რთული დასაჯერებელია, რომ ყველაფერი უბრალოდ „გემრიელად ჭამის“ სურვილით დაიწყო. „ჰანგრიმენი“ დღეს უკვე მასშტაბური არხია 570,000 გამომწერით YouTube-ზე. თუმცა, სანამ საქართველოს რეგიონებში იმოგზაურებდნენ და გამომწერებს ავტომობილებს და მოპედებს აჩუქებდნენ, ისეთი დროც იყო, როცა მათ იდეებს არასერიოზულად აღიქვამდნენ და მინიმალური სპონსორის პოვნაც კი უძნელდებოდათ. „ჰანგრიმენის“ ისტორია არის ამბავი ტრანსფორმაციაზე – როგორ თქვა უარი კარგად გამოცდილ წარმატებულ ფორმატზე, განვითარების ახალი ხედვით. ისეთი დროც ახსოვთ, მხოლოდ რწმენის იმედად რომ იყვნენ დარჩენილები და ის ეტაპიც – უკანასკნელი დანაზოგით სტუდიის გაკეთება რომ გარისკეს. დღეს თამამად შეუძლიათ თქვან – „მოდი, საქართველოს გარშემო წავიდეთ და ხალხს მანქანები დავურიგოთ“ – და მართლა გააკეთონ. ზურგს 20-კაციანი გუნდი უმაგრებთ და არაფრით იზღუდავენ თავს. გზაზე, რომელიც სავსეა რისკით, იმედგაცრუებით, რწმენითა და გამარჯვებებით, „ჰანგრიმენის“ თანადამფუძნებელი ნიკა ვასაძე გვიყვება.
დღეს, ყველაზე გიჟურ იდეას ხორცს ვასხამთ. ეს არის თავისუფლება, რომელზეც სულ ვოცნებობდით და რომელიც ძალიან, ძალიან შორს გახლავთ იმ მოცემულობისგან, საიდანაც ჩვენი ამბავი დაიწყო.
თავიდან ვიყავით ოთხნი: მე, გუგა, თორნიკე და ნიკა. ოთხი მეგობარი, რომელთაც უბრალოდ აინტერესებდათ, სად შეიძლებოდა გემრიელად ჭამა. მაშინ YouTube-ი საქართველოში, ფაქტობრივად, არ არსებობდა – სულ ოთხი-ხუთი არხი თუ იყო, ისიც გეიმინგის მიმართულებით. ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც ამ სივრცეში გასართობი კონტენტი შემოიტანა. ოთხივეს ჩვენ-ჩვენი საქმე გვქონდა და თავიდან ამას „სამსახურად“ არც განვიხილავდით. არხზე გვქონდა ფუდ-რივიუები, სადაც გუგა იღებდა, თორნიკე სცენარზე მუშაობდა, ეკრანზე კი მე და ნიკა ვჩანდით.
ერთხელაც, რიცხვებმა გვაჩვენა, რომ რაღაც სერიოზულს ვაკეთებდით. 30-40 ათასი ნახვა იმ დროისთვის წარმოუდგენელი შედეგი იყო. ხალხის მხარდაჭერამ მიგვახვედრა, რომ ეს სრულგანაკვეთიან საქმედ უნდა გვექცია. თუმცა, იდეალისტური წარმოდგენა, რომ სულ ოთხნი ვიქნებოდით, მალევე დაიმსხვრა. დღეს დავრჩით ორნი – მე და გუგა. ყველამ თავისი გზა იპოვა.
მარტივი არ ყოფილა. იყო მომენტი, როცა პირველად მივედით სპონსორთან. შევთავაზეთ ვიდეოს გადაღება სულ რაღაც 500 ან 1000 ლარის სანაცვლოდ. პასუხად მივიღეთ: „საერთოდ ვინ ხართ? რატომ უნდა გადაგიხადოთ თანხა? მირჩევნია პოსტი დავბუსტო“. იმ შეხვედრიდან გამოსულებს გვეგონა, რომ არასწორი მიმართულებით მივდიოდით, რომ რასაც ვაკეთებდით, ხალხისთვის უბრალოდ „ღლაბუცი“ იყო.
ამ იმედგაცრუების გადალახვაში, ალბათ, ჩემი ბავშვობის გამოცდილება დამეხმარა. 14-15 წლის ასაკში ფეხბურთს ვთამაშობდი და გერმანიაში წავედი. იქ ვნახე პირველად, რას ნიშნავს ნამდვილი შრომა – ტყეში 15-20 კილომეტრის სირბილი, უმძიმესი ვარჯიშები. მაშინ მივხვდი, რა ფასი აქვს მიზნის მიღწევას. მერე იყო ტრავმა, ფეხბურთიდან წოსვლა, უნივერსიტეტი, ჟურნალისტიკა… მახსოვს ჩემი პირველი სამსახურიც: ზღვაზე დასვენება მინდოდა და ოჯახი რომ არ შემეწუხებინა, ერთი თვე სურსათის მაღაზიაში ვიმუშავე. იქ ვისწავლე მომსახურების სფეროში მომუშავე ადამიანების პატივისცემა.
YouTube-ზე კრიზისი დაახლოებით წელიწად-ნახევრის შემდეგ დაგვეწყო. მივხვდით, რომ კვების სფერო ამოვწურეთ – თითქმის ყველა კერძი დაგემოვნებული გვქონდა და მეორე წრეზე მივდიოდით. ეს სფერო ძალიან ვიწრო აღმოჩნდა. 2-3 თვიანი პაუზა გვქონდა. შემოსავალი ოთხ ადამიანს არ გვყოფნიდა. ზუსტად ამ დროს დადგა საკითხი: ან ვჩერდებოდით, ან რაღაც რადიკალურად ახალს ვიწყებდით.
გარისკვა გადავწყვიტეთ. გავაკეთეთ რებრენდინგი – თუ ადრე ლოგო მხოლოდ კვებას გამოხატავდა, ახლა „შოუმენის“ სტილზე გადავედით. რაც მთავარია, ავაშენეთ დიდი სტუდია. ჩავდეთ ჩვენთვის იმ დროისთვის ძალიან დიდი თანხა. ყველა გვეუბნებოდა, ოჯახის წევრებიც კი – „ღირს კი?“. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ YouTube-ისთვის ამხელა ინვესტიცია შეიძლებოდა გაკეთებულიყო. მაგრამ ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც YouTube-ი ახალ, სატელევიზიო დონის ეტაპზე გადაიყვანა – დიდი შოუებითა და 10,000 ლარის გათამაშებებით.
პირველი დიდი სიხარული სამეგრელოს, რესტორან „დიარონს“ უკავშირდება. ეს იყო ჩვენი პირველი სპონსორი, რომელმაც ოთხნიშნა თანხა გადაგვიხადა. მახსოვს, ჩავედით ოთხივე, გზის და სასტუმროს ხარჯების შემდეგ ფინანსურად თითქმის არაფერი დაგვრჩა, მაგრამ ეგ არ იყო მთავარი. მთავარი იყო მომენტი – ვიღაცამ ჩვენი შრომა დააფასა!
დღეს კი 4-მილიონიან საქართველოში YouTube-ზე 570,000 გამომწერი გვყავს. ეს არ არის TikTok-ი, სადაც ვიდეო უბრალოდ სქროლვისას გხვდება. აქ ადამიანმა უნდა დაგაჭიროს და გიყუროს. ჩვენი ვიდეოების ნახვის საშუალო მაჩვენებელი 70%-ია, რაც ნიშნავს, რომ მაყურებელი ბოლომდე გვიყურებს. ყველაზე მეტად კი იმით ვამაყობ, რომ ერთ კვირაში 70 000 გამომწერი მოგვემატა.
პარტნიორებთან ურთიერთობაც დალაგებული გვაქვს. მარკეტერები მიხვდნენ, რომ პროდუქტს ყიდის არა უბრალოდ რეკლამა, არამედ სანდოობა და ადამიანი, რომელიც უყვართ. ჩვენს სპონსორებს სჯერათ ჩვენი, მხარს უჭერენ ჩვენს ყველაზე გიჟურ იდეებსაც კი.
მათ, ვინც ახლა იწყებს, ვეტყოდი: YouTube-ი გულწრფელი პლატფორმაა. აქ ვერ ითამაშებ. მაყურებელი ყოველთვის ხედავს, როცა ადამიანი თამაშობს. თუ გინდათ, რომ ღილაკს, რომელსაც უყურებთ, თქვენც დააჭიროთ და ამ სამყაროს ნაწილი გახდეთ, უნდა იყოთ ის, ვინც ხართ. არ მოატყუოთ გამომწერი. ეს თავიდან რთულია, კამერასთან პასუხისმგებლობა დიდია, მაგრამ თუ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ხართ, ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადადგათ. იყავით გულწრფელები და წარმატება აუცილებლად მოვა. სულ მახსენდება ჩემი მთავარი მრჩევლის, დედაჩემის სიტყვები. მისგან ვისწავლე, რომ მთავარია, გჯეროდეს, როცა მიზნისკენ მიდიხარ – ეს რწმენა გადამწყვეტია.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი












