in

„მთავარია, გჯეროდეს, შენს ხელშია ყველაფერი და გარემო შეიცვლება მხოლოდ მაშინ, როცა საკუთარ თავს შეცვლი“ – მანანა არაბული

მთელი ცხოვრება გზაა, აქ პროცესია მთავარი. არასდროს ამბობს, რომ „რაღაცას მიაღწია“. ამბობს, სანამ ვსუნთქავ და ვმოძრაობ, სულ იქნება რაღაც, რაც შემიძლია ვისწავლოო. მუდმივად აღმოჩენებშია. ქაღალდი მანანა არაბულისთვის თითქმის საკრალური პარტნიორია კრეატიულ მოგზაურობაში. წიგნის დიზაინერი, ხელოვანი და კოლექციონერი გამორჩეულ ენერგიას, რომელიც მის ცხოვრებისეულ ფილოსოფიასა და ღირებულებებს საკუთარ შემოქმედებაში გამოხატავს.

წიგნებთან მჭიდრო კავშირის გარდა, მისი საქმიანობა უკავშირდება საკუთარ ონლაინ მაღაზიას, სალექციო კურსებსა და პირად პროექტებს. მანანა არაბულს აქვს უნარი იპოვოს ახალი გზები თვითგამოხატვისთვის. მისთვის გარემო საკუთარი შინაგანი სამყაროს პროექციაა, ამიტომ როცა გარემოს შეცვლა უნდა, პირველ რიგში, საკუთარ თავზე იწყებს დაკვირვებას, რადგან მისი თქმით, ცხოვრება იცვლება მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ ვიცვლებით.

ჩემი ცხოვრება ერთ დიდ თავგადასავალს ჰგავს, რომელიც სავსეა მოულოდნელობებით, შეცდომებით, აღმაფრენებით, ტკივილითაც და სიხარულითაც. მე მანანა არაბული ვარ – დედა, ხელოვანი და კოლექციონერი. ძალიან კარგად მახსოვს ის მომენტი, როცა გადავწყვიტე, რომ ხელოვანი უნდა გავმხდარიყავი. დღემდე მახსოვს იმ პარკის სურნელი და ხეების ხავერდოვანი ჩრდილები. ანტონიონის ფილმ Blow Up-ის პარკს ჰგავდა.

1984 წელი, პატარა ქალაქი ტარტუ, ესტონეთი და მე – 16 წლის აბიტურიენტი, რომელიც სამედიცინო ფაკულტეტზე აბარებდა. დიახ, ნამდვილად მინდოდა თვალის მიკროქირურგი გავმხდარიყავი. იდეალისტი ვიყავი – მჯეროდა, რომ ადამიანებისთვის სინათლის დაბრუნება შემეძლო.

მამას ძალიან ვუყვარდი და ჩემ „ფანტაზიებს” ყოველთვის მხარს უჭერდა. გაარკვია ყველაფერი და წამიყვანა ტარტუში – რექტორის აგარაკზეც კი ვიყავით ვახშამზე. გამოცდებამდე ერთი თვით უნდა დავრჩენილიყავი ტარტუში. საქმეების გამო მამას მოუწია საქართველოში დაბრუნება და დამტოვა მარტო ერთი კვირით სასტუმროში.

პირველად ვიყავი მარტო უცხო ქალაქში, რომელიც უკვე მაშინ იყო ევროპული. აი აქ დაიწყო ჩემი „თავისუფალი ფრენა“. ბევრს ვსეირნობდი, შევდიოდი მარტო „ჟულიენის“ საჭმელად რესტორანში, სადაც მემსახურეობდნენ როგორც ზრდასრულ ადამიანს. საქართველოში ეს ხომ გამორიცხული იყო მაშინ – გოგო, მარტო რესტორანში?! ნონსენსი.

ყოველდღე ვყიდულობდი ბევრ თხილს და მივდიოდი პარკში, სადაც ციყვები ახლოს მოდიოდნენ და ხელიდან ჭამდნენ. რაღაც უცნაური მოხდა ჩემში იმ ულამაზეს პარკში ყოფნისას. ზუსტად მაშინ მივხვდი, რომ მინდა ვიყო თავისუფალი ჩემ არჩევანში და მინდა ვიყო ხელოვანი, არა ექიმი. გამოცდაზე გავედი და არაფერი არ დამიწერია. მამას გული გავუხეთქე ჩემი გადაწყვეტილებით, მაგრამ ისეთი ანთებული ვიყავი, იმდენად მჯეროდა, რომ მშობლებსაც დავაჯერებინე – სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

ბავშვობიდან ცხოველები, ბუნება, საიდუმლოები და თავგადასავლები მიტაცებდა. ჩემით ვიგონებდი ხოლმე ისტორიებს და მერე ეზოს მეგობრებს ვუყვებოდი. დიდი ფანტაზიის უნარი მქონდა და იდეალისტი ვიყავი. ლიტერატურაც მიყვარდა შესაბამისი – კონან დოილი, ჯონატან სვიფტი, ედგარ პო, ბელიაევი იყვნენ ჩემი საყვარელი პროზაიკოსები.

სახლში სულ ჩემს მაგიდასთან ვიჯექი, ვძერწავდი, ვხატავდი. გირჩებით, ჯოხებით და ხის სოკოებით სავსე მაგიდა მქონდა. სკოლაში კედლის სატირული გაზეთის „ზღარბი“ დამაარსებელი და მხატვარი ვიყავი – ყოველ კვირას ახალი პუბლიკაციები და კარიკატურები გვქონდა.

რუსთავის რუსული სკოლა დავამთავრე, სადაც საბჭოთა წყობა მძაფრად იგრძნობოდა. სკოლას რომ ვამთავრებდით, ბოლო ზარის ზეიმი სპორტულ დარბაზში უნდა გვქონოდა. საშინელი კედლები ჰქონდა დარბაზს და გადავწყვიტე ჩემით გამეფორმებინა უზარმაზარი დარბაზი. დიდი ხვეწნის შემდეგ, ნება დამრთეს. თავად ვიყიდე ბევრი „შპალერი“, ზედ კი, ბავშვობასთან დამშვიდობების სიმბოლოდ, მულტფილმის პერსონაჟები და ბევრი ღრუბელი დავხატე. ისეთი მაგარი რამ გამოვიდა, მთელი სკოლა აღფრთოვანებული იყო.

ჩემი პირველი სამსახური 90-იანებში გელა კანდელაკის მიერ დაარსებული სტუდია „კვალი“ გახლდათ. ერთ-ერთ ანიმაციურ პროექტზე მულტიპლიკატორ კარლო სულაკაურის ასისტენტი ვიყავი.

ჩემი დღევანდელი საქმიანობა კი ჩაისახა 1996 წელს, როდესაც პოსტ-საბჭოთა სივრცის პირველი გლოსი ჟურნალის დიზაინერი გავხდი. ეს იყო ჰოლანდიელების მიერ დაარსებული ჰოლდინგი Hearst Independent Media Press-ის ჟურნალი Harper’s Bazaar-ის ადაპტაცია. სწორედ იქ შევეხე პირველად დიზაინსაც და ბეჭდვით პროცესებსაც.

წარმოიდგინეთ, 1996 წელს პირველი მაკინტოში მქონდა, მოყვითალო ფერის, პატარა ეკრანით და პირველი კორპორატიული მობილური ტელეფონი. ახლა უფრო კარგი დროა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ახალმა ტექნოლოგიურმა ერამ ბევრი სხვა გამოწვევა და სირთულე მოიტანა ადამიანისთვის.

ჩემი ცხოვრების გარდამტეხი ეტაპი იყო ჩემი დაბრუნება საქართველოში, 2008 წელს. ომის დაწყებამდე ერთი წლით ადრე მივხვდი, რომ აღარაფერი მაკავებდა რუსეთში. ის, რასაც ვაკეთებდი, აღარ მომწონდა. მივხვდი, უნდა შემეცვალა ყველაფერი. ძალიან მომწონდა იმდროინდელი საქართველო.

ბოლო 18 წელია წიგნის დიზაინზე ვმუშაობ. ოჯახის, სახლისა და ჩემი ფისოების (სამი მყავს) პარალელურად, ვმართავ ჩემს ონლაინ მაღაზია Black Dog Shop-ს, ვმუშაობ ჩემ პირად პროექტებზეც და მომავალი წლის სალექციო კურსებს ვამზადებ.

სწავლა და საკუთარი თავის განვითარება ჩემთვის მუდმივი პროცესია. ახალი უნარები, ინტერესები და ექსპერიმენტები – ჩემი ყოფის ნაწილია.

ჩემთვის რწმენა-სიყვარული-პროცესი-მიზანი ერთ მთლიანობას წარმოადგენს. შიში კი უცნაურად მოქმედებს ჩემზე – უფრო მეტ ძალასაც მანიჭებს და კონცენტრაციასაც. ამასობაში საკუთარ შინაგან დემონებსაც და შიშებსაც კი დავუმეგობრდი.

საკუთარი თავის გამოხატვის თავისუფლებაა მნიშვნელოვანი და საკუთარი თავისგანაც განთავისუფლება. მინდა არაფერზე არ ვიყო დამოკიდებული. ასკეტიზმი მხიბლავს, მშვიდ და ღრმა ადამიანებთან უფრო მსიამოვნებს ყოფნა.

წარმატება ზოგადი სიტყვაა, ვერავინ ვერ განსაზღვრავს სხვა ადამიანის ‘წარმატებას’. მხოლოდ მუდმივ განვითარებაში ვხედავ წარმატებას – სულიერ და გონებრივ განვითარებას, გააზრებულ ცხოვრებას, როდესაც იაზრებ „ვინ ხარ შენ“ და იაზრებ შენ გარემოსაც.

დღეს სულ სხვა დროა, მაგრამ პირველ რიგში, გიყვარდეთ და გჯეროდეთ. საკუთარი თავი შეისწავლეთ, დააკვირდით, ნუ ჩქარობთ, სამყაროს არ უყვარს სიჩქარე. არასდროს არ შეადაროთ თქვენი თავი სხვას – მხოლოდ საკუთარ ენერგიას დაკარგავთ ამ შედარებებში.

ფოკუსირდით საკუთარ ქმედებაზე, მიხედეთ იმას, რაც თქვენ გიყვართ და კარგად შეისწავლეთ ეგ დარგი. იყავით უშუალოები, გულახდილები და თავისუფალნი შინაგანად. მთავარია, გჯეროდეს, შენს ხელშია ყველაფერი და გარემო შეიცვლება მხოლოდ მაშინ, როცა საკუთარ თავს შეცვლი.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

შეძლებ იმასაც, რაც არავის გაუკეთებია – მთავარია გჯეროდეს!

ელფოსტის მარკეტინგის 10 ხელსაწყო – შეარჩიეთ თქვენს ბიზნესზე მორგებული