ჰოლივუდური ფილმის საქართველოში გადაღების ამბავიც ჰოლივუდურ სცენარს ჰგავს. მოდი, ფილმის აუტლაინივით მოვყვეთ. ერთ დღესაც, მთავარი გმირი, მრავალწლიანი წარმატებული კარიერის ფონზე, ყველაფერს კარგავს და სრულ გაურკვევლობაში აღმოჩნდება. მალე, არჩევანის წინაშე დგება – კარიერა წარმატებულად განაგრძოს მაღალ პოზიციაზე, გარანტირებულ სამსახურში თუ დიდი ხნის ოცნებას მიჰყვეს, დიდი სირთულეები გადალახოს და ერთი შეხედვით შეუძლებელი რეალობად აქციოს. ცდუნება დიდია, გასავლელი გზა – გაუკვალავი, თუმცა მაინც რისკავს და ჰოლივუდური ფილმის საქართველოში გადაღების შესაძლებლობაზე იწყებს საუბარს.
შემდეგ რაც მოხდა ყველამ იცით – საქართველოში Fast & Furious გადაიღეს და თვით ჰოლივუდშიც ირწმუნეს, რომ ქართველებს ფროდაქშენზე მუშაობა მაღალ დონეზე შეუძლიათ. ქართველებმა კი დაიჯერეს, რომ ჩვენი ქვეყნით ოსკაროსანი რეჟისორების დაინტერესება რეალურია. დღეს, ბაჩო მებურიშვილი, Enkeny Films-ის გუნდთან ერთად, ამ გზას განაგრძობს. ცოტა ხნის წინ, Disney-ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პროექტზე იმუშავეს…
დილის 5 საათია. ადგილობრივები გაოცებულები უყურებენ, როგორ გარდაიქმნა მათი ქუჩა Fast & Furious-ის გადაღების მოედნად, სადაც 1800 ადამიანი ისე მოწესრიგებულად მუშაობს, ვერავინ დაიჯერებს, რომ ამ ყველაფერს ქართველები აკეთებენ. ჰოლივუდური პროდაქშენის გიგანტური მანქანა ჩვენს დედაქალაქშია აგუგუნებული. პროდიუსერები, ოპერატორები, მსახიობები, თანაშემწეები, ტექნიკოსები – ყველა საქმიანობს. გადასაღებ ტერიტორიაზე იმდენი მანქანა ირევა, რომ საცობების თავიდან ასაცილებლად, საკუთარი საგზაო წესები გვაქვს შექმნილი. ვდგავარ ამ ყველაფრის ცენტრში და ვცდილობ, გავაკონტროლო ემოციები. ვხვდები, რომ ეს დიდი გზის, სრულიად ახალი ეტაპის მხოლოდ დასაწყისია. ერთი წამით მინდა, შევჩერდე და დავფიქრდე, რა გზა გავიარეთ აქამდე – ადამიანები, რომლებსაც ჩვენი არ სჯეროდათ, უამრავჯერ მოსმენილი ეჭვი, რომ რაღაც მართლა ვერ გამოვიდოდა, დაძინება იმის ფიქრით, რომ არ იცი, ხვალ რა მოხდება და საერთოდ, აქვს თუ არა აზრი ამ ყველაფრის გაგრძელების. ეს ყველაფერი მართლაც დაიწყო ორი ჯიუტი ადამიანის დიდი ძალისხმევით, იმ ორი ადამიანის, რომელთაც არავინ უჯერებდა.
ჰოლივუდური ფილმის საქართველოში გადაღების ამბავიც ჰოლივუდურ სცენარს ჰგავს. ახლაც ბევრს ჰგონია, რომ Fast&Furious-ის საქართველოში გადაღების მიღმა რაღაც დიდი გავლენიანი ძალა იდგა. დღემდე მეკითხებიან, ვინ გეხმარებოდათ, რა კავშირები გქონდათო. სიმართლე კი მარტივია – სრულიად ცარიელი ფურცლიდან დავიწყეთ – იდეით, გარკვეული გამოცდილებითა და ჯიუტი რწმენით, რომ ეს შესაძლებელი იყო. ჯერჯერობით, ეს ყველაზე დიდი პროექტია, რაზეც გვიმუშავია და ამიტომაც ღირს გახსნება, თუმცა აუცილებად იქნება ასეთი და უფრო დიდი და მნიშვნელოვანი პროექტები.
ამ ფილმზე მუშაობა ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისის მნიშვნელოვანი სიმბოლოა. ამ პროექტის შემდეგ, კვლავაც მანამდე დიდ სირთულესთან მომიწია შეჯახება. ერთ დღესაც ისე მოხდა, რომ დავკარგე ყველაფერი, რასაც 10 წლის განმავლობაში ვქმნიდი და ვაშენებდი. ყველაფერი განულდა. საკუთარი თავის რწმენაც სადღაც გაქრა. იმდენად ვიყავი დემორალიზებული, მიკვირდა, როდესაც ამ ახალი გზის დასაწყისში სხვადასხვა კომპანიისგან ვიღებდი შემოთავაზებებს. სწორედ ამ დროს მქონდა ცდუნება – ვყოფილიყავი გარანტირებულ სამსახურში, მაღალ პოზიციაზე თუ მეფიქრა ისეთ რამეზე, რაზეც სულ ვოცნებობდი. თუმცა მეორე ვარიანტს შემთხვევაში საკმაოდ რთული გზა მელოდა. ამის მიუხედავად, გადავწყვიტე სწორედ ამ გეზს გავყოლოდი. მაშინ რამდენიმე ადამიანმა დაიჯერა ჩემი და ამ გზაზე გამომყვა. გვქონდა კონკრეტული გეგმა, როგორ შეიძლებოდა ჩამოგვეყვანა უცხოური კომპანიები საქართველოში.
დავდიოდით ოფისიდან ოფისში, კომპანიიდან კომპანიაში. ვეუბნებოდით: „ეს არის ჩვენი გეგმა. გვინდა, ჰოლივუდიდან ამერიკული პროექტები ჩამოვიტანოთ საქართველოში“. ამისთვის კი გვჭირდებოდა თანხა გამგზავრებისა და, მოლაპარაკებების წარმოებისათვის. ეს არ იყო ზოგადი დაპირება. გეგმა საფუძვლიანად და კონკრეტულად გვქონდა დალაგებული, თუმცა მაინც არავის სჯეროდა, არავინ გვიჭერდა მხარს.
ახლაც რომ ვიხსენებ, მესმის მათი. არ ვბრაზდები. წარმოიდგინე, შენთან მოდის ახალგაზრდა ბიჭი და ამბობს, რომ საქართველოში ჰოლივუდურ პროექტს ჩამოიტანს. გასაგებია სკეპტიციზმი. უბრალოდ მათგან უფრო მწყინდა, ვისაც ვიცნობდი. ზოგჯერ ცინიკურ კომენტარებსაც ვისმენდით. პარალელურად, ვცდილობდით გუნდის შეკრებას, სტრუქტურის ჩამოყალიბებას.
საბოლოოდ, არავინ დაგვთანხმდა. ვინც თანახმა იყო, კაბალურ პირობებს გვთავაზობდა, რასაც აზრი არ ჰქონდა. სესხის აღება გადავწყვიტე, თუმცა ამერიკაში ორი ადამიანის გასამგზავრებლად საკმარისი მაინც არ იყო, ერთ-ერთი უნდა წასულიყო. გადაწყდა, რომ გამგზავრებულიყო სოფო ბენდიაშვილი, კონკრეტულად გაწერილი გეგმით. ჩვენი მიზანი იყო, გაგვეცნო ჩვენი გუნდი, გამოცდილება და დაგვერწმუნებინა ადამიანები, რომ საქართველოშიც არიან პროფესიონალები, რომელთაც მაღალ დონეზე შეუძლიათ ფროდაქშენზე მუშაობა. დადებითად შეგვხვდნენ, თუმცა გვესმოდა, რომ კონკრეტული შემოთავაზების მიღება გრძელვადიან პერსპექტივას უკავშირდებოდა და შეიძლება ნახევარი ან თუნდაც, ერთი წელი დაგვჭირვებოდა ლოდინი.
თუმცა, სრულიად მოულოდნელად, Universal Pictures დაგვიკავშირდა – იმაზე ბევრად ადრე, ვიდრე ველოდით. როგორც აღმოჩნდა, ჩვენ მიერ შეთავაზებული ლოკაციები მოეწონათ და დამატებით ფოტომასალის ერთ-ერთ ფასიან პლატფორმაზე ატვირთვა გვთხოვეს. მთელ ამ თავგადასავალს ისიც ემატებოდა, რომ იმ მომენტში ძალიან რთული ფინანსური მდგომარეობა გვქონდა. მახსოვს, ხურდა ფულსაც კი ვეძებდი სახლსა და მანქანაში, რომ პლატფორმის ყიდვა და ფოტოების გაგზავნა შეგვძლებოდა. ძალისხმევამ გაამართლა და დადებითი პასუხი რამდენიმე დღეში მივიღეთ.
მაშინ უკვე არსებობდა ჩვენს ცხოვრებაში ფედონ პაპამაიკლი, რომელიც მალევე შემოგვიერთდა. გავაცანით გეგმა, კონსულტაციები გავმართეთ და უკვე მასთან ერთად განვაგრძეთ გზა. პროცესი დაჩქარდა, მაგრამ მაინც არ გვჯეროდა, რომ ნამდვილად ჩამოვიდოდნენ.
პირველად ჩამოვიდა ლოკაციის მენეჯერი. დავათვალიერებინეთ ადგილები, წავიდა და გვითხრა, ცოტა ხანში დაბრუნდებოდა დამატებითი ლოკაციების სანახავად. მალევე შეგვატყობინა, რომ მარტო არ მოდიოდა. როცა სტუმრების სია ვნახეთ, გაოცებულები დავრჩით. ჩამოდიოდა მთავარი პროდიუსერი – ძალიან ცნობილი ფიგურა, ოსკაროსანი მხატვარი, რეჟისორი. მივხვდით, რომ დიდი გუნდი მოდიოდა და პირველად დავიჯერეთ, რომ ეს ყველაფერი შეიძლებოდა გამოსულიყო. იმ მომენტში მხოლოდ მე, სოფომ, ჩვენმა ლოკაციის მენეჯერმა და ფედონმა ვიცოდით, რა ხდებოდა.
ჩამოვიდნენ. მოეწონათ საქართველო და დაიწყო ნამდვილი თავგადასავალი. საოცარი იყო ის მომენტი, რომ ლოკაციების დათვალიერებისას, ოსკაროსან პროფესიონალებთან ერთად, სწორედ იმ ადგილს ჩავუარეთ, სადაც 90-იანებში ბავშვები კიბეზე ვისხედით და იმის გამო, რომ შუქი არ იყო და ყურების ფუფუნება არ გვქონდა, ფილმებს ზეპირად ვუყვებოდით ერთმანეთს. სწორედ იმ ფილმებს, რომლებიც ამ ადამიანებმა შექმნეს.
არადა, ამ ყველაფერს ხანდახან მაინც უძღოდა ფიქრი – მართლა შესაძლებელია? ჰოლივუდური ფილმების საქართველოში გადაღებაზე საუბარი დაუჯერებლად ნამდვილად ჟღერდა, იმ ფონზე, რომ ხანდახან გზის ფული არ მქონდა ხოლმე.
რომ ვუფიქრდები, ვიაზრებ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გჯეროდეს. მანამდე ბევრისთვის რთული დასაჯერებელი იყო, რომ ქართველები ასე მოწესრიგებულად იმუშავებდნენ ფილმზე. გადაღებებზე ხან 800, ხან 1800 ადამიანი იყო. წარმოიდგინეთ ამდენი მასშტაბის მართვა, ლოჯისტიკა, კოორდინაცია, მაგრამ ქართულმა გუნდმა იდეალურად იმუშავა. მივხვდი, როცა გვაქვს მოტივაცია, როცა გვაქვს სისტემა და სტანდარტები – არაფრით ჩამოვრჩებით სხვებს.
საინტერესო იყო ურთიერთობის დინამიკაც. თავიდან ამერიკელები გვკარნახობდნენ, როგორ გაგვეკეთებინა ყველაფერი. მოგვიანებით კი დიალოგში ხშირად ვისმენდით, „თქვენ ქართველები ხართ, უკეთ იცითო“. ბოლოს კი უკვე გვეუბნებოდნენ – „თქვენ როგორც გადაწყვეტთ, ისე გავაკეთოთ“.
შეიძლება ეს ყველაფერი, დღესაც კი, ზღაპარივით მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩვენ ვიცით – ეს ნამდვილი ამბავია. სულ ცოტა ხნის წინ ვიმუშავეთ Disney-თან ერთად, ერთ-ერთ ძალიან ცნობილ ფილმზე. ვიცით, ეს მხოლოდ დასაწყისია უფრო დიდი გზის, რომელზეც ახლა ვდგავართ და სადაც კიდევ ბევრი გეგმა და იდეა გველოდება.
ამ გამოცდილებიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი გაკვეთილი ვისწავლე:
პირველი – არ გაებუტო გარემოებებს. ხშირად ვფიქრობთ: „მე ვცდილობ, მაგრამ გარემო არ მწყალობს, არავის ესმის ჩემი“. ეს ჩიხია. ჩვენ ამ გარემოს ნაწილი ვართ და უნდა ვისწავლოთ ადაპტაცია – არა მიზნების, არამედ მათი მიღწევის ხერხების ადაპტაცია.
მეორე – არ დაკარგო ინდივიდუალობა. ჩვენ გარშემო არიან აღიარებული ადამიანები და ხშირად ვცდილობთ, ზუსტად მათნაირად ვიმოქმედოთ. ასე კი ვკარგავთ ყველაზე მნიშვნელოვანს – ჩვენს განსხვავებულობას. უნდა ვისწავლოთ სხვისგან, მაგრამ არ დავკარგოთ საკუთარი ხმა.
მესამე – აქ მთავარი არც ფინანსებია და არც სახელი. მთავარი მაგალითია – მაგალითი იმისა, რომ შეიძლება იყო წესიერი, არ დაკარგო ადამიანური სახე და მაინც იყო წარმატებული. მე ასეთი მაგალითები მჭირდებოდა და თავადაც ვცდილობდი, ასეთად ვქცეულიყავი.
ახლა, როცა მკითხავენ, რა არის ცხოვრებაში მთავარი, ვპასუხობ: მთავარია გჯეროდეს, რომ საკუთარი მიზნებისკენ სიარულზე საინტერესო არაფერია. სხვანაირად ცხოვრება არ ღირს.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი











