როცა წარმატებული პროექტების შესახებ გვესმის და გვეფიქრება, თუ რა იყო ასეთი შედეგების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, არ უნდა დავივიწყოთ გაბედული გადაწყვეტილებები და ურყევი რწმენა. ამ სტატიაში ქეთი ებანოიძე და ელენე ჟვანია ერთობლივად განვლილ გზაზე გვიამბობენ. განსხვავებული პროფესიების მიუხედავად, ახლო მეგობრობამ და მსგავსმა ღირებულებებმა ისინი საქმითაც დააკავშირა. ქეთიმ ჟურნალისტიკასა და მედია მენეჯმენტში მიღებული გამოცდილება, ელენემ კი საერთაშორისო ურთიერთობებსა და ბიზნეს-დეველოპმენტთან მჭიდრო კავშირი ქვეყნის განვითარებისკენ მიმართეს.
პირველი ერთობლივი პროექტი თბილისში Impact Hub-ის საერთაშორისო ქსელის წარმომადგენლობა იყო. საერთო სამუშაო სივრცემ უამრავ განსხვავებული პროფესიის ადამიანთან დაამეგობრათ და ქართული სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებაშიც შეიტანეს მნიშვნელოვანი წვლილი. შემდეგ კი, ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალს – ZEG Storytelling Festival – ჩაუყარეს საფუძველი და უკვე საერთაშორისო მასშტაბიც შესძინეს. ორივეს სჯეროდა, რომ ერთობლივი ძალისხმევით საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას შეუწყობდნენ ხელს და დღესაც ეს გახლავთ მათი მამოძრავებელი ძალა.
ყველაფერი საბავშვო ბაღის ეზოში პირველი შეხვედრიდან დაიწყო. ოთხი წლის ასაკში ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ეს მეგობრობა ათეული წლების შემდეგ ინოვაციურ პროექტებში გადაიზრდებოდა. სკოლის მერხი, რომელიც გავიზიარეთ პირველი კლასიდან, ჩვენი ერთობლივი ხედვებისა და ღირებულებების საფუძვლად იქცა. მოგვიანებით, ცხოვრების რიტმიც თითქოს შევათანხმეთ – შვილებიც კი ერთდროულად გვეყოლა და მათაც განაგრძეს ჩვენი მეგობრობა.
იმ დროისთვის, სტუდენტის მომავალი წარმატებულობა დიდ ორგანიზაციაში ან სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებასთან ასოცირდებოდა. საკუთარი საქმის წამოწყება არც კი იყო ჩვენს წარმოდგენაში. შესაბამისად, ხან საელჩოში მუშაობა იყო ჩვენი ოცნება, ხან – სტაბილური სამსახურისკენ სწრაფვა, როგორც ეს 90-იანებში გაზრდილ თაობას ახასიათებდა.
ერთობლივად ყველაფერი იმდენად კარგად გამოგვდიოდა, რომ გადავწყვიტეთ ეს დამოკიდებულება საქმეშიც გადმოგვეტანა. იმ დროისთვის, საერთაშორისო სამუშაო სივრცე Impact Hub მსოფლიოს 100 ქალაქში ფუნქციონირებდა, ჩვენ კი ის თბილისშიც გავხსენით კიდევ ერთ დამფუძნებელთან, გიორგი ახალკაცთან ერთად. რთული იყო, რადგან იმ დროისთვის, საქართველოში საერთო სამუშაო სივრცის კულტურა არ არსებობდა. თავდაპირველად, ბევრისთვის ძნელი წარმოსადგენიც კი იყო, რატომ უნდა გადაეხადა სამუშაო სივრცით სარგებლობაში ფული, თუკი თავადაც მუშაობდა. ამის მიუხედავად, ენთუზიაზმით ვიყავით აღსავსე. გვჯეროდა, რომ მრავალფეროვანი ინდუსტრიების ერთმანეთთან დაკავშირებით კარგი საქმეების კეთება იქნებოდა შესაძლებელი.
საერთო სამუშაო სივრცის კონცეფცია ჩვენთვისაც უცხო იყო. ამავდროულად, Impact Hub Tbilisi ადამიანთა ჯგუფების განვითარებასაც ემსახურებოდა. მაგალითად, გვქონდა სტარტაპ-აქსელერატორი, რომელშიც 110-მა სტარტაპმა მიიღო მონაწილეობა. ბევრმა მათგანმა ინვესტიციების მოზიდვაც შეძლო და დღესაც აგრძელებს მუშაობას.
ამავდროულად, ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იყო საბჭოთა მენტალობის დარღვევა. ამიტომაც შევქმენით არაერთი პროექტი, დავდიოდით სოფლებში, ქალაქებში და ვცდილობდით სხვადასხვა ასაკის ადამიანებამდე მიგვეტანა რელევანტური ცოდნა და შესაძლებლობები, რაც მათ დამოუკიდებელ აზროვნებასა და მოქმედებაში დაეხმარებოდათ.
