით, ყველაფერი ბუნდოვანია. არადა, რამდენიმე თვის წინ ტელევიზიაში სრულიად სხვა ცხოვრება გვქონდა – კომფორტი, რესურსები, თავისუფლება. ახლა კი ვიღებთ პირველ პროექტს და ყველაფერს ნულიდან ვაწყობთ. ეს ისტორია მხოლოდ ჩემი არ გახლავთ – ეს სამეგობროს გუნდის ისტორიაა, იმ ადამიანების, რომლებსაც ჯიუტად სჯეროდათ საკუთარი ხედვის. იმდენად ჯიუტად კი, რომ წარმოდგენაც არ გვქონდა, რას ვეჭიდებოდით. „მოდი, კიდევ სამი თვე ვცადოთ, თუ არ გამოვა, მოვრჩეთ“, ვამბობდით, მაგრამ ვიცოდით, რომ ეს მომენტი აღარასოდეს დადგებოდა, რადგან მაინც გვქონდა იმედი.

ბავშვობიდან წარმოდგენებში ვცხოვრობდი. ჩვეულებრივ მოვლენასაც ისე ვხატავდი წარმოსახვაში, რომ სხვებსაც გადაედებოდათ ხოლმე და ყველას ერთი სული ჰქონდა, ეს ყველაფერი მართლა მომხდარიყო. დღემდე ეგრეა. აკადემიური ოჯახიდან ვარ – ექიმები, იურისტები, ბაკალავრი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა… და მე, ვისაც ეს ყველაფერი დიდად არ მაინტერესებდა. საბედნიეროდ, დედაჩემმა მომცა თავისუფლება: „კარგი, იმუშავე და მიხვდები, რა გინდა“.

18 წლის ვიყავი, როცა პირველი სამსახური დავიწყე. არქიტექტურული კომპანიის ფეისბუქს ვმართავდი. მაშინ Facebook სიახლე იყო და წარმოდგენაც არ მქონდა, ეს საქმე როგორ უნდა მეკეთებინა. ძირითადად, „ინვაითებს“ ვაგზავნიდი გვერდის გამომწერების მოსამატებლად. კომპანიაში სულ სამი ადამიანი ვიყავით კომპანიაში და ჩემი საქმეც ძალიან მოსაწყენი იყო. სახლში ვთქვი, რომ აღარ შემეძლო და წამოსვლა მინდოდა. დედაჩემმა კი მითხრა: „თუ გინდა, იპოვე სხვა სამსახური და იქ გადადი. ცხოვრებაში ყველა საქმე ერთნაირად ვერ მოგეწონება, და უნდა შეგეძლოს ისეთი საქმის კეთებაც, რომელიც სიამოვნებას არ განიჭებს“.

ამ დროს გამოჩნდა ტელეკომპანია GDS. აპლიკაცია წამყვანის პოზიციაზე გავაგზავნე. როცა დამირეკეს, ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი, თუმცა წამყვანად ვერ გამოვდექი – ეგ თავიდანვე ვიცოდი. მითხრეს: „მოდი, ჟურნალისტად სცადე, სატესტო ვიდეო გადაიღე – ოღონდ არაჟურნალისტური იყოს“. მოვიფიქრე, გადავიღე, გამოვიდა – და ასე დავიწყე მუშაობა. 19 წლის ასაკში, ეს მართლაც იყო საოცნებო სამსახური. ხშირად კოლეჯს ვეძახდით ხოლმე – ფაქტობრივად სტუდენტობა, გართობა და სწავლა ერთად. სწორედ იქ დაიწყო ჩემი მთავარი ინტერესისა და საკუთარი თავის აღმოჩენის პროცესი. ტელევიზიაში ყოფნამ შრომას მიმაჩვია. ამ გამოცდილებაში გაიკაფა ის გზაც, რომელზეც ყოველთვის ვფიქრობდი, რომ რაღაც განსხვავებული უნდა გამეკეთებინა. შევიყვარე იდეის მოფიქრება და მისი განხორციელება. და, რა თქმა უნდა, იქ შევიძინე ის მეგობრები, ვისთან ერთადაც დღეს ამ საქმეს ვაკეთებ.

წლები გავიდა, ტელევიზია იხურებოდა, და შვიდმა მეგობარმა გადავწყვიტეთ, რომ არ დავშლილიყავით – რაღაც ერთად გაგვეკეთებინა. „მოდი, სარეკლამო კომპანია გავხსნათ“. რაკი რეკლამაზე არაფერი ვიცოდით, კომპენსაციით მიღებული თანხით ავიღე ჯიპაში სარეკლამო კურსზე ჩაავწერე. კარგი გამოცდილება იყო – ბევრ საინტერესო ადამიანს შევხვდი და ნელ-ნელა გამიჩნდა კიდეც წარმოდგენა ამ სფეროზე.

როცა გვეუბნებოდნენ, რომ მეგობრებს საქმე ერთად არ გამოსდით, როცა ათასნაირ აპრობირებულ სტრატეგიას გვირჩევდნენ – ჩვენ მაინც ჩვენსას მივყვებოდით. გზის დასაწყისი ურთულესი იყო. თუმცა, იუმორმა გადაგვარჩინა. სულ ვიცინოდით ჩვენსავე სისულელებზე – საშინლად განხორციელებულ პროექტებზე თუ კლიენტის მწარე ნათქვამზე. იუმორით მიდგომა ნებისმიერ საკითხს ამარტივებს. ხვდები, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ბოლოს მაინც სასაცილოდ გასახსენებელი მოგონება დაგრჩება.

რა დამავიწყებს პირველ ჩავარდნილ პროექტს, სადაც კოლოსალური თანხა ვალად დაგვრჩა გადასახდელი. ნებისმიერი გუნდი, ალბათ, დაიშლებოდა, მაგრამ არა ჩვენ – პატარა პროექტებით, დიდი წვალებითა და სიმწრით გადავიხადეთ ყველაფერი. როცა ბოლოს დირექტორმა ლეპტოპიდან თავი ამოწია და თქვა: „მორჩა, დავასრულეთო“, ყველას ცრემლები წამოგვივიდა და ისევ ნულიდან დავიწყეთ შენება.

დღემდე ორი პრინციპით ვცხოვრობთ: პირველი – არ არსებობს მე, არსებობს ჩვენ. თუ გავაფუჭეთ – ერთად გავაფუჭეთ, თუ გავიმარჯვეთ – ერთად გავიმარჯვეთ. ჩვენ უბრალოდ ერთმანეთის გვჯერა. ერთმანეთს ისე ვენდობით, რომ კითხვაც არ ჩნდება. შესაბამისად, არც წაგების გვეშინია. მეორე – „ეტყობა, არ იყო საჭირო გამოსულიყო“. მ ფრაზის სისწორეში იმდენჯერ დავრწმუნდი, რომ დღეს მართლა ვიცი: ყველაფერი თავის დროს ხდება და ყოველთვის შენს სასიკეთოდ. კიდევ კარგი, დიდი პროექტები არ გვანდეს კომპანიის დასაწყისში.

ზოგჯერ მაინც მაქვს ფიქრები: „რატომ ვაკეთებთ ამას? მგონი, არაფერი გამოვა“. მაგრამ რაღაცნაირად ყოველთვის ბოლომდე დავიცლებით ხოლმე და იწყება ახალი გზის მოძებნა. მუდმივად იცვლება გეზი, გზა და მცდელობები. იმდენი ხერხი და ხრიკი გვაქვს ნაცადი, რომ ალბათ ვერც ჩამოვთვლი.

გარდამტეხი მომენტები ბევრჯერ მქონია. პირველი – როცა იმ ადამიანებს მოვუხმეთ კომპანიაში, ვისთან მუშაობაზეც წლების განმავლობაში ვოცნებობდი. მეორე – როცა ისეთი პროექტი გავაკეთეთ, რომელმაც რეალური წარმატება მოიტანა. მაშინ მივხვდი, რა არის ჩემთვის წარმატება – ის მომენტი, როცა შენ და შენი გუნდის ყველა წევრი კმაყოფილია საკუთარი ნამუშევრით. როცა პატარა სამონტაჟოში ისეთი ბედნიერების ემოცია ტრიალებს, რომ არაფერს არ შეედრება.

დღეს ჩვენი შრომა და რწმენა აისახება იმაში, რომ ჩვენ გვენდობიან. თავისუფლება ჩემთვის სწორედ ეგ არის – როცა გენდობიან, მაშინ შეგიძლია შექმნა მართლა შენი და შენი გუნდის ხასიათის მატარებელი პროექტი. თუ ადრე მტკიცება გვიწევდა, რომ ეს სტილი კარგია, რომ ეს იდეა მართლა იმუშავებს, დღეს ადამიანები ჩვენთან სწორედ ჩვენი სტილის, ხედვის, ხარისხის და შინაარსის გამო მოდიან.

თუკი ახლა ისეთ რამეს ეჭიდებით, რისი წარმოდგენაც არ გაქვთ: ბევრი იცინეთ. თუ არ გამოვა ერთი მიდგომა – ცადეთ მეორე. შეიძლება არავის სჯეროდეს თქვენი იდეის, მაგრამ თუ თქვენ გჯერათ და ამ პროცესში ბედნიერები ხართ, სწორ გზაზე დგახართ. არ ინერვიულოთ სხვის შეფასებებზე და აღქმებზე. მთავარია, გჯეროდეთ – თვითსწავლით, თვითდაჯერებით და საკუთარი შრომით აუცილებლად იქნებით იქ, სადაც ვერც კი წარმოგედგინათ, იმიტომ, რომ ყველა წარუმატებლობას საკუთარ თავზე გამოცდით – და მალევე მიხვდებით, რამდენად საჭირო იყო თითოეული გამოცდილება.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

გალერეებში სიარულით თქვენი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა უმჯობესდება — King’s College London-ის კვლევა

VESTEL – 24 წელი საქართველოში