ქართულ სარეკლამო ინდუსტრიაში მის სახელს ხშირად გაიგონებთ: კრეატიული დირექტორი, რეჟისორი, ვიზუალური მთხრობელი – გიორგი ქვლივიძე იმ შემოქმედთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც ქართულ რეკლამას თანამედროვე სახე მისცა. ძიების დაუცხრომელი სურვილი მისი შემოქმედებითი ცხოვრების უცვლელი ნაწილია. ალბათ, ერთ წინადადებაში მისი კრეატიული გზის დასაწყისს ასე შეიძლება ვუწოდოთ: პოეტის შვილი, რომელმაც არქიტექტურის დიპლომი გვერდზე გადადო და 90-იანების საქართველოში საკუთარი შემოქმედებითი იდენტობის ძიება დაიწყო.
ახსოვს დრო, როცა სამსახურში, პროგრამისტებით სავსე ოფისში მყოფმა ერთადერთმა გრაფიკოსმა დიზაინერმა საკუთარი პორტფოლიოს შექმნა დაიწყო და მისი დამსახურებით, საქართველოს პირველ სარეკლამო სააგენტო „სარკეში“ აღმოჩნდა. ის პერიოდიც ახსოვს, როდესაც სააგენტოებში ღამის გათენება ჩვეულებრივი ამბავი იყო და სიზმრებშიც კი ლოგოებს ხედავდა. თუმცა დღეს, მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ, მისი პრიორიტეტები შეიცვალა: სხვისი აღიარების ნაცვლად, საკუთარი ხელწერის პოვნა და თვითგამოხატვა გახდა უმთავრესი.
„ჩემს სიზმრებს ლოგოები აქვს ბოლოში“ – ეს ხუმრობა მქონდა ხოლმე, მაგრამ სინამდვილეში, არ ვხუმრობდი. მართლა მინახავს ასეთი სიზმრები. იმ პერიოდში „ვინდფორსში“ პირადი ტახტიც კი მქონდა, სადაც დილის პრეზენტაციამდე ცოტა ხნით ძილს ვახერხებდი. ეს ის დრო იყო, როცა პროექტისთვის ღამის გათენება ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ – ვირივით ვმუშაობდი.
მე ვარ გიორგი ქვლივიძე – ქართული სარეკლამო ინდუსტრიის ერთ-ერთი კრეატიული დირექტორი და რეჟისორი. ჩემს შემოქმედებით მისწრაფებებზე მამაჩემმა იქონია დიდი გავლენა. თავისი თაობის ცნობილი პოეტი იყო, ამიტომ ჩვენს სახლში ლექსი ხშირად ისმოდა. წარმოიდგინეთ, ბავშვისთვის რა მომაჯადოებელი იქნებოდა, როცა სტუმრები მოდიოდნენ, მამა უცნაურ სიტყვებს წარმოთქვამდა განსაკუთრებული ინტონაციით და ბოლოს ყველა ფეხზე წამოდგომით ტაშს უკრავდა. სიტყვაში მამას არ შევეცილე – ხატვა ავირჩიე, მაგრამ მინდოდა ისეთივე შთაბეჭდილება მომეხდინა, როგორც ეს მას გამოსდიოდა. ხშირად სტუმრებს იქვე შესრულებული ნახატებით ვუმასპინძლებოდი – ეს ხალხთან კომუნიკაციის ჩემი საკუთარი ფორმა იყო.
სარეკლამო სფეროში მოხვედრამდე მეგონა, რომ არქიტექტურა ჩემი მომავალი იქნებოდა. ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე, მაგრამ ისე დავამთავრე, რომ დღეს არქიტექტურასთან მხოლოდ დიპლომი მაკავშირებს. 90-იანებში არც განათლება ბრწყინავდა ჩვენს ქვეყანაში და არც ჩემი პირადი შეგნება, თუმცა სამხატვრო უნარებისთვის დიდი მადლობა.
პირველი სამსახური ჯერ კიდევ სტუდენტობისას გამომიჩნდა – კომპანია „ჯეონეტის“ გრაფიკოსი დიზაინერის პოზიცია. ეს ის დრო იყო, როცა ინტერნეტი სახლებში ქალაქის ტელეფონის ხაზით შემოდიოდა და ჯიბეებში ტელეფონები ჯერ უინტერნეტო და იშვიათი იყო. პროგრამისტებით სავსე ოფისში მე ერთადერთი „კრეატიული” თანამშრომელი ვიყავი. საქმე ბევრი არ იყო – ბროშურებსა და ფლაერებს ვამზადებდი, დანარჩენ დროს კი ჩემს დიზაინ-პორტფოლიოს ვუთმობდი. ასე ვქმნიდი რაღაცებს მხოლოდ ჩემთვის.
გაგიკვირდებათ, მაგრამ სწორედ ეს „ჩემთვის“ ნამუშევრები გახდა „სარკეში” დიზაინერად აყვანის საფუძველი. ასე მოვხვდი პირველად სარეკლამო სააგენტოში – თანაც საქართველოში პირველ სარეკლამო სააგენტოში. აქედან დაიწყო ჩემი კარიერა, რომელსაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი მოჰყვა.
ჩემი დაკვირვებით, ცხოვრების პრინციპია, რომ სწორედ ის, რაც ახალგაზრდობაში განსაკუთრებულად გაღელვებს, ზრდასრულობაში დასათმობი ხდება. მთელი ეს მამაჩემთან წარმოსახვითი პაექრობა და სხვებთან შეჯიბრი გარკვეულ წარმატებას მოიტანდა, მაგრამ ასაკთან ერთად ყველა შედეგს უკმარისობის განცდა ახლდა. არაფერი იყო საკმარისი, რომ საქმეს, რომელიც ასე მიყვარდა, კვლავაც სიამოვნება მოეტანა.
ვერ ვიტყვი, რომ ცვლილება ერთბაშად მოხდა, მაგრამ დღეს ვთვლი, რომ მიზანი შემეცვალა. სხვისი აღიარება აღარ მბოჭავს. ახლა მთავარი ჩემი თავის მოსმენა და საკუთარი ხელწერის პოვნაა – და არა მხოლოდ საქმეში.
შედეგად მივიღე ის, რომ ახლა მშვიდად ვარ. მჯერა, რომ მიუხედავად გრძელი და ნაყოფიერი გზისა, ჩემი სიტყვა ჯერ არ მითქვამს – ეს სიამოვნება წინ მაქვს. აღარ მაწუხებს განცდა, რომ რაღაც არაჩვეულებრივი უნდა შევქმნა. ჩემი გამოცდილებით, ეს განცდა სრულიად კონტრპროდუქტიულია. ახლა მაინტერესებს ახალი გზები და ფორმები, რომლებითაც ჩემი იდეების სიცოცხლეში მოყვანა შემიძლია. იმის ცოდნა, რომ რაღაც ჯერ არ ვიცი, ხელს არ მიშლის მოქმედებაში.
ჩემს თავად ყოფნა ჩემზე უკეთ არავის გამოუვა – ახლა სწორედ ამით ვარ დაკავებული.
ვისაც სარეკლამო ან რომელიმე სხვა შემოქმედებითი სფეროს კარიერის დაწყება სურს, ვურჩევდი: არ შეუშინდეთ ცვლილებებს. შეიძლება, დღეს ხატავდეთ და ხვალ მუსიკის კეთება მოგინდეთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცის ალბომის ყდის დიზაინზე იმუშავეთ. რაღაცამ ჩვენში ჩვენზე უკეთ იცის, რა გზით ჯობია გვატაროს. ავტორიტეტები კარგია მანამ, სანამ წელში გავიმართებით და საკუთარი გზის გაკვალვას გავბედავთ.
მიზნებიც პროცესის ნაწილია და გზის მთელი ხიბლიც სწორედ ამაშია. ამიტომ ასე ვიტყოდი: მთავარია გჯეროდეს, რომ გზაში ხარ.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი











