in

„მთავარია, გჯეროდეს, რომ ყველაფერი გამოგივა. ხშირად ვამბობ, რომ „ჯუნგლებში ავტობანი“ გავჭერით“ – კახა კანდელაკი

მუსიკის ძალით შთაგონებული ცხოვრება – ასე შეიძლება აღიწეროს პროფესიონალი წყალბურთელისა და კულტურის სფეროს პიონერის გზა. კახა კანდელაკი მუსიკას მამამ ჯერ კიდევ ბავშვობაში აზიარა. მას შემდეგ, მუსიკა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ალბათ ეს იყო ის, რამაც მასა და მის მეგობრებს საქართველოში ლაივ მუსიკის ინდუსტრიის ფუნდამენტის შექმნისკენ უბიძგა.

გრძელი გზა გამოიარა – ჯერ სამხატვრო აკადემია დაამთავრა, გახდა საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, მისი კარიერა წყალბურთსაც დაუკავშირა და მარკეტინგსაც, თუმცა მისი მრავალფეროვანი კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული დამსახურება ისაა, რომ „ისტერნ პრომოუშენის“ დაარსებით კახა კანდელაკმა და მისმა მეგობრებმა საქართველოში მაღალი კლასის კონცერტების ჩატარების ტრადიცია დაამკვიდრეს. როგორც თავად ამბობს, ამაყობს, რომ ამით „ჯუნგლებში ავტობანი“ გაჭრეს და გზა გაუკვალეს მომავალ თაობებს.

მისი ცხოვრების კრედო მარტივია – თავისუფლება ჯაზივით უნდა იყოს: იმპროვიზაციული, მაგრამ მიზანმიმართული. მიუხედავად დაბრკოლებებისა, ყოველთვის სწამს, რომ გულწრფელობით, გუნდურობითა და მოტივაციით შეუძლებელი არაფერია, მთავარია გჯეროდეს. 

მუსიკის სიყვარულით მამამ „მომწამლა“, კარგი გაგებით, ჯერ კიდევ, ბავშვობიდან.  ფილარმონიის დირექტორი იყო. 1979 წელს, ბიბი კინგი ჩამოიყვანა საქართველოში. ორდღიანმა კონცერტმა ჩემში გადატრიალება მოახდინა – მაშინ გავიგე, რას ნიშნავს ლეგენდის მოსმენა ცოცხლად.

სკოლის შემდეგ, სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე „სამრეწველო გრაფიკის“ განხრით – მაშინ „დიზაინი“ უცხო სიტყვა იყო. წყალბურთელი ვიყავი. 90-იანებში, არეულობის დროს, ორი წელი გერმანიის ბუნდესლიგაში ვითამაშე კონტრაქტით.  ჩემი გუნდელები და მეგობრები მივაჩვიე კარგ მუსიკას. შაბათ-კვირაობით ვიკრიბებოდით აგარაკზე, სადაც მამაჩემის ვინილების დიდი კოლექციით ვსარგებლობდი და გამოდის, ერთ-ერთი პირველი დიჯეი ვყოფილვარ, რადგან 50-100 კაციან წვეულებებზე მუსიკას უწყვეტად ვუკრავდი.

მამაჩემმა ჩემი უდიდესი გავლენა იქონია ჩემზე. ის განსხვავებული, თავისუფალი ადამიანი გახლდათ საბჭოთა პერიოდისთვის. მისი გემოვნება და მუსიკალობა ჩემთვისაც სანიმუშო გახდა – ჯონ კოლტრეინის მუსიკა თავიდან ვერ გავიგე, მაგრამ მამის წყალობით შევიყვარე.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ, კოკა-კოლაში დავიწყე მუშაობა, სადაც მალე მარკეტინგის დირექტორი გავხდი. მაშინ ტროლეიბუსებიც კი გადავღებეთ კოკა-კოლას წარწერებით. 1996 წელს, თემურ ჭყონიას მხარდაჭერით, თბილისობაზე კონცერტი გავმართეთ. მისივე რჩევით, მეგობრებთან ერთად დავაარსეთ „ისტერნ პრომოუშენი“ – კომპანია, რომელმაც ფესტივალების ორგანიზება დაიწყო და დღემდე აგრძელებს.

ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა იყო, როცა საქართველოში პირველი A კლასის კონცერტის ჩატარება გადავწყვიტეთ – ისეთის, სადაც ბილეთები იყიდებოდა. მანამდე ასეთი რამ წარმოუდგენელი იყო. როცა რობი უილიამსის ჩამოყვანა დავგეგმეთ, ბევრმა გვითხრა, რომ ქართველები ასეთ კონცერტზე ბილეთებს არ იყიდიდნენ. რისკი დიდი იყო – დიდი ბიუჯეტი, უამრავი ლოჯისტიკური საკითხი, უცხოელი მენეჯერების სკეპტიციზმი. ღამეები გავათენეთ მუშაობაში. ყველაფერი გასაკეთებელი იყო – სცენა, განათება, ბგერა, უსაფრთხოება, მარკეტინგი და ეს იმ ქვეყანაში, სადაც ასეთი მასშტაბის გამოცდილება არ არსებობდა.

საბოლოოდ, კონცერტი გრანდიოზული წარმატება აღმოჩნდა. არა მხოლოდ გაიყიდა ყველა ბილეთი, არამედ პროექტმა მოგებაც მოიტანა. ამ წარმატებამ გზა გაუხსნა უამრავ მომდევნო ღონისძიებას და დაამტკიცა, რომ თუ გჯერა, საქართველოშიც შესაძლებელია საერთაშორისო დონის ივენთების ჩატარება.

ამ წარმატებამ სრულიად შეცვალა საქართველოს ტურიზმის ლანდშაფტი. როცა ეს დიდი ღონისძიებები დავიწყეთ, ბათუმსა და თბილისში თანამედროვე სასტუმროები თითქმის არ იყო. უცხოელი მუსიკოსების და ტურისტების ჩამოსასვლელად ინფრასტრუქტურის განვითარება გახდა აუცილებელი. მახსოვს, როგორ ვსაუბრობდით, რომ „ჰილტონი“ აშენდებოდა და ეს უზარმაზარი სიახლე იყო ყველასთვის. ისეთ პერიოდში, როცა საქართველო მსოფლიო რუკაზე ბუნდოვნად აღიქმებოდა, ჩვენმა პროექტებმა ქვეყანას საერთაშორისო ხილვადობა მოუტანა. გვჯეროდა, ინვესტორები დაინახავდნენ რომ აქ ბიზნესის კეთება შეიძლებოდა, ვიზიტორებს კი სჭირდებოდათ საცხოვრებელი და დასასვენებელი ადგილები.

ეს მუსიკალური ღონისძიებები გახდა კატალიზატორი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. დღეს სასტუმროები, რესტორნები და გასართობი ადგილები, რომლებიც თავდაპირველად ფესტივალების დამსწრეების მოსაზიდად გაიხსნა, ქალაქის განუყოფელი ნაწილია. იმ პერიოდში, როცა Maroon5, Prodigy და ქვინსი ჯონსი ჩამოვიყვანეთ, ტურიზმიდან და შემოსავლებიდან 240 მილიონი ლარი შემოვიდა ოფიციალურად. ის, რაც ოდესღაც წარმოუდგენელი იყო, დღეს ჩვეულებრივი ამბავია. ახლა ვეღარავინ გაოცდება ჰილტონის მშენებლობით – უბრალოდ კიდევ ერთი სასტუმროა მრავალთა შორის.

რამდენიმე წლის მანძილზე, კულტურის მინისტრის მოადგილე ვიყავი. 2016 წელს,  პროექტი Check-in Georgia შევქმენით – 19 ქალაქში 500 ღონისძიება გავმართეთ. ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც A კლასის კონცერტები (როგორიც იყო რობი უილიამსის გამოსვლა) სტადიონზე ჩაატარა გაყიდული ბილეთებით. ჩვენი პროექტებიდან მიღებული 240 მილიონი ლარით სამხატვრო აკადემიის, დოიაშვილის თეატრისა და თოჯინების თეატრის რეკონსტრუქცია მოხერხდა.

ჩემი პრინციპია – თუ რაღაც არ მომწონს, ვერ ვაკეთებ, თუნდაც ბრილიანტის ხელფასი მქონდეს. დღესდღეობით, ზოგი წყალბურთიდან მიცნობს, უმეტესობა კი – უკვე ჯაზ-ფესტივალებით. ვამაყობ, რომ ვართ ლაივ მუსიკის დამაარსებლები დამოუკიდებელ საქართველოში. წინააღმდეგობები ყოველთვის გვქონდა, სპორტიდან დაწყებული. სპორტმა, განსაკუთრებით გუნდურმა, მასწავლა – თუ წააგებ, ის დღე უნდა დაივიწყო და მეორეს დღეს უნდა მოემზადო. დიდი ხნის განმავლობაში, ისიც კი წარმოუდგენელი იყო, რომ მუდმივი პარტნიორი გვყოლოდა ამ საქმეში. ახლა კი, ვამაყობ ხანგრძლივი პარტნიორობებით – თიბისი ბანკთან და VISA-სთან. ხშირად ვამბობ, რომ „ჯუნგლებში ავტობანი გავჭერით, გზები დავხაზეთ, მანქანები დავუყენეთ, შუქნიშნები დავდგით, ახლა კი ვეუბნებით – დასხედით და იარეთ“.

ჩემთვის ყველაფერი გუნდურობაზეა. ოთხი ბავშვობის მეგობარი ვმუშაობთ, ერთმანეთის შვილების ნათლიებიც ვართ. ერთი დღეც არ ყოფილა, რომ ერთმანეთისთვის შეურაცხყოფა მიგვეყენებინა. განსაკუთრებით მახარებს, რომ ახალგაზრდები აგრძელებენ ჩვენს გზას – მამაჩემის გზა მე გავაგრძელე, ჩემი – ჩემმა შვილმა. ისინი ტექნიკურად უფრო განათლებულები არიან, ჩვენი პრაქტიკული გამოცდილებაც აქვთ. ჩვენ მათგან ვსწავლობთ, ისინი ჩვენგან – ესაა ნამდვილი მემკვიდრეობა.

ჩემთვის თავისუფლება არის ჯაზი – არა მხოლოდ მუსიკა, არამედ ცხოვრების წესი. ჯაზურად ვცხოვრობ, ოჯახიც ასე შევქმენი. არასტანდარტული ცხოვრება მომწონს, რადგან ის ნამდვილ თავისუფლებას იძლევა.

ახალგაზრდებს ვეტყოდი: განათლება აუცილებელია, იყავით გულწრფელები, წესიერები, გიყვარდეთ თქვენი ქვეყანა და პატივი ეცით სხვებს. მთავარია გჯეროდეს, რომ ყველაფერი გამოგივა და არასოდეს ჩამოუშვა ხელები!


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

ლიკა ლაბაძის ილუსტრაციები, რომლებსაც Behance-მა რჩეული ნამუშევრების ბეჯი მიანიჭა

სოციალური დიზაინის დღეები – ახალი პლატფორმა ცვლილებაზე ორიენტირებული დიზაინისთვის