ყველაფერი სწორედ იმ მომენტიდან შეიცვალა, როცა ოფისის მონიტორთან მჯდომმა ლევან მეტრეველმა მკაფიოდ გაიაზრა – ცხოვრებას ერთფეროვნებაში ვერ გაატარებდა. უსაფრთხო, პროგნოზირებადი სამუშაო გარემო დატოვა და აირჩია გზა, სადაც მთავარი ორიენტირი ნამდვილი თავისუფლება და ექსტრემალური სპორტი იყო.
პროფესიის შეცვლა მხოლოდ პირველი, ყველაზე მარტივი ნაბიჯი აღმოჩნდა. იქ, სადაც ფრისთაილისა და ფრირაიდის კულტურა ფაქტობრივად არ არსებობდა, ინფრასტრუქტურა კი ნულის ტოლი იყო, ლევანმა სრულიად ახალი ეკოსისტემის შენება დაიწყო. როდესაც გარემო სიახლეებს სკეპტიკურად უყურებს, მთავარი მამოძრავებელი ძალა საკუთარი სიჯიუტე და ინტუიცია ხდება. სწორედ ამ პრინციპით შეიქმნა პროექტი White Rabbit, რომელმაც სტანდარტული სამუშაო სივრცე გუდაურის, სვანეთისა და ბაკურიანის მთებით ჩაანაცვლა.
ბანკში, კრედიტ ოფიცრად ვმუშაობდი. უნივერსიტეტის პერიოდი იყო და ერთ დღესაც, ოფისში მსხდომმა ზუსტად გავიაზრე: ამ ერთფეროვან გარემოში ცხოვრებას უბრალოდ ვერ გავატარებდი. ეს მე არ ვიყავი. ალბათ, სწორედ ამ გაცნობიერებამ და შინაგანმა პროტესტმა განაპირობა ჩემი დღევანდელობა – ის, რომ ახლა, ოფისის ნაცვლად, ჩემი სამუშაო სივრცე გუდაური, სვანეთი და ბაკურიანია, ხოლო ყოველდღიურობა – ექსტრემალური სპორტი.
ბანკიდან წამოსვლის შემდეგ, მეგობრებთან ერთად ღონისძიებების მენეჯმენტის კომპანია დავაფუძნე. ერთხელ, ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, გუდაურში სათხილამურო ფრისტაილის აქტივობის ჩატარება მოგვიწია. იქ ვნახე ადამიანები, რომლებიც რაღაც უცნაური თხილამურებით სრიალებდნენ. დავინტერესდი, პირველად დავდექი Twintip-ზე. ამან ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ეს იყო სრიალის სრულიად ახალი, თავისუფალი და განსხვავებული შეგრძნება. იმდენად უსაზღვროდ მომეწონა, ერთადერთი რამ მინდოდა: დროის უმეტესი ნაწილი მთაში გამეტარებინა და ეს ემოცია სხვებისთვისაც გამეზიარებინა. ზუსტად იმ დღეს დავიწყე ფიქრი, თუ როგორ მექცია სრიალი ჩემს ცხოვრებად.
მაგრამ ის, რისი კეთებაც გადავწყვიტე, იმდროინდელ საქართველოში სრულიად უცხო ხილი იყო. ფაქტობრივად, არაფერი არსებობდა. მხოლოდ ერთი მაღაზია შემოდიოდა „ფრისთაილის“ ეკიპირებით. არც ფედერაცია გვქონდა, რომელიც ამ დისციპლინის განვითარებაზე იზრუნებდა. როცა რაღაც არ არსებობს, შენ თავად უნდა შექმნა. ასე გავხსენით მეგობრებმა მაღაზია TwinTip, შევუერთდით საქართველოს სათხილამურო ფედერაციას და ფრისთაილის კომიტეტი ჩამოვაყალიბეთ.
გზა ძალიან რთული იყო და არც ახლაა მარტივი. საზოგადოების უმეტესობა სიახლეებს პესიმისტურად უყურებს, პერსპექტივას ვერ ხედავენ და არც რესურსის დახარჯვა უნდათ. დაღლის და ხელის ჩაქნევის მომენტები სულ არის. რაღაც მუდმივად გექაჩება ქვევით, გამძიმებს, გაბრაზებს. მაგრამ სადღაც შიგნით მაინც არის ის ენერგია და ჟინი, რაც დანებების საშუალებას არ გაძლევს. ჩემს შემთხვევაში ეს თავისუფლების სიყვარული და დამოუკიდებლობის მოთხოვნილებაა – ეს გრძნობა ყველაფერ სხვას აჭარბებს.
ეს სიჯიუტე, ალბათ, მამაჩემისგან მომდევს. ბავშვობაში, როგორც ყველა, ეზოში თამაშით ვერთობოდი, მაგრამ როცა მამამ თხილამურებზე სრიალი მასწავლა, ეს ჩემს მთავარ ინტერესად იქცა. მამაჩემი არის ადამიანი, ვის შემყურეც დავრწმუნდი: ნებისმიერი რამ შესაძლებელია, თუ საკუთარი თავის გჯერა და საქმეს ჯიუტად აკეთებ.
გარდამტეხი მომენტი 2019 წელს დადგა, როდესაც საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ FIS-ის ფრისთაილის, ფრისკის და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება მოიპოვა. ამან უცებ შეცვალა სურათი – სპორტის ამ დისციპლინების ცნობადობა ქვეყნის მასშტაბით გაიზარდა და ყურადღება მიიქცია. მივხვდით, რომ ტყუილად არ გვიშრომია.
დღეს, ჩემი ყველაზე დიდი წარმატება და საქმე პროექტი White Rabbit-ია. ამას ჩემს ორ მეგობართან – ლუკა ელოშვილთან და გიორგი მათიაშვილთან ერთად ვაკეთებ. თუმცა, ჩვენ სამნი ვერაფერს გავხდებოდით ჩვენი მაგარი გუნდის გარეშე. რას ვაკეთებთ? ვაწყობთ ექსტრემალური სპორტის შეჯიბრებებს და ვქმნით შესაბამის ინფრასტრუქტურას. გვაქვს თოვლის პარკი და ვეიქ პარკი გუდაურში, სადაც სპორტულ და გასართობ აქტივობებს ვატარებთ. ასევე გვაქვს White Rabbit Bars თბილისსა და გუდაურში – ეს არის ექსტრემალური სპორტის ბარი, რომელიც ამ ცხოვრების სტილის მიმდევარ ხალხს აერთიანებს.
პარალელურად, ვაკეთებთ Georgia Freeride Series-ს – საერთაშორისო შეჯიბრებების სერიას ფრირაიდში, რომელიც სვანეთსა და გუდაურში, კვირეულების ფორმატით ტარდება და მალე ბაკურიანიც შემოუერთდება. ჩვენი მიზანია, ფრირაიდი საქართველოში პროფესიონალურ სპორტად ვაქციოთ და ახალგაზრდებს განვითარების საშუალება მივცეთ. ამასთან ერთად, ვაგრძელებ საქმიანობას სათხილამურო ფედერაციაში, სადაც ფრირაიდის, ფრისკისა და სნოუბორდ ფრისთაილის დისციპლინებს ვავითარებთ.
მიუხედავად ამდენი წელი შრომისა, ვთვლი, რომ მიზნამდე ჯერ კიდევ ძალიან დიდი გზაა და მხოლოდ საწყის ეტაპზე ვართ. ჩემთვის თავისუფლება, წარმატება და მიღწევა – უბრალოდ, ცხოვრებაა.
მათ, ვინც ახლა დგას გზის დასაწყისში, ვეტყოდი: მიჰყევით შინაგან ხმას და ინტუიცlevan იას. მინდა ყველას ესმოდეს, რომ შეუძლებელი არაფერია. მთავარია გჯეროდეს, რომ შეგიძლია.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი












