in

„მთავარია გჯეროდეს – ყველაფერი კარგი ჯერ კიდევ წინაა“ – ელენე თანდაშვილი და თინა ანანიაშვილი

ისეც ხდება, რომ კარიერული გზა სრულიად სხვა მიმართულებით იწყება და მოგვიანებით მივყავართ იქ, სადაც ყველაზე მეტად შეგვიძლია საკუთარი პოტენციალის რეალიზება. წარმოიდგინეთ ორი ახალგაზრდა, რომლებიც უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებებსა და საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობენ, თუმცა წლების შემდეგ თავს გლობალური ტექ-კომპანიის მარკეტინგში იპოვიან და მსოფლიო სარეკლამო ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟულ სცენაზე – „კანის ლომებზე“ – ოქროს მედალს იგებენ. ელენე თანდაშვილისა და თინა ანანიაშვილის ნაამბობი არის ამბავი იმაზე, თუ როგორ იბადება საერთაშორისო აღიარება საკუთარ შიშებთან გამკლავებისას.

როგორ უნდა აწარმოო საქართველოდან მარკეტინგული კამპანიები ისე, რომ ინდუსტრიის საერთაშორისო გიგანტებს გაუწიო კონკურენცია? როგორ უნდა დაძლიო იმპოსტერის სინდგომი პროფესიონალებით სავსე ოთახში და რა გრძნობაა, როცა შენს საერთაშორისო ტრიუმფს ეკრანებთან შენი გუნდი – სუნთქვაშეკრული ელოდება? იქნებ, მათთვის, ვისაც ზოგჯერ საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი ეპარება და შინაგანი კრიტიკოსი მოსვენებას არ აძლევს, ეს ამბავი ზუსტად ის ინსპირაციაა, რომელიც ახლა სჭირდებათ…

წარმოიდგინეთ, სუნთქვაშეკრულები ვსხედვართ და ახალგაზრდა კანის ლომების შედეგებს ველოდებით. თუმცა, სიახლის მოლოდინში მხოლოდ ჩვენ და ჩვენი ოჯახის წევრები არ ვართ. ლაივს უყურებენ ჩვენი თანამშრომლებიც – თავიანთი ბებიებით, მეუღლეებით, პატარა შვილებით. ისეთი გულანთებულები გვგულშემატკივრობენ, თითქოს ეს მათი ყველაზე პირადი და მნიშვნელოვანი ამბავი იყოს… და როცა ვაცნობიერებთ, რომ მარკეტერის კატეგორიაში ოქროს მედალი მოვიპოვეთ, ტანში გვბურძგლავს. ზუსტად მაშინ ვხვდებით, რომ ფიზიკურ ჯილდოზე დიდი წარმატება ეს უანგარო სიყვარული და მხარდაჭერაა. კანამდე და ამ დიდ ემოციამდე კი, ჩვენი გზა სრულიად სხვაგვარად დაიწყო.

სკოლის დასრულების შემდეგ ორივემ პოლიტიკურ მეცნიერებებსა და საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩავაბარეთ. მიუხედავად იმისა, რომ სწავლის პროცესი საინტერესო იყო, ქარმა სულ სხვა მიმართულებით წაგვიღო და თავი საერთაშორისო ტექ-სტარტაპებში ამოვყავით. მარკეტინგამდე ვიყავით სეილებში, ვმუშაობდით Customer Success გუნდებში, ვატარებდით დემოებს და „საფორთ-ქეისებს“ ვხურავდით. როცა პატარა ქვეყნიდან ცდილობ დიდ საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრებას და უცხოელ მომხმარებლებთან საერთო ენის პოვნას, სულ სხვა მონდომება ღვივდება. ეს იყო სირთულეებითა და აღმოჩენებით სავსე პერიოდი, რომელმაც ის აუცილებელი გამოცდილება მოგვცა, რაც დღემდე მოგვყვება.

Signify-მდე ერთმანეთს საერთოდ არ ვიცნობდით. თუმცა, მარკეტინგის გუნდში მოხვედრის და შეხვედრის პირველივე დღიდან მივხვდით, რომ იდეალურად შევეწყობოდით. ეს კავშირი ჯერ საქმეში გამოჩნდა, მერე თიმ-ბილდინგებზე გაგრძელდა და საბოლოოდ, რუმმეითებიც გავხდით. ეს ტრადიცია კანშიც გაგრძელდება და იქნებ იქიდან კიდევ ერთი ჯილდო გამოვაყოლოთ ხელს.

დღეს, ჩვენი ყოველდღიურობა Signify-ის ბრენდის ცნობადობის გაზრდაა. პასუხისმგებლობები გადანაწილებული გვაქვს – ერთი ლოკალურ ბაზარზე ვმუშაობთ, მეორე კი საერთაშორისოზე. ეს გამოწვევა ნამდვილად არ არის პატარა: ჩვენს პროდუქტს უკვე 45-ზე მეტ ქვეყანაში 200-მდე ბიზნესი იყენებს და ინდუსტრიაში ისეთ გიგანტებს ვუწევთ კონკურენციას, როგორიც DocuSign-ია. რეალურად, ახლა საერთაშორისო ბაზრის „ძრავს“ ვაწყობთ, ხოლო ლოკალურ ბაზარზე არსებული მემკვიდრეობის კიდევ უფრო დახვეწაზე ვზრუნავთ.

ასეთ გარემოში მუშაობას თავისი ფსიქოლოგიური წნეხიც ახლავს. ინდუსტრიაში ასაკით საკმაოდ პატარები ვართ. ერთი მხრივ, უზომოდ გვიმართლებს, რომ ისეთ პროფესიონალთა გუნდში მოვხვდით, რომელიც კრეატიულ თავისუფლებას გვაძლევს. თუმცა, მეორე მხრივ, როცა გარშემო ამდენ გამოცდილ ადამიანს უყურებ, ზოგჯერ გიჩნდება ხმაურიანი კითხვა: „ვარ კი ამ ხალხის გვერდით დგომის ღირსი?“ საბედნიეროდ, ვაცნობიერებთ, რომ ეს მხოლოდ შინაგანი ხმაა. საბოლოოდ, ეს თვითკრიტიკა მოტივაციად იქცევა, რათა დღეს ვიყოთ იმაზე უკეთესები, ვიდრე გუშინ ვიყავით.

თუ წარსულს გადავხედავთ, ეს კრეატიული მუხტი და სწრაფვა ბავშვობიდან მოდის. ორივე პატარა სკოლებში ვსწავლობდით და არ არსებობდა ღონისძიება, სპექტაკლი თუ პოეზიის საღამო, ჩვენ რომ არ დაგვეორგანიზებინა ან მონაწილეობა არ მიგვეღო. გვიყვარდა მოფიქრება, ვიზუალურად გაფორმება და სხვებისთვის ჩვენება. მაშინ ვერც ვაცნობიერებდით, რომ ეს ჩვენი მომავალი პროფესიის რეალური დასაწყისი იყო.

რა თქმა უნდა, გქონია დემოტივაციის მომენტებიც. ვყოფილვართ დაღლილებიც და ხელიც ჩაგვიქნევია. შეიძლება ცხოვრების ეტაპზე კონკრეტული ბრძოლა წააგო, მაგრამ გვჯერა, რომ მთავარი ომის მოგებაა. პატარა „წაგებები“ არაფერია იმასთან შედარებით, თუ წინ რა გველოდება.

ჩვენთვის წარმატება სტატიკური წერტილი არ არის, ეს მუდმივი პროცესია – გქონდეს თავისუფლება, აკეთო ის, რაც გიყვარს, იმ ადამიანებთან ერთად, ვინც შენს ღირებულებებს იზიარებს. დღეს ჩვენი მიღწევა ისაა, რომ არ გვეშინია შეცდომების და გვაქვს ამბიცია, მსოფლიო ტექ-რუკაზე საქართველოდან კიდევ უფრო დიდი კვალი დავტოვოთ.

ვისაც ახლა ჰგონია, რომ საკმარისად კარგი არ არის, გვინდა ერთი რამ ვუთხრათ: ეს ფიქრი ძალიან ხმაურიანია და ხშირად არ გაძლევთ საშუალებას დაინახოთ, რეალურად რა შეგიძლიათ. ასეთ დროს, უბრალოდ, ჩართეთ ბილი ჯოელის “Vienna”, მოუსმინეთ და გაიაზრეთ. შეწყვიტეთ საკუთარ თავთან ჩხუბი. მიეცით საკუთარ თავს შანსი და ნელ-ნელა აუცილებლად მიუახლოვდებით თქვენივე თავის საუკეთესო ვერსიას.

იმიტომ რომ, მთავარია გჯეროდეს – ყველაფერი კარგი ჯერ კიდევ წინაა.

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ციფრული პლატფორმების რეალობას

მარკ ცუკერბერგი თავის AI-კლონზე მუშაობს