in

„მთავარია, გჯეროდეს, რომ შენ ეს შეგიძლია!“ – ლევან გიორგაძე

თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ, რომ წარმატება სწორხაზოვანი გზაა, სადაც ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად ადიხარ კიბეზე, მაშინ ეს ისტორია თქვენს წარმოდგენას რეალობის ახლებურ რელსებზე დააყენებს. ლევან გიორგაძის კარიერა უფრო ჰგავს ამერიკულ მთებს, სადაც აღმასვლას თავბრუდამხვევი ვარდნა ცვლის, მერე კი ისევ ახალი ძალებით მიიწევ ზემოთ. ამ გზაზე იყო ბიზნესი მამასთან ერთად, პირველი ქართული ლეპტოპები, გაკოტრება, მადრიდი, „გალფის“ ფინანსური დირექტორობა, კლუბი შარდენზე, რომელიც სამ თვეში დაიხურა, პოდკასტები, სტარტაპები და ისევ – მუდმივი ძიება. 

დღეს რომ მკითხოთ, ვინ ვარ, გეტყვით, რომ ვარ მეწარმე, პოდკასტერი და მენტორი, თან „მედიქლაბ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის მოადგილე. მაგრამ ამ სტატუსების მიღმა დგას ბიჭი, რომელსაც ბავშვობაში კომპიუტერული თამაშები და ლაპარაკი უყვარდა. დედაჩემს სკოლაში სულ ეუბნებოდნენ: „თქვენი შვილი ძალიან ბევრს ლაპარაკობსო“. ჰოდა, ეტყობა, პოდკასტის კეთებაც მაგიტომ მსიამოვნებს – არც ახლა ვაკლებ.

ყველაფერი კი ლეპტოპების მაღაზიიდან დაიწყო. წარმოიდგინეთ, 2004 წელია, საქართველო. მამაჩემმა და მისმა პარტნიორებმა გადაწყვიტეს, პირველი ქართული ლეპტოპები აეწყოთ ბრენდით Maxtop. მეც იქ ვიყავი, გამყიდველად. ახალგაზრდა, ენერგიული, ფიცხი და ზედმეტად თავდაჯერებული. სიამაყით დავდიოდი, ვფიქრობდი, რომ რაღაც დიდს ვაკეთებდით. და მართლაც ვაკეთებდით, სანამ ცხოვრებამ პირველი, ძალიან მძიმე მუშტი არ მომცხო სახეში.

ერთ დღესაც კომპანია გაკოტრდა. ეს არ იყო მხოლოდ ბიზნესის დასასრული, ეს იყო უზარმაზარი ვალები, რომლებიც მთელ ჩვენს ოჯახს დააწვა კისერზე. ეს იყო მომენტი, როცა ბავშვობა დამთავრდა და რეალობა შემოიჭრა. მიუხედავად იმისა, რომ არაფერი სასიამოვნო ამაში არ იყო, დღეს მგონია, რომ ამ პერიოდმა ყველაზე მეტად გამზარდა. როცა ზურგით კედელს მიგაყუდებენ, მაშინ ყალიბდები დამოუკიდებელ ადამიანად. სხვა გზა უბრალოდ არ გრჩება.

სწორედ ამ დროს გადავედი „საქართველოს ბანკში“. ოთხი წელი ვიყავი კორპორაციული ბანკირი, ვემსახურებოდი უმსხვილეს კომპანიებს. მერე იყო მადრიდი – მაგისტრატურა, ახალი ჰორიზონტები და კიდევ ერთი, ყველაზე მტკივნეული გარდამტეხი მომენტი.

2012 წელი. მადრიდში ვამთავრებ სწავლას. გამოსაშვები საღამოა, დედა და მამა ჩემთან ჩამოვიდნენ, რომ ეს სიხარული გაიზიარონ. და სწორედ წინა დღეს, მამა გარდაიცვალა. ერთ წამში ყველაფერი თავდაყირა დადგა. ეს არ იყო მხოლოდ დანაკარგი; ეს იყო მომენტი, როცა გავიაზრე, რომ მარტო ჩემი თავისთვის აღარ ვარ. სხვა პასუხისმგებლობა წამოვიდა. ამ ტრაგედიამ კიდევ ერთხელ გამზარდა და მასწავლა, რომ ცხოვრება არ გელოდება.

საქართველოში დაბრუნებული ენერგეტიკის სექტორში აღმოვჩნდი – ჯერ „გალფის“ ფინანსური დირექტორი, მერე „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორი. ეს იყო ჩემი პირველი რეალური, ხელშესახები წარმატება კარიერაში. თუმცა, მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც ერთ ადგილზე ჩერდება. მინდოდა ინდუსტრიის შეცვლა, ახალი როლების მოსინჯვა. ასე აღმოვჩნდი „ევექსის ჰოსპიტლების“ ქსელში, სადაც მარკეტინგსა და მომხმარებლის გამოცდილებას ვხელმძღვანელობდი.

მაგრამ კორპორაციული კარიერის პარალელურად, ჩემში სულ ცოცხლობდა მეწარმე. მქონდა პატარა ატელიე, რომელიც სულ რაღაც სამი თვე არსებობდა. მქონდა კლუბი შარდენზე, ისიც სამ თვეში დავხურეთ – ეს ალბათ ყველაზე ძვირადღირებული სამთვიანი გართობა იყო ჩემს ცხოვრებაში. ვიყავი “CROSTY”-ის ერთ-ერთი პირველი ინვესტორი. ახლა ვარ საგანმანათლებლო აპლიკაცია Wenroll-ის აქციონერი და Bubblehead-ის თანადამფუძნებელი.

გზა არასდროს ყოფილა მარტივი. ყოველთვის იყო მოულოდნელობები, წინააღმდეგობები და დღესაც არ აკლებს. მაგრამ იცით რა? რაც მეტია წინააღმდეგობა, მით უფრო საინტერესოა. ადვილ, განჭვრეტად მოგზაურობაში ხომ არაფერია ამაღელვებელი.

ხშირად მქონია მომენტები, როცა მიზნის მიღწევა შეუძლებელი მეგონა. მაგრამ ზუსტად ვიცი: თუ შეუძლებელი გგონია, ვერც მიაღწევ. რწმენა, დისციპლინა და შეუპოვრობა – აი, ეს არის მთავარი სამკუთხედი. მე ოპტიმისტი ვარ, სულ მჯერა, რომ ბოლოს მაინც გავალ სამშვიდობოს. თან, საოცრად გამიმართლა ადამიანებში – მყავს ძმა, რომელიც ყოველთვის სამაგალითო იყო ჩემთვის, და მეგობრები, ვისთან ერთადაც არაფრის მეშინია.

დღესაც ვეძებ თავისუფლებას. ეს რთული ცნებაა. ჩემთვის თავისუფლება ნიშნავს, იყო შენი ავთენტური თავი, და არა ისეთი, როგორიც სხვებს უნდათ, რომ იყო. წარმატება კი ძალიან ინდივიდუალურია. ნუ ეძებთ მის განმარტებას გარეთ. წარმატებაა, როცა აღწევ იმას, რაც შენ გინდა.

ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა იწყებენ გზას, ვეტყოდი: საოცარი შესაძლებლობების ეპოქაში ვცხოვრობთ. გაბედეთ, იყოთ ის, ვინც ხართ! ნუ გაფლანგავთ ცხოვრებას სხვების ოცნებების მსახურებაში. აქციეთ თქვენი ოცნებები მიზნებად და შეუპოვრად იშრომეთ მათთვის. მთავარია, გჯეროდეს, რომ შენ ეს შეგიძლია!


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია – „გაბედე“ წარადგინეს

ბაზისბანკი BARTA 2025 დაჯილდოების გამარჯვებულია