in

„მთავარია, გჯეროდეს, რომ თუ არ დააკლებ ძალისხმევას, აუცილებლად გამოგივა ყველაფერი“ – გიორგი მოსიძე

ფოტო: სერა ძნელაძე

მისი სახელის ნაცვლად, „ბატონო წამყვანოთი“ რომ მოიხსენიოთ, მაინც ყველა მიხვდება, რომ გიორგი მოსიძეზე საუბრობთ. 30 წელია, მთელი ქვეყანა, მისი ხმა ინტელექტკლუბის „რა?სად?როდის?“ სტუდიიდან გვესაუბრება. წარმოიდგენდით, რომ თამაში, რომელიც დღეს ელეგანტურად გამოწყობილი მოაზროვნეების ელიტარულ ინტელექტკლუბს წარმოადგენს, 80-იანი წლების ვიწრო წრეში, უბრალოდ, თამაშის სურვილის გამო გაჩნდა? 1989 წელს, გიორგი მოსიძემ თავი მოუყარა მშობლების თაობას, ჩამოწერა კითხვები და თავადვე გასწია თამაშის ორგანიზება. როგორც თავად ამბობს, მთავარია, გჯეროდეს, რომ თუ ძალისხმევას არ დააკლებ, ყველაფერი გამოგივა. შედეგიც სახეზეა – ჰობის სახით დაწყებულმა თამაშმა, ათწლეულების განმავლობაში, მოიცვა საქართველოს უნივერსიტეტები, სკოლები და ოჯახებშიც შეაღწია. დღესდღეობით, „რა?სად?როდის?“ კომუნა საქართველოს მოსახლეობის მესამედს აერთიანებს…

ბავშვობიდან მიყვარდა კითხვების დასმა და ფეხბურთი – ვინახავდი ხოლმე ჟურნალ-გაზეთებს და ფურცელზე ვწერდი, ვინ როგორ ითამაშა და მომავალში როგორ ითამაშებდა. მაშინ ასეთი ცნება არ არსებობდა, მოგვიანებით კი, 90-იანების ბოლოს, ამას ფეხბურთის ფენტეზი დაერქვა – UEFA-ს საიტზე, ჩემპიონთა ლიგის სხვადასხვა რეალური გუნდის მოთამაშეებზე აკეთებ პროგნოზს, ვინ როგორ ითამაშებს და შესაბამისი ქულები გერიცხება. მახსოვს, 2001-ში, როცა ინტერნეტი ჯერ კიდევ ძალიან ცოტას ჰქონდა, მოვიგე ჩემპიონთა ლიგის ბილეთები ლაციო-ანდერლეხტის მატჩზე და რომში წავედი, სტადიო ოლიმპიკოზე, თამაშზე დასასწრებად. ბავშვობისდროინდელი ჰობი დღემდე მომყვება და სექტემბერში, რაღაც მომენტში, მსოფლიოში #3 ადგილზეც აღმოვჩნდი.

ინტელექტკლუბის „რა?სად?როდის?“ ჩამოყალიბებამდე კი კითხვების დასმის სიყვარულმა მიმიყვანა. ბავშვობიდანვე მაინტერესებდა სხვადასხვა ტიპის თამაშები, მათ შორის, სტრატეგიული. ეს იყო 70-იანი წლების ბოლოს და 80-იანი წლების დასაწყისში, როცა არც კომპიუტერები არსებობდა და არც ინტერნეტი. 1972 წელს დავიბადე და ის პერიოდი კარგად მახსოვს – საბჭოთა რეალობა, სადაც ინტელექტუალური გამოწვევების პოვნა არც ისე ადვილი იყო. საბჭოთა გაზეთებში იბეჭდებოდა კროსვორდები, რომლებსაც გულმოდგინედ ვავსებდი. ამოვჭრიდი, გავგზავნიდი და რამდენიმე თვე ველოდებოდი პასუხს. ეს იყო ერთადერთი საშუალება ინტელექტუალური შეჯიბრის მოსაწყობად. საბჭოთა ტელევიზია თითქმის არ აჩვენებდა ინტელექტუალურ თამაშებს. როცა ოთხმოციანი წლების შუა პერიოდში ასეთი გადაცემები გამოჩნდა, მათ რეგულარულად ვუყურებდი.

დიდხანს ვეძებდი ადგილს თბილისში, სადაც შეიძლებოდა მსგავს თამაშებში მონაწილეობის მიღება. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ვერ ვიპოვე ასეთი ადგილი. ამიტომ 1989 წლის ზაფხულში, როცა საბჭოთა კავშირი უკვე რყევას იწყებდა, გადავწყვიტე, თავად შემექმნა ასეთი შესაძლებლობა – დავწერე კითხვები, დავაორგანიზე თამაში, მშობლები დავყავი გუნდებად და ვითამაშეთ.

პარალელურად, სამედიცინოზე ვსწავლობდი. რაღაც დროის მანძილზე, მხიარულთა და საზრიანთა კლუბშიც ვთამაშობდი, თუმცა სულ მინდოდა „რა? სად? როდის?“ თამაში. 1991 წლის შემოდგომაზე, სტუდენტურ თვითმმართველობაში გამოვაკარით განცხადება და სტუდენტები ჩავრთეთ თამაშში. მალე, ენთუზიასტები სხვა უნივერსიტეტებიდანაც გამოჩნდნენ და ფილარმონიის ქვევით, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბში გადავინაცვლეთ. 1994 წელს, „რა? სად? როდის?“ ოფიციალურად დავარეგისტრირეთ არასამთავრობო ორგანიზაციად. 

სამედიცინო ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, ერთწლიანი ინტერნატურა გავიარე ინფექციური ჰეპატოლოგიის ცენტრში, ახლანდელ ინფექციურ საავადმყოფოში. თუმცა ჩემი ცხოვრება სხვა მიმართულებით წავიდა – 1996 წლის შემოდგომაზე ეთერში გავიდა „რა?სად?როდის?“ საქართველოს პირველ არხზე. ამის შემდეგ თითქმის მთლიანად ამ პროექტზე გადავერთე და მედიცინა მივატოვე.

პარალელურად, საჯარო სამსახურში ვიყავი – 1997 წელს, სახელმწიფო სამსახურში დავიწყე მუშაობა. სახელმწიფო კანცელარიაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმიწვიეს, სადაც საერთაშორისო პროექტების ბიუროს ვხელმძღვანელობდი. სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიებებს ვაწყობდით – მაგალითად, 1999 წელს, საქართველოში ებრაელთა განსახლების 26 საუკუნის იუბილე აღვნიშნეთ – ეს ძალიან მასშტაბური ღონისძიება იყო, მთელი მსოფლიოდან ჩამოვიდნენ ცნობილი ებრალები. ახლანდელი გადმოსახედიდან, სწორი და შორსმხედველი ნაბიჯი იყო. შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში გადავინაცვლე, რის შემდეგაც, საჯარო პოლიტიკაშიც გამოვჩნდი და 2010 წლამდე აქტიურად ვიყავი ჩართული.

„რა?სად?როდის?“ არ იყო უბრალოდ თამაში ან ტელეპროექტი. ის იქცა ადგილად იმ ადამიანებისთვის, ვისაც ინტელექტუალური გარემო სჭირდებოდა. განსაკუთრებით 90-იან წლებში, როცა საქართველოში რთული პერიოდი იყო – შუქი არ გვქონდა, სიცივე, შიმშილი, არეულობა. ამ დროს, ჩვენი გადაცემა იყო კუნძული, სადაც თავს იყრიდნენ ადამიანები, რომლებსაც საერთო ღირებულებები და ინტერესები ჰქონდათ. გარკვეულწილად, იმ დროის „ესკაპიზმის“ ფორმაც იყო და ჩემი ხედვით, დღემდე ასეა – აქ იკრიბება პროგრესული, განათლებული, მომავალზე ორიენტირებული ახალგაზრდობა, რომელსაც არ მოსწონს არსებული გარემო პირობები და თავისნაირ ადამიანებთან ერთად შეკრება და თამაში ჰგვრის შვებას. ბოლო 30 წელზე მეტია, ეს არის ადგილი, სადაც ყველა წიგნიერ და საღად მოაზროვნე ადამიანს შეუძლია იპოვოს თავისნაირები და იგრძნოს თავი რეალიზებულად.

ვხედავდი თუ არა ამხელა პერსპექტივას თავიდანვე? რასაკვირველია, ეს ყველაფერი ასე დაგეგმილი არ ყოფილა. ჩვენ, უბრალოდ, თამაში გვინდოდა და არაცნობიერად, ხელის ცეცებით მივაგენით იმ „ფორმულას“, რამაც ამ ბრენდის იმ დოზით პოპულარიზაციას მიაღწია, რომ დღეს, თუკი სადმე ინტელექტუალურ თამაშს იწყებენ, რაც უნდა განსხვავებული იყოს ფორმატი, მაინც ამბობენ – „რა?სად?როდის?“ ვითამაშოთო. ეს თამაში შევიდა ყველა უმაღლეს სასწავლებელში, სკოლასა და ოჯახშიც კი. დასაწყისიდან დღემდე, 200,000-ზე მეტმა ადამიანმა ითამაშა ჩვენი კლუბის ფარგლებში, რაც მთლიანი მოსახლეობის 5%-ზე მეტია, რომ არაფერი ვთქვა თვითორგანიზებულ მოთამაშეებსა და მაყურებლებზე.

პირველი ექვსი წელი ძველი ფორმატით ვმაუწყებლობდით. გადაცემის წარმატება მჯეროდა მაშინაც კი, როცა ეს რთული ჩანდა. 90-იანი წლების საქართველოში, როცა ელექტროენერგია რამდენიმე საათით იყო, როცა ელემენტარული საარსებო პირობები არ გვქონდა, ჩვენ მაინც ვიკრიბებოდით, ვთამაშობდით და გვჯეროდა, რომ ამ პროექტს მომავალი ჰქონდა.

2008 წლიდან კი განახლებულ, თანამედროვე ფორმატზე გადავედით – სმოკინგებით, სარკისებრი მაგიდით, თანამედროვე გადაღების ტექნიკით. როგორც ქვეყანა ვითარდებოდა, ისე ვითარდებოდით ჩვენც. გაისად უკვე 30 წელი სრულდება, რაც ტელეეთერში ვართ. საქართველოს ტელევიზიის ისტორიაში მხოლოდ „მოამბე“ და „ვესტნიკი“ გვასწრებენ ხანგრძლივობით, თუმცა „ვესტნიკს“ მალე, ალბათ, გავასწრებთ კიდეც.

ჩვენი პროექტი არ არის მხოლოდ ელიტარული კლუბი, როგორც ბევრს ჰგონია. დიახ, ბრენდინგის პროცესმა, ელიტარულმა იმიჯმა, ბაფთებმა და სმოკინგებმა შექმნა წარმოდგენა, რომ ეს არის განსაკუთრებულად ჭკვიანი ხალხის შეკრება და რასაკვირველია, პოპულარობა ბევრს დაეხმარა კარიერული წარმატების მიღწევაში, მაგრამ სინამდვილეში მოთამაშეები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარეებით.

მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ დასაწყისიდანვე ქართულ ენაზე ვთამაშობთ. მეზობელ ქვეყნებში – აზერბაიჯანსა და სომხეთში, სადაც ეს მოძრაობა ჩვენზე ადრე დაიწყო, ელიტარული მოთამაშეები დღემდე რუსულად თამაშობენ. ჩვენ კი შევცვალეთ და თამაშის საერთაშორისო ფაბულაზე ავაგეთ და დამოუკიდებელი მიმართულება განვავითარეთ – სახელის გარდა, სხვა კუთხით არ ვიკვეთებით საერთაშორისო მოძრაობასთან. ამით შევქმენით უნიკალური პროდუქტი, რომელიც სპეციფიკურად ქართული აუდიტორიისთვის იყო განკუთვნილი. რამდენიმე წლის წინ აღმოვაჩინეთ, რომ არამხოლოდ მეზობელ ქვეყნებს, არამედ მთელ მსოფლიოს გადავასწარით – „რა?სად?როდის“? მოაზროვნეების ერთ სულ მოსახლეზე რაოდენობით, მათ შორის, ვაჯობეთ ისრაელსაც, რომელიც ყოველთვის ლიდერობდა ამ თამაშში.

ბუნებით სკეპტიკოსი ვარ. არ მახასიათებს უსაგნო ოპტიმიზმი. ორივე ჯერზე, როდესაც სატელევიზიო ეთერში გავედით, სკეპსისი მძლევდა ხოლმე და დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გამხნევებასა და ბიძგს ჩემი გარემოცვისგან. მახსოვს, 2008 წელს, როდესაც ეთერში უნდა დავბრუნებულიყავით, ეჭვებში ვიყავი, საკმაო დრო დავხარჯე იმის ფიქრში, გავუმკლავდებოდი ამ ამოცანას თუ ვერა – არ მეგონა, რომ ჩვენს ქვეყანასა და რეალობაში შესაძლებელი იყო მაღალი ხარისხით პირდაპირ ეთერში გადაცემის წარმართვა. მაშინ მეუღლემ შემაგულიანა და წავედი ბაქოში, სადაც ვნახე, როგორ მართავდა ჩემი მეგობარი იქაური ინტელექტკლუბის პირდაპირ ეთერს, დავრწმუნდი, რომ ჩვენც გამოგვივა. მას შემდეგ, დაიქოქა ეს მანქანა და მიდის ახლაც – 2015 წელს მსოფლიო ჩემპიონატი ჩავატარეთ. ურთულესი ორგანიზება გავწიეთ და 27 ქვეყნიდან ვუმასპიძლეთ გუნდებს.

ეს საქმე ჩემთვის დაიწყო ჰობის სახით, გაგრძელდა მოწოდებად და დღეს, არის საქმიანობა და ცხოვრების სტილი. ახლა, როცა ჩემი შვილები ცხოვრების გზის დასაწყისში არიან, ვცდილობ, გამოცდილება გავუზიარო. ვეუბნები, რომ ცხოვრება იყოფა ორ ნაწილად: პირველი არის მომზადების პერიოდი – განათლების მიღება, უნარების განვითარება, ინფორმაციის შეგროვება, რაც გრძელდება სტუდენტობის ჩათვლით. მეორე არის თვითონ გზა – რეალური ცხოვრება, სადაც ამ ცოდნის გამოყენება მოგიწევთ. ეს გზა არ ჰგავს იმ დაცულ გარემოს, რომელშიც ბავშვები იზრდებიან – როცა მშობლების მფარველობის ქვეშ არიან, როცა ყველას უყვარს და მთავარი პრობლემა მხოლოდ კლასელებთან ან კურსელებთან წვრილმანი კონფლიქტია. ცხოვრება ბევრად უფრო რთულია და მოულოდნელობებით სავსე. ახალგაზრდებს ვუსურვებდი, რომ ეს გზა გაიაროთ პრინციპით „მხოლოდ სულელი სწავლობს საკუთარ შეცდომებზე, ჭკვიანები სწავლობენ სხვების შეცდომებზე და მათ აღარ იმეორებენ“.

მთავარია, გჯეროდეს, რომ თუ არ დააკლებ ძალისხმევას, აუცილებლად გამოგივა ყველაფერი, ოღონდ მთავარი პირობაა, არ დააკლო ძალისხმევა.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

დეკა დეველოპმენტი – ცხოვრება, რომელიც დაიმსახურე

EV Power – ელექტრომობილების დამტენი სადგურების ახალი ქსელი საქართველოში