in

„მთავარია გჯეროდეს, რომ… არა, არავითარი „რომ“, უბრალოდ, მთავარია გჯეროდეს“ – დარო სულაკაური

ბავშვობაში, ხშირად იპარებოდა სკოლიდან, რომ ფოტოების გადასაღებად წასულიყო. ადრეული ასაკიდან შორეულ სოფლებში მოგზაურობდა და ხედავდა, თუ როგორ უზიარებდნენ ადამიანები ერთმანეთს ყველაფერს, იმის მიუხედავად, რომ თითქმის არაფერი ებადათ. დღეს, დარო სულაკაური New York Times-ისა და Reuters-ის ხშირი კონტრიბუტორია, TED-ის სპიკერი, ფოტოჟურნალისტი და ვიზუალური არტისტი, მისი ნამუშევრები იფინება მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში. თურმე, როგორ შეიძლება ფოტომ სტერეოტიპები დაანგრიოს, როგორ შეიძლება ერთმა ისტორიამ ცნობიერება შეცვალოს და რატომ არის ემპათია დიდი პასუხისმგებლობა… ეს დარო სულაკაურია.

მე გავიზარდე თბილისში 90-იან წლებში, შემდეგ აშშ-ში გადავედით 1994 წელს. მაშინ ცხრა წლის ვიყავი. საქართველო უკიდურესად არასტაბილური იყო და წასვლა გადარჩენას ჰგავდა. კულტურული შოკი იყო პირველი შთაბეჭდილებები. დღემდე მახსოვს, პირველად რომ შევედი ამერიკულ სუპერმარკეტში – საკვების მრავალფეროვნება, სინათლე, სიუხვე. ეს სურათი მთელი ცხოვრება გამყვა. ბევრი რამ გამოვცადე პირველიად. მე და ჩემს დას საქართველო საშინლად გვენატრებოდა. ხშირად შევდიოდით ჩვენი ოთახის კარადაში, ვაქრობდით შუქს, ვანთებდით სანთელს და ვთამაშობდით, თითქოს ისევ სახლში ვიყავით – ძალიან მიხარია, რომ იქაურობა არ გადავწვით. 

საქართველოში 1997 წელს ჩამოვედით. ჩემთვის რთული იყო დაბრუნდება. ინგლისურად ვფიქრობდი და ქართულად გამოხატვა მიჭირდა. ზუსტად ეს დრო იყო როცა ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა ფოტოგრაფია. დაახლოებით 14 წლის ვიყავი, როცა პირველად დავიჭირე კამერა ხელში. იმ მომენტიდან, ეს გახდა ჩემი გზა სამყაროსთან საუბრისთვის. ხშირად ვაცდენდი სკოლას, დავეხეტებოდი გარეუბნებში და ყველაფერს ვიღებდი – ოჯახს, მეგობრებს, ქუჩებს, ყოველდღიურ ცხოვრებას.

კამერა ჩემს ნაწილად იქცა. თუ სახლიდან მის გარეშე გავდიოდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს „თავი“ მავიწყდებოდა. დღეს რომ ვიხსენებ, ფოტოგრაფობა გააზრებული „კარიერული“ არჩევანი არ იყო. უფრო ქვეცნობიერი გადაწყვეტილება იყო. კამერა რომ მეჭირა ხელში, ბევრ რამეში მეხმარებოდა – ადამიანებთან დაახლოებაში. თან მაშინ სხვა დამოკიდებულება იყო კამერასთან ვიდრე ახლა – უფრო სიხარულს იწვევდა, ვიდრე ბრაზს.

მამაჩემი პატარობიდან სხვაგვარად ფიქრს მასწავლიდა, სამყაროს საკუთარი თვალით დანახვას და ინდივიდუალური აზრის ჩამოყალიბებას. დედაჩემს კი დიდი როლი ჰქონდა იმაში, თუ როგორ ვხედავ სამყაროს. ის ტრადიციული ქართული ხელობის აღორძინებას ცდილობდა, როცა ეს ხელოვნება თითქმის გაქრობის გზაზე იყო. მთელს საქართველოში მოგზაურობდა, ყველაზე შორეულ სოფლებშიც კი დავყავდი თან და ადგილობრივ ქალებს არწმუნებდა, ისევ დაეწყოთ ქსოვა და თექაზე მუშაობა.

მივდიოდით ყველაზე ღარიბ სოფლებში. ადამიანები უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდნენ, მაგრამ დიდი სითბოთი გვხვდებოდნენ. თითქმის არაფერი ჰქონდათ, მაგრამ ყველაფერს გვიზიარებდნენ – საჭმელს, ისტორიებს, დროს. ამან სრულიად შეცვალა ჩემი სამყაროს ხედვა. მასწავლა როგორ დავაფასო პატარა რაღაცები და როგორ ინარჩუნებს ადამიანი ღირსებას რთულ პირობებში. დღეს ვფიქრობ, რომ ჩემი მუშაობა ერთგვარი დაბრუნებული მადლობაა – მცდელობა გადავუხადო იმ ადამიანებს მათი ისტორიების მოყოლით, რომლებმაც მაშინ ასე გამიხსნეს კარი და ასე ბევრი მასწავლეს.

ჩემი „პირველი სამსახური“, თუ ასე შეიძლება დავარქვათ, იყო 16-17 წლის ასაკში – საერთაშორისო სააგენტომ დამიქირავა რეგიონში მათი ღონისძიების გადასაღებად. ცოტა გასაოცარიც იყო, ამაში თანხა რომ უნდა ამეღო. ვაკეთებდი იმას, რაც ყველაზე ძალიან მიყვარდა.

2007 წელი იყო, როცა პანკისის ხეობაში ჩავედი. იმ დროს, პანკისი ერთ-ერთ საშიშ ადგილად ითვლებოდა. იქ ომიდან დაბრუნებული დაახლოებით 5,000 ჩეჩენი ცხოვრობდა. მაშინ, საქართველოში და მსოფლიოში სიტყვა „ჩეჩენი“ თითქმის „ტერორისტის“ სინონიმად იყო გადაქცეული. ჩემი დიდი ბებიაც ჩეჩენი იყო. მინდოდა ჩეჩნური კულტურა და ტრადიციები უფრო ღრმად მეცნო, მაგრამ უფრო მეტად მინდოდა სტერეოტიპი დამენგრია და წარმომეჩინა ჩვეულებრივ ადამიანებად, რომლებიც ყოველდღიურად გადასარჩენად იბრძოდნენ. ეს პროექტი (“Terror Incognita”) ჩემი ცხოვრების გარდამტეხი მომენტი გახდა. როცა ისტორია გამოქვეყნდა, ჯილდოები მიიღო და ჟურნალებში დაიბეჭდა. ძალიან გავრცელდა მსოფლიოს მაშტაბით, იმეილების მიღება დავიწყე – მაშინ ინსტაგრამი და ასეთი სოციალური ქსელები არ დომინირებდა. ბევრი მწერდა მადლობით, ჩეჩნები სხვაგვარად დაგვანახეო. მაშინ მივხვდი, რომ ფოტოს შეუძლია ცნობიერება შეცვალოს, თუნდაც ცოტათი. ამ განცდამ განსაზღვრა ყველაფერი, რაც ამის შემდეგ ვაკეთე.

ფოტო ინდუსტრია საკმაოდ უხეშია და უსამართლო. მაგრამ ისე გავიზარდე, რომ გარე ზეწოლა ვერასდროს მიშლის საკუთარ გზაზე სიარულს. ბევრი ადამიანი გხვდება, ვისაც შენი არაფერი უხარია, ყველაზე მეტი წინააღმდეგობა ალბათ საქართველოში განვიცადე – აქ არ არის ჯანსაღი კონკურენცია. ზოგადად საკმაოდ რთულია ჩემს სფეროში ფოტოგრაფობა, მაგრამ ვფიქრობ, ბევრი შრომა მაინც გიფასდება.

ჩემმა პირველმა პროექტმა დიდი ბიძგი მომცა ფოტო კარიერაში. სახელი გავითქვი ჩემი მოყოლილი ისტორიებით. მრავალი პრესტიჟული ჯილდო და გრანტი მაქვს მოგებული. ბევრს ვმუშაობ და რომ მიფასდება, ეს ხელს მიწყობს  მომდევნო პროექტების განხორციელებაში. შარშან პირველი ქართველი გავხდი, ვინც TED fellowship აიღო და მსოფლიოს მოვუყევი საქართველოზე, თან მაქვს ძალა ნომინაცია გაუკეთო მომდევდო TED fellows, ძალიან მინდა ეს ქართველი იყოს და ყოველ წელს ვეძებ კანდიდატს. 

ხშირი კონტრიბუტორი ვარ New York Times-ისთვის ასევე Reuters, Die Zeit, Spiegel, National Geographiც. ვმუშაობ სხვადასხვა საერთაშორისო მედიისთვის და ვცხოვრობ საქართველოში, რაც საკმაოდ კარგი კვეთაა. ყოველთვის მაქვს მიზნები. ერთს რომ მივაღწევ, სხვა მიზანს ვისახავ. 

ჩემს ფოტო თხრობაში სხვა მედიუმებსაც ვიყენებ, უფრო საინტერესოს ხდის ისტორიას და მაყურებელს უფრო უნდება ისტორიის წაკითხვა და აღქმა, მაგალითად “Shifting Borders”-ში, რომელიც ეხება რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიროტიბზე მცხოვრებ ადამიანებს, ვეცადე მხოლოდ რუსეთის ოკუპაციის ხაზის ფოტოების ჩვენებით არ დამესრულებინა. ჩავურთე წერილები, რომლებიც იმ ადამიანებს ვთხოვე დაეწერათ ვისაც გადავუღე, ასე ეს მხოლოდ ჩემ მიერ დანახული კი ისტორია არ არის არამედ ამ ადამიანების წერილებითაც ხდება ისტორიის მოყოლა. რაც უფრო სიღრმისეულს ხდის თხრობას. ამას მოყვებოდა პატარა ციკლური ვიდეოები, რომელიც ელექტრონული მუსიკის სტრუქტურებით იყო შთაგონებული. ამ კომბინაციამ განაპირობა, რომ ადამიანები უფრო დაინტერესდნენ ამ ისტორიებით.

იმავე თემით გავაკეთე გამოფენა, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიებთან მდებარე ბუჩქები, მოვჭერი და ინსტალაციის სახით, შუა გამოფენაზე დავდე. ამ ბუჩქებზე იყო რუსების მიერ დამაგრებული თეთრი ბანტები, რომელიც აღნიშნავს იმას რომ ამ ბუჩქების იქით აღარ უნდა გახვიდე, რადგან არ ითვლება საქართველოს ტერიტორიად. 

გამოფენაზე ადამიანები შემოდიოდნენ ოთახში და ბევრი იბლანდებოდა ამ ბუჩქების ტოტებში. ასე უფრო აღქმადი იყო თუ როგორ გამოიყურება ოკუპირებული საზღვრები, ამ რეალობის საგამოფენო სივრცეში მოტანამ, მაყურებელს კარაგდ დაანახა თუ რას ნიშნავს ოკუპირებულ ტეროტორიებთან ცხოვრება. 

თუ ეხლა იწყებ ფოტოგრაფიას, დაიწყე ემპათიით. გულით დაინტერესდი იმ ადამიანებით, ვისაც იღებ. ისინი არ არიან „სუბიექტები“ ან „პერსონაჟები“ – ისინი ადამიანები არიან, რომელთა ცხოვრებაშიც შედიხარ. გაიაზრე შენი პასუხისმგებლობა. როგორ აჩვენებ მათ ისტორიას, შეიძლება გავლენა იქონიოს მის ცხოვრებაზე და იმაზე, თუ როგორ უყურებს მას საზოგადოება. იფიქრე, რას და რატომ აქვეყნებ. ადამიანს ღირსეულად ეკიდები თუ იყენებ? ასევე, ინტელექტუალურად იფიქრე შენს ისტორიებზე. ეს არ ნიშნავს მხოლოდ ინსტინქტზე დაყრდნობას – ტვინიც გამოიყენე. კითხე საკუთარ თავს: როგორია ყველაზე მნიშვნელოვანი გზა ამ ამბის მოსაყოლად? უნდა ჩავრთო სხვა მედიუმები – ტექსტი, აუდიო, ვიდეო, წერილები, არქივები? როგორ შემიძლია ადამიანები ისე დავაინტერესო ამ ისტორიით?

26 წელია ფოტოებს ვიღებ. დღევანდელი მსოფლიო უფრო ურთიერთდაკავშირებულია ვიდრე ოდესმე. აუცილებელია ვაღიაროთ, რომ ემპათია არ არის არჩევანი – ეს პასუხისმგებლობაა. სოციალური საკითხები, რომლებსაც დოკუმენტირებას ვუკეთებ, შესაძლოა კონკრეტულ ადგილებში ხდებოდესს, მაგრამ მათი ფესვები და შედეგები საზღვრებს ბევრად სცილდება.

თავისუფლება რა არის? ალბათ, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა პასუხი მექნება. დღეს, ჩემთვის თავისუფლება ნიშნავს უნარს, ვენდო ღმერთს და თავი დავიხსნა უაზრო შიშებისგან. ეს არის ის მდგომარეობა, როცა ცხოვრების დინებას მისცემ საშუალებას. მთავარია გჯეროდეს, რომ… არა, არავითარი „რომ“, უბრალოდ, მთავარია გჯეროდეს.

რატომ ვერ ვაღწევთ ახალ წელს დასახულ მიზნებს?

ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა