in

„მთავარია გჯეროდეს, რომ ცხოვრება მშვენიერია და რაც გინდა, გამოგივა“ – ჯაბა სხვედიანი

ზოგჯერ, ცხოვრება გზაჯვარედინებზე მოულოდნელად გვაყენებს. ერთი შეხედვით უმნიშვნელო მომენტი შეიძლება სრულიად ახალი თავის დასაწყისი აღმოჩნდეს. სწორედ ასე მოხდა ჯაბა სხვედიანთანაც, რომელიც გზამ ფეხბურთის მოედნიდან თოვლიან მწვერვალებამდე მიიყვანა. საფეხბურთო კარიერა დათმო და გარშემომყოფების დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, სნოუბორდერობა გადაწყვიტა. ძალისხმევა დაუფასდა და საქართველო მსოფლიო დონის ტურნირებზე წარადგინა. ჯაბა კვლავაც განაგრძობს სპორტულ კარიერას. პარალელურად, საქართველოს სნოუბორდის ნაკრების მწვრთნელია და ახალი თაობის განვითარებისთვის სკეიტპარკებსა და სნოუპარკებს აშენებს. 

სპორტი ბავშვობიდანვე ჩემი ყოველდღიურობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო. სულ ვმოძრაობდი, ხან ხეებზე დავცოცავდი, ვგრძნობდი, როგორ ჩქეფდა ჩემში სიცოცხლე. განსაკუთრებით მიყვარდა ფეხბურთი, სადაც არ უნდა წავსულიყავი, ბურთი სულ თან მქონდა. მეგონა, ეს სპორტი კიდევ დიდხანს იქნებოდა ჩემი კარიერის ნაწილი, მაგრამ ცხოვრება ხშირად გვთავაზობს არჩევანს, რომელიც თავდაპირველად შეუძლებლად გვეჩვენება. ჩემთვის ასეთი აღმოჩნდა არჩევანი ფეხბურთსა და სნოუბორდს შორის.

ფეხბურთს რამდენიმე წლის განმავლობაში ვთამაშობდი. ერთ დღეს როცა პირველი ლიგის ჩემპიონატები მორჩა, იმ პერიოდში, დედამ გათამაშებაში მოგებული ერთდღიანი ტურის ბილეთი მომცა, შენ უფრო მოგეწონებაო და გუდაურში ავედი. მახსოვს ის დღე – პირველად ავედი თოვლიან ფერდობზე და უსასრულო თავისუფლების განცდა დამეუფლა. თითქოს ჩემში ახალი ნაწილი აღმოვაჩინე, რომელიც აქამდე ჩაკეტილი იყო. იმდენად მომწონა, რომ მთელი სეზონით დავრჩი, მეგობრებმა თავიანთი სახლი მომაბარეს და სრიალის პარალელურად, იქაურობას ვაქცევდი ყურადღებას.

ამას მოჰყვა გადაწყვეტილება, რომ ფეხბურთისთვის თავი დამენებებინა და სნოუბორდერი გავმხდარიყავი. დასაწყისში, ჩემი ნაცნობების დიდ ნაწილს ეს ძალიან სარისკო ნაბიჯი ეგონა. უკვირდათ, როგორ შემეძლო თავი დამენებებინა ჩემთვის ასეთი ძვირფასი სპორტისთვის, რომელსაც წლები მივუძღვენი და გადავსულიყავი სნოუბორდინგში, მით უმეტეს, მაშინ ეს დისციპლინა საქართველოში არც იყო განვითარებული. ნამდვილად იყო რისკი, ძალიან დიდი რისკი, მაგრამ რაღაც გულის სიღრმეში მკარნახობდა, რომ ეს გზა უნდა ამერჩია.

ცვლილება არ ყოფილა ადვილი. ახალი სპორტი, ახალი გარემო, ახალი გამოწვევები. როგორც ყველა ახალბედას, მეც მქონდა სირთულეები, თუმცა ვიცოდი, რომ თუ რამის მიღწევა გინდა ყოველთვის უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის.

სნოუბორდში ჩემი წილი თავისუფლების ახალი განზომილება აღმოვაჩინე. როცა მთის მწვერვალზე დგახარ და ქვემოთ იხედები, ხვდები, მთელი ფერდობი შენია. ეს განცდა განუმეორებელია. ჩემი სპორტული ტრანსფორმაცია იმაშიც აისახა, რომ გავხდი პირველი სნოუბორდერი, რომელმაც ფრისტაილში და Big Air-ში წარმოადგინა საქართველო მსოფლიო დონის ჩემპიონატებზე. თუ შეიძლება ასე ითქვას, კარი გავუღე ახალ სტილს საქართველოში.

რა თქმა უნდა, ბევრი წინააღმდეგობა შემხვდა ამ ყველაფრის მისაღწევად. სერიოზული ტრავმები, ხანგრძლივი რეაბილიტაციები, რათა ისევ დავბრუნებულიყავი ბორდზე. იყო ძალიან ბევრი მოულოდნელი მომენტი, რომლისთვისაც მზად არავინ არის. როცა ტკივილი გიპყრობს და ეჭვი გეპარება, როცა ექიმები გეუბნებიან, რომ კიდევ რამდენიმე თვე დაგჭირდება, მაგრამ ყველაფერი მონდომებამ და მიზნისკენსწრაფვამ გადამალახინა .

ამ გზაზე დამეხმარა ყველა ის ადამიანი, რომელიც მიყვარდა და სულ გვერდით მედგა. ყველასგან ვიღებდი რჩევას და ვცდილობდი გავმხდარიყავი ის, ვინც ახლა ვარ. მათი მხარდაჭერა იყო ის ფუნდამენტი, რომელმაც საშუალება მომცა, გამეწია რისკი და თამამად ამერჩია ახალი გზა.

არასოდეს შეგეშინდეთ ახალი გზების ძიების, არასოდეს შეგეშინდეთ რისკის, როცა გული გკარნახობთ. თავისუფლება ნიშნავს ყველაფერს, რადგან თავისუფლების გარეშე ვერაფერს ვერ მიაღწევ.

ახალგაზრდებს ვეტყოდი – ისრიალეთ, ისიამოვნეთ და, რა თქმა უნდა, იშრომეთ. ნუ შეგეშინდებათ გადაწყვეტილებების მიღების, თუნდაც ისინი სარისკო იყოს. თუ ყველაფერი დაბალანსებულია, მაშინ თქვენი კარიერული ზრდაც ბევრად მალე მოხდება.

მთავარია გჯეროდეს, რომ ცხოვრება მშვენიერია და რაც გინდა, გამოგივა. თუ იშრომებ და საჭირო ხალხთან იქნები – ყველაფერი გამოგივა.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

AI-ს სასტიპენდიო პროგრამაზე 1500-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი

4 მთავარი გზა სტრესის სამართავად