წარმატება ყოველთვის რთული ფორმულებით არ ითვლება. ლაშა დ. კოტორისთვის ის კარიერის დასაწყისიდან წლების შემდეგაც გულწრფელობაზე გადის. იყო დრო, 1000-ლარიან ხელფასზე ოცნებობდა, ახლა კი, საკუთარ კრეატიულ სტუდიას ხელმძღვანელობს და სჯერა, რომ ყველაზე მეტად „საკუთარ თავად დარჩენა“ დაეხმარა… და კიდევ ის გამოცდილება, რომელიც ACAG-ის, Young Eurobest-ისა და Ad Black Sea-ის Young Creative ჯილდოებში ითარგმნა. სჯერა, რომ კარგი იდეა ყოველთვის იპოვის სიცოცხლეს, იმის მიუხედავად, რამდენჯერ მიიღებ უარს. არასდროს ყოფილა მომენტი, როცა მიზნის მიღწევა შეუძლებლად მიაჩნდა. ყოველმა მიღებულმა უარმა, საბოლოო ჯამში, მიიყვანა სასურველ დანიშნულების წერტილამდე, სადაც შემოქმედებით იდეებს შეასხამს ფრთებს.
დღეს ჩემი ოცნებების პიკში ვარ, ყოველ შემთხვევაში, ეს ზუსტად აღწერს ჩემს ამჟამინდელ განწყობასა და მდგომარეობას. ყველაფერი კი არც ისე შორს, გლდანის მერვე მიკრორაიონში დაიწყო…
ბავშვობიდან ჩემით ვმეცადინეობდი. არავინ მეკითხებოდა რას ვაკეთებდი და მუდმივად ვვარჯიშობდი. სტანდარტული მხედველობა მქონდა ცხოვრების მიმართ – სკოლა, უნივერსიტეტი, სამსახური. არც წიგნებს ვკითხულობდი, არც განსაკუთრებული ინტერესი მქონდა რამის მიმართ. უბრალოდ, ვერთობოდი. მერე გავსუქდი და ხალხთან ურთიერთობისას ჩემი ერთადერთი იარაღი იუმორი აღმოჩნდა. ინიციაციას სხვაგვარად ვერ ვახერხებდი. ჩემი მთავარი ინტერესი საკუთარი თავის ვალიდაცია იყო იუმორის საშუალებით.
ცხოვრებისეული გარდატეხის მომენტი უნივერსიტეტს უკავშირდება. 16 წლის ასაკში აღმოვაჩინე, რომ ადამიანები წიგნებს კითხულობენ, მსჯელობენ ფილოსოფიაზე, ლიტერატურაზე, ეკონომიკასა და უამრავ ჭკვიანურ თემაზე. მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ მეც ეს მინდოდა. ვცადე. რამდენად გამომივიდა, არ ვიცი, მაგრამ ზუსტად იქ დამთავრდა ჩემი ბავშვობა. მერე „დიდობა“ ვცადე – მოსაწყენი აღმოჩნდა და კრეატიულ სფეროში ზუსტად ამიტომაც ვარ. აქ შეგიძლია ბავშვივით გიხაროდეს რაიმე ახლის მოფიქრება და ამიტომ ვიტყვი – არასოდეს გავზრდილვარ და ამაში ვიღებ ანაზღაურებას.
ოფიციალურად მუშაობა, მეორე კურსის ბოლოს დავიწყე ერთ-ერთ ფრილანს გუნდში სტაჟიორად. ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემმა სათაყვანებელმა ეკონომიკის ლექტორმა მითხრა, თუ მუშაობას მეორე კურსის მერე ვერ დავიწყებდი, ვერასოდეს შევძლებდი. მისი სიტყვების გავლენით ყველანაირ ვაკანსიაზე გავგზავნე CV: დეველოპერი, არქიტექტორი, კურიერი… არსად ამიყვანეს, რადგან არაფერი მქონდა სათქმელი გარდა გულწრფელობისა. საბოლოოდ, ერთ ფრილანს გუნდში მიმიღეს სტაჟიორად. ციტატას მოვიყვან: „არაფერი არ იცი, დავალებაც არ მოგვეწონა, მაგრამ ფოტოზე ისეთი სასაცილო სახე გაქვს, რომ რამე კარგს მოიფიქრებ“. ეს ფრაზა შეიძლება სხვას შეურაცხყოფად მიეღო, მე კი გამიხარდა. იმის შემდეგ არაფერი შეცვლილა – ისევ ისეთივე გულწრფელი ვარ და ისეთივე სახე მაქვს. ამით მოვედი დღემდე, რადგან მე სულ „მე“ ვიყავი.
ჩემი პირველი ნამდვილი წარმატების შესახებ ოცნება ბანალური იყო – 1000 ლარი ხელფასი. როცა სამი თვის შემდეგ, ამ ოდენობის ხელფასი მომცეს, მეგონა „თამაში დავხურე“. ვერც კი ვხარჯავდი, ეს ანაზღაურება იმდენი მეჩვენებოდა. საქმის მხრივ, პირველი დიდი ნაბიჯი იყო კამპანია „ზესტაფონო“, სადაც ყველაფერი ვიყავი ერთდროულად: კრეატიული დირექტორი, ქოფირაითერი, ექაუნთი, ფინანსისტი, იურისტი, მუშა და ისიც, ვინც არაფერს აკეთებს. მერე მოვიდა ACAG-ები, Young Eurobest, Best Young Creative, შორთლისთები და ჯილდოები სხვადასხვა ფესტივალებიდან, მაგრამ ნამდვილი წარმატება არის ის, რომ დღეს საკუთარ კრეატიულ სტუდია JoyBoy-მდე მოვაღწიე.
უამრავი წინააღმდეგობა მახსოვს. ძალიან პატარა სფეროა, ძალიან ცოტა პროფესიონალით და უფრო ცოტა გაბედული ბრენდით. სულ ვისწრაფვოდი მეჩვენებინა, რომ მეც შემეძლო, რომ მეც მქონდა რაღაც, რაც ღირდა მოსმენად. ახლაც ასე ვუყურებ. არ მაინტერესებს რა მოულოდნელობა ან წინააღმდეგობა შემხვდება. მჯერა, რომ კარგი იდეა ყოველთვის იპოვის სიცოცხლეს, ან ახლა, ან მომავალში. დანარჩენი უბრალოდ გაივლის. ერთადერთი რაც გადასალახია, საკუთარი თავია და ჰო, კიდევ, გვიან ღამით ჭამა.
დღეს, მყავს საყვარელი ადამიანი, უძვირფასესი მეგობრები, ცუგა ლუფი, ბედნიერი მშობლები და დავაარსე საკუთარი კრეატიული სტუდია, ჩემზე ჭკვიან და გამოცდილ ადამიანებთან ერთად. ოფიციალურად მალე გავაცხადებ, თუ რა პოზიციას ვიკავებ და რა პროექტები გველოდება. მანამდე კი, ჩვენი ურყევი სურვილია: შევქმნათ გარემო, რომელიც ხალხს ახლიდან შეაყვარებს ან ამ ინდუსტრიის სიყვარულს გაუძლიერებს. ყველა მომენტი, როცა უარი მივიღე – სტაჟირებაზე, კამპანიის იდეებზე, ხელფასის გაზრდაზე, კლიენტთან იდეის გატანაზე, საფესტივალო იდეის დაცვაზე, თანამშრომლებზე ზრუნვაზე – ყველა ეს გარდამტეხი მომენტი იყო. ყველა ამ მომენტმა JoyBoy-მდე მიმიყვანა. რატომ? იმიტომ, რომ მინდოდა შემექმნა სივრცე, რომელიც იქნებოდა თავისუფალი სხვადასხვა მიზნების მქონე ადამიანებისთვის. ადგილი, სადაც ხალხი ყოველდღე ბედნიერი იქნებოდა, რომ თავის „ჭიას იხარებს“ და თან, ძალიან მაგარ იდეებს ასხამს ფრთებს.
გარდამტეხი მომენტი იყო აღიარება, რომ სამყაროს ძალიან ვიწროდ ვუყურებდი. მივხვდი, რომ მთავარი არის ხედვა, ფილოსოფიის ცხოვრების წესად ქცევა და მონდომება, დანარჩენი უბრალოდ, მოცემულობა და მიზეზებია. მივხვდი, მთავარია, საყვარელი ადამიანები და კარგი ძილი და დანარჩენი გადაილახება. მთავარია, გჯეროდეს საკუთარი თავის და მერე საკუთარი თავი დაგაჯერებს რომ სხვებსაც სჯერათ შენი.
არასოდეს ყოფილა მომენტი, როცა მეგონა, რომ მიზნის მიღწევა შეუძლებელი იყო. მუდამ მარტივად ვპოულობდი ძალას, რადგან არ მაინტერესებდა, მქონდა თუ არა ეს ძალა ან მოტივაცია. თუ პრობლემა თავად ვიყავი, საკუთარ თავთან მოგვარებით პრობლემაც ლაგდებოდა – მივდიოდი, ვიძინებდი, ენერგიით ვივსებოდი და ვიღვიძებდი. არ უნდა ამას ბევრი ფილოსოფია – საკომუნიკაციო სფეროში ვართ, ბრძოლის ველზე კი არა. დაისვენე და ყველაფერი გაგივლის. ბედნიერი და გულწრფელი ხალხი ქმნის სარგებლიან და ნამდვილ კომუნიკაციას. ამიტომ, თუ გინდა, რომ საქმეში წარმატებული იყო, ჯერ საკუთარ თავთან უნდა მიაღწიო ამას.
რას ნიშნავს ჩემთვის თავისუფლება? ამ ქვეყანაში თავისუფლება რას ნიშნავს, არ ვიცი. ბილწი სიტყვის, ცრემლისა და უსამართლობის განცდა მახსენდება და მინდა ეს ბრაზში ვთარგმნო. წარმატება კი ჩემთვის მარტივია – ესაა საშუალება, ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმე და თან ცოტა ანაზღაურებაც მქონდეს.
მათ, ვინც ახლა იმ გზის დასაწყისში არიან, სადაც მე ოდესღაც ვიდექი, ვეტყვი: თუ მართლა გინდათ ამ სფეროში ყოფნა, ამას ვერავინ წაგართმევთ. უყურეთ ფესტივალებს, გყავდეთ კუმირები, ისწავლეთ ის, რაც ახლა არ იციან ამ სფეროში მყოფმა ადამიანებმა, ასეთი კი უამრავი რამ არის. შეიძლება საქმისმიერი გამოცდილება ყველას ერთიანად არ ეძლევა, მაგრამ ცოდნა საზიაროა. ცოდნა კი იწყება კითხვებით, ამიტომ არ მოგერიდოთ, თუნდაც უპასუხოდ დარჩეთ. ვიღაც აუცილებლად გიპასუხებთ და ვიღაც ამ უპასუხობასაც ინანებს – ასეთია კანონი.