საერთო სამუშაო სივრცის კიდევ ერთი უპირატესობა ისიცაა, რომ აქ განსხვავებული გამოცდილების მქონე ადამიანები იყრიან თავს და საინტერესო იდეები იბადება. ImpacT Hub Tbilisi-ის დაარსების პირველივე დღეებიდან, ჩვენი წევრი იყო ამერიკაში დაფუძნებული მედია პლატფორმა Coda Media. სწორედ მათთან მეგობრობამ გვიბიძგა ერთობლივი პროექტის შექმნისკენ. ვეძებდით გადაკვეთის წერტილს, რაც გააერთიანებდა ჩვენს განსხვავებულ სამყაროებს – ჟურნალისტიკას, მეწარმეობას თუ განათლებას. პასუხი ძიების შემდეგ მოულოდნელად მარტივი აღმოჩნდა: ამბის თხრობა არის ის უნარი, რომელიც ყველა პროფესიას სჭირდება, ყველა ადამიანს აახლოებს, ყველა კულტურაში რეზონანსს პოულობს. ასე დაიბადა ამბის თხრობის ფესტივალი ZEG, 2019 წელს, რომელსაც ჩვენ გარდაა, კიდევ ორი დამფუძნებელი ჰყავს – ნატალია ანთელავა და სოფიკო ვასაძე. ეს არის ფესტივალი, სადაც ამბის მთხრობელების როლში იხილავთ ფილოსოფოსებს, პარფიუმერებს, მსახიობებს, ჟურნალისტებსა თუ სხვა პროფესიის წარმომადგენლებს.
ამ იდეის წარმატების თავიდანვე გვჯეროდა. ყოველთვის ვიცოდით, რომ ეს ღონისძიება საინტერესო იქნებოდა არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო აუდიტორიისთვისაც. საქართველოში განსაკუთრებით ღირებულია ასეთი პროექტების შექმნა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, რადგან ქვეყანამ სულ რამდენიმე ათეული წელია, რაც დაიბრუნა დამოუკიდებლობა. მეორე მხრივ, ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების ეპოქაში, განსაკუთრებით AI-ის მზარდი გავლენით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ადამიანური უერთიერთობები. ამიტომაც არის ჩვენი პროექტები ორიენტირებული ადამიანების შეხვედრაზე, საუბარზე, გამოცდილების გაზიარებაზე. ZEG არის არამხოლოდ ფესტივალი, არამედ მიმდინარე აქტუალური თემებისთვის განკუთვნილი პლატფორმა, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს საერთაშორისო მედიასა და აუდიტორიასთან. ამ ფესტივალმა ისიც დაგვანახა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ადამიანები ერთსა და იმავე საკითხებს ანიჭებენ მნიშვნელობას. წელს, უკვე საზღვრებსაც გავცდით და ჯერ ამსტერდამში ჩავატარეთ ZEG ფესტივალი, შემდეგ კი ლონდონში.
რა არის წარმატება? ალბათ უფრო იმის კეთება, რაც გსიამოვნებს და რაც ღირებულია საზოგადოებისთვის. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ყველაზე დიდი ნაწილი სწორედ სამუშაოს ეთმობა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ის საყვარელ საქმეს დავუთმოთ. სხვა შემთხვევაში, მოსაწყენი იქნებოდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ღირებულებების ერთგული იყო და სწორ ადამიანებთან ერთად აკეთებდე საქმეს. ამ მხრივ, ძალიან გაგვიმართლა, რომ ერთმანეთი გვყავს და გვჯერა, რომ დაუღალავი შრომით ყველაფერი შესაძლებელია. როცა საქმეს გულწრფელად ეკიდები, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დაინახავ შედეგს, შეიძლება არა ისე, როგორც თავიდან წარმოგედგინა, არამედ ხშირად უკეთესი, ვიდრე გეგმავდი. ამ სირთულეების ფონზეც, გვჯერა, რომ ZEG აუცილებლად უნდა არსებობდეს და ვფიქრობთ, რა ფორმით სჭირდება ის ახლა ჩვენს ქვეყანას.
ამ წლების განმავლობაში, ჩვენი მთავარი საფიქრალი იყვნენ და არიან ახალგაზრდები. ყოველწლიურად, 60-მდე ახალგაზრდა უფასოდ ესწრება ფესტივალს და თავადვე არიან მოხალისეები და ამ პროექტის შემქმნელები. არაფერია იმაზე ძვირფასი, ვიდრე იმის ცოდნა, რომ შეძელი ადამიანის ცხოვრების ტრაექტორიის შეცვლა, ახალი ხედვის გაზიარება. ეს არის ჩვენი მამოძრავებელი ძალა.
გრძელი გზა გავიარეთ დიდ ორგანიზაციებში მუშაობიდან საკუთარი საქმის წამოწყებამდე, დიდ რისკამდე, ინოვაციამდე, რადგან გავბედეთ გვეფიქრა განსხვავებულად. დღეს, როცა ვუყურებ ჩვენს გავლილ გზას და ვხედავ იმ ადამიანებს, ვისაც დავეხმარეთ, ვრწმუნდები, ეს მხოლოდ დასაწყისია. დიახ, ქვეყანა დიდი გამოწვევების წინაშე დგას, მაგრამ მთავარია გჯეროდეს, რომ ყველაფერი იქნება უკეთესად, ვიდრე ახლაა. თითოეულ ახალგაზრდას, ვისაც საკუთარი გზის მოძიება სურს, ვეტყოდით: დაიჯერე, რომ შენი იდეები ღირებულია. დაიჯერე, რომ შენ შეგიძლია შეცვალო რაღაც.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი











