in

„მთავარია, გჯეროდეს, რომ რაც იცი, ყველაფერი არაა“ – ლადო მალაზონია

ფოტო: სერა ძნელაძე

თანამედროვე კრეატიულ სამყაროში, სადაც მკაფიო, გაბედული პასუხები და დამაჯერებელი პოზიცია, ერთი შეხედვით, წარმატების გარანტიად შეიძლება მიგაჩნდეთ, რთულია, რამეზე თქვათ – „არ ვიცი“. ჰო, რაკი სიტყვა „წარმატება“ ვახსენეთ – იმის აღნიშვნაც ხომ ძალიან გვიყვარს, როგორ მივაღწიეთ რაღაცას ან რომ ეს ვინმე სხვას გამოუვიდა? ლადო მალაზონიას ამბავი პირიქითაა – დამოუკიდებელ სტრატეგს სჯერა, რომ მთავარი მიმართულების შერჩევა და მისკენ მოძრაობაა. წარმატების მიღწევის არ სწამს, უფრო – ცნობისმოყვარეობის და კიდევ იმის, რომ სწორ გზას აუცილებლად იპოვნის და უცხო წყლებში ცურვისას არ დაიკარგება.

არადა, რამდენი გვსმენია მასზე – ჯილდოები კრეატიული ფესტივალებიდან, რამდენჯერ მოგვისმენია მისი გამოსვლა სცენიდან ან მისი ნამუშევრები რამდენჯერ გვინახავს? უწყვეტი ძიების მოყვარული ამბობს – მთავარია, გჯეროდეს, რომ რაც იცი ყველაფერი არ არის.

რისი მჯერა და რა ვიცი, ისეთი, რომ სხვისთვისაც საინტერესო იყოს?  სოკრატესი არ იყოს, მჯერა, რომ ბევრი არაფერი ვიცი. ამიტომაც, მოდი, პირდაპირ ამაზე დავწერ. ყალბი თავმდაბლობის გარეშე, მოკლედ და ცოტა აბსტრაქტულად. განსაკუთრებით მისთვის, ვინც ფიქრობს რომ რა დროს ესაა და ვისაც, შეიძლება, ამის მოსმენა ჭირდება – მათ შორის, მეც. 

ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სერიალი დაკარგულების (Lost) ცენტრალური თემაა რწმენისა და მეცნიერების კონფლიქტი, თუ თანხვედრა. ერთ ბანაკშია რწმენა. მეორეში ცოდნა. ეს ერთი შეხედვით… მაგრამ, იქვეა მესამე და სამართალი – რწმენა და ცოდნა ერთად. მე ამ ბანაკში ვარ. თან მჯერა და თან ვსწავლობ. 

მჯერა რომ ცოდნა ყველაზე ღირებულია. უნდა იცოდე რაც შეიძლება მეტი. მაგრამ ყველაფერი ვერ გეცოდინება. პირველ რიგში, ეს უნდა იცოდე. უმეტესობამ არ იცის ის, რაც არ იცის. და როცა გონია რომ რაც იცის საკმარისია – ძალიანაც ცდება.უნდა იცოდე რამდენი არ იცი და როგორ შეგიძლია ამ დანაკლისის შევსება. როცა სხვამ შენზე მეტი იცის, მისი დახმარების მიღება. გჯეროდეს საკუთარი თავის, დაე… მაგრამ არა საკუთარი ცოდნის.

დაფიქრდი, რისი გჯერა საკუთარ თავში, როცა საკუთარი თავის გჯერა? მე ჩემი ცნობისმოყვარეობის მჯერა. მჯერა რომ საჭირო დროს, საჭირო კითხვების დასმას შევძლებ.  მჯერა რომ სწორ გზას ვიპოვი – არ დავიკარგები. მთვარია, მიმართულების შერჩევა და მოძრაობა – არა დანიშნულების წერტილი – ამისიც მჯერა… და ალბათ ამიტომაც, წარმატების მიღწევის არ მჯერა.

არადა, ჩემს ცხოვრებაში უკვე ბევრი ისეთი მიღწევა დაგროვდა, რომელსაც წარმატება შეიძლება დავარქვა: ქვეყნის წამყვან კრეატიულ სააგენტოებთან ერთად წლის საუკეთესო სააგენტოს ჯილდოების მოგება. Cannes Lions საერთაშორისო ფესტივალზე პირველი ქართული შორტლისტის, შემდეგ კი პირველი ვერცხლის პრიზის მიღება. საქართველოს Young Lions დიზაინის კონკურსში ოქრო. ლექტორობა 25 წლის ასაკიდან. სიტყვით გამოსვლები ლოკალურ და საერთაშორისო სცენებზე. პრესტიჟული კონკურსების ჟიურის წევრობა თუ ხელმძღვანელობა. სამსახურიდან წამოსვლა პირდაპირ სცენიდან Ad Black Sea-ს პოდკასტის შექმნა. სტაბილური ფრილანსერული ცხოვრება… და რაც მთავარია, საოცარი გოგოს მამობა!

და რის ხარჯზე გამომივიდა ეს ყველაფერი? – არ ვიცი. წარმოდგენა არ მაქვს. არც არასდროს მქონია წარმოდგენა – და მგონი საქმეც ეგაა. არასდროს ვყოფილვარ დარწმუნებული რა და როგორ გამოვა… რომ საერთოდ, რამე გამოვა.

სამაგიეროდ, იმის გაცნობიერებით, რომ რაღაც არ ვიცი, ყოველთვის შემიძლია უკეთ მოვემზადო. ვიკითხო, ვიკვლიო, აღმოვაჩინო, მოვიხიბლო – და თან, დავიჯერო. არ ვიცი, როგორ გადავჭრა კომპლექსური სტრატეგიული თავსატეხები სამსახურში, როგორ ვიყო კარგი მამა, მეუღლე, შვილი, მეგობარი, მენტორი, თუ მოქალაქე – მითუმეტეს, ერთდროულად. 

ყოველი ახალი რაღაცის დაწყებას თან ახლავს დიდი არვიცი. და მჯერა, რომ ეს მშვენიერია. მთავარი იცი, რა არისო? – ბავშვობაში ბებია მეკითხებოდა ხოლმე. მეც იგივეს ვკითხავ ჩემ შვილს და იმედია ეს პასუხიც დაამახსოვრდება – ადამიანობა. მთავარი ადამიანობაა. 

არ მჯერა მათი, ვისაც ადამიანობის არ სჯერა. არ ვიმუშავებ უსამართლობისთვის. შეიძლება რაღაცას ვერ მივაღწიო, რაღაც შესაძლებლობა ხელიდან გავუშვა, რაღაც ბიზნესი დავკარგო… მაგრამ საკუთარ თავში იმ ადამიანობას არ დავკარგავ, რომლისაც მჯერა. მითუმეტეს – როგორც იმ სერიალში გამოდის – თუ ყველანი ისედაც დაკარგულები ვართ. განსაკუთრებით, თუ ყველანი ისედაც დაკარგულები ვართ.

განათდა რამე? ჩაიხედე საკუთარ თავში. ცეცხლი გაანათებს გზას. 

 

როგორ განახლდა კაუკასუს აუტოს ვიზუალური იდენტობა

IT აკადემია STEP – 3500-ზე მეტი სტუდენტი, ახალი წარმატებები და დაუვიწყარი ღონისძიებები