საკუთარი გზის ძიებისას, ზოგჯერ ვერ ვამჩნევთ, რამხელა მანძილი გავიარეთ. ცნობისწადილი ისე შორს გაგვიტყუებს, სრულიად მოულოდნელ გარდატეხებს გაგვატარებს და ყოველ ჯერზე ახალ აღმოჩენებამდე მიგვიყვანს ხოლმე. ათი წლის წინ, მარიამ გიუნაშვილიც ვერ წარმოიდგენდა, ჰობი პროფესიად თუ ექცეოდა და მსოფლიო ფოტოგრაფების რჩეული პლატფორმა Magnum-ის საერთაშორისო აღიარებას მოიპოვებდა. მისთვის ცხოვრება ერთი მთლიანი ძიების პროცესია, რომლის ბოლო ათმა წელმა დოკუმენტურ ფოტოარქივში მოიყარა თავი და სრულიად განსხვავებული გეზით წაიყვანა. ყოველ ახალ ეტაპზე, იმ მომენტში, როცა შიში გვიპყრობს და ვფიქრობთ, გადავდგათ თუ არა ნაბიჯი იმ მიჯნაზე, რომლის იქითაც შეუცნობელი ტერიტორია გველოდება, მარიამს სჯეროდა, რომ რაღაც ახალი და საინტერესო ელოდა. მისი გზაც ასეთია ტელეფონით გადაღებული პირველი ფოტოებიდან სტრასბურგის კლუბში გამოფენამდე, ადგილობრივი კონკურსის მოგებიდან „დიდ” Magnum-ამდე. მის მიერ შექმნილი პროექტი ასახავს იმავე თაობას, რომელსაც თავად ეკუთვნის – ახალგაზრდებს, რომლებიც „დანგრეულ იდეოლოგიაზე დაბადებულნი, ახლის აშენების პროცესში არიან”.
დღეს, მარიამი ორი პროფესიის – ფოტოგრაფიისა და მიქსოლოგიის – პარალელურად განვითარებით არის დაკავებული. თუმცა, როგორც თავად ამბობს, წარმატება მისთვის არც სტატუსია და არც აღიარება, არამედ „საკუთარ თავში სიმშვიდის პოვნა” და სხვებზე დადებითი გავლენის მოხდენა.
არავის ეგონა, რომ ფოტოგრაფიასთან ასე ვიქნებოდი დაკავშირებული. ვერც მე წარმოვიდგენდი რომ ჩემი ფოტოები ერთ დღესაც ისეთი სააგენტოს აღიარებას მიიღებდა, როგორიც Magnum-ია. გრანტი ავიღე პროექტით, რომელზეც ბოლო ათი წელია ვმუშაობ. თუმცა ამ ათიდან პირველი ექვსი წელი არც ფოტოგრაფად აღვიქვამდი თავს, არც ფოტოგრაფიაზე ვიცოდი რამე და ვერც იმას ვიფიქრებდი რომ ფოტოები რომლებსაც მოგონებების შესანახად ვიღებდი, ამ პროექტად გადაიქცეოდა.
29 წლის ვარ. მუდმივად ძიების პროცესში ვიმყოფები. 16 წლის ასაკიდან მსახიობობა მაინტერესებდა, ამიტომ თეატრში დავიწყე თამაში, შემდეგ ჟურნალისტიკასა და ფსიქოლოგიაში დავაგროვე აკადემიური ცოდნა, პარალელურად მიქსოლოგია შევისწავლე, და წარსულში რომ ვიყურები, ვხვდები რომ ყველა ამ ეტაპის განუყოფელი ნაწილი იყო ფოტოგრაფიაც. ის რასაც მუდმივად ვეძებდი თურმე სულ ჩემთან იყო.
მოგონებების შესანახად ფოტოების ობსესიურ გადაღებას ჩემი ბავშვობის გამოცდილებას ვუკავშირებ: პაპაჩემს ალცჰაიმერი რომ დაუდგინეს თინეიჯერი ვიყავი, ვხედავდი როგორ ქრებოდა ნელ-ნელა მისი მეხსიერება. ყოველ მისვლაზე ცოტათი უფრო ძნელად მცნობდა და მერე საერთოდ ვეღარ მიხსენებდა. ამ გამოცდილებამ დიდი კვალი დატოვა ჩემზე, იმის შიშით რომ ოდესმე მეც იგივე შეიძლება გადამხდენოდა, ყველაფრის დოკუმენტაცია დავიწყე. მე რომც დამვიწყდებოდა, ჩემი მოგონებები რომ გადარჩენილიყო.
ფოტოგრაფიასთან პირველი ოფიციალური შეხება ჟურნალისტიკის კურსზე მქონდა. ჩვენმა ლექტორმა დაგვავალა კამერით გავსულიყავით ქუჩაში და გადაგვეღო. იმ ქუჩებზე სადაც მთელი ცხოვრება დავდიოდი, ფოტოაპარატით ხელში ახალი დეტალების შემჩნევა დავიწყე. თითქოს სამყაროს უკეთ გაცნობის გზა აღმოვაჩინე, ეს შეგრძნება დღემდე მახსოვს.
პირველი ხელფასი თეატრში ავიღე – 28 ლარი და 50 თეთრი, საბავშვო სპექტაკლში ვითამაშე. შემდეგ სტუდენტური დასაქმების პროექტში ვიყავი, ფოსტაშიც მიმუშავია, საბავშვო ბაღშიც, ათასი რამ მიკეთებია. უნივერსიტეტში სწავლის დროს, მეორე კურსზე, ბარში დავიწყე მუშაობა. სასაცილოა ისიც, რომ მანამდე ბარებში არასდროს დავდიოდი, არც ალკოჰოლთან ვმეგობრობდი. უბრალოდ, სწავლის პარალელურად, ყველაზე მოსახერხებელი გრაფიკი მქონდა და ეს იყო ოფიციალური სამსახური, რითაც დამოუკიდებლად დავიწყე ცხოვრება.
მას შემდეგ ჩემი ცხოვრების ძირითად დროს ბარებში და აქციებზე ვატარებდი, პარალელურად კი სულ ყველაფერს ვიღებდი და ასე შეიქმნა ”Disposable Highs” – ჩემი ყველაზე ხანგრძლივი ფოტოპროექტი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაბადებული თაობის ყოველდღიურობას ასახავს. თაობის, რომელიც დაიბადა დანგრეულ იდეოლოგიაზე და თავისით ცდილობს რაღაც ახლის აშენებას, პროცესში კი ზოგჯერ შვებას ალკოჰოლით ინტოკსიკაციაში ვპოულობთ, ზოგჯერ კი ქუჩებში წინააღნდეგობის გაწევა გვიწევს. ეს გრძელი გზაა და ის რამდენადაც სირთულეებით, შეცდომებით, და ზოგჯერ იმდეგაცრუებებით, იმდენად ერთმანეთის დახმარებით, ნუგეშით, მხარდაჭერით და ლამაზი სენტიმენტებით არის აღსავსე. ეს პროექტი როგორც სხვების, ისე ჩემს პირად გამოცდილებასაც ყვება.
ჩემი ფოტოგრაფიით საზოგადოება უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში დაინტერესდა, აუდიტორია 115-ის აქციებზე. აქციების მონაწილე ვიყავი და აქტიურად ვიღებდი პროცესს. ვუღებდი ჩემს კურსელებს და შემდეგ ყველა მთხოვდა, ფოტო გამეგზავნა. ამიტომაც Facebook-ზე შევქმენი ერთი დიდი ალბომი, დავიწყე ფოტოების ატვირთვა და მალევე გამიცნეს, როგორც გოგონა, რომელიც ფოტოებს იღებს. მოგვიანებით, ჩემმა კურსელებმა, რომლებსაც ხშირად ვუღებდი ფოტოებს, ფული შეაგროვეს და პატარა კამერა მაჩუქეს. ეს იყო პირველი შთაგონება, რამაც მაგრძნობინა, რომ რასაც ვაკეთებ, სხვებისთვისაც მნიშვნელოვანია.
შემდეგ, ერთმა ფრანგმა დიჯეიმ სტრასბურგში მიმიწვია, რომ გამოფენა გამეკეთებინა მის კლუბში. ეს იყო პირველი დიდი მოვლენა ჩემთვის, მაგრამ მაშინაც ვერ ვიჯერებდი, რომ ამას შეიძლება გაგრძელება ჰქონოდა.
2021 წელს ქართულ კონკურსში – KIU PHOTO, მოვიპოვე პირველი ადგილი და მიღებული პრიზით ჩემი პირველი პროფესიონალური კამერაც ვიყიდე.
ფოტოგრაფობასთან ერთად, მიქსოლოგიაც იქცა ჩემს პროფესიად. მიქსოლოგიით ბარში მუშაობისას დავინტერესდი და გადავწყვიტე უფრო ღრმად შემესწავლა. დღეს, ესეც ჩემი პროფესიაა, რითაც ამჟამად ძირითადად უცხოურ კომპანიებთან ვთანამშრომლობ.
წარმატება ჩემთვის საკუთარ თავში სიმშვიდის მოპოვებაა. მიყვარს, როცა გულწრფელად და მთელი გულით გაკეთებული საქმით რაღაც დადებით გავლენას ვახდენ გარშემომყოფებზე ან თუნდაც სადღაც, ერთ ადამიანზე.
ერთ-ერთი ყველაზე კარგი რჩევა, რაც მიმიღია: როცა ფოტოგრაფიული კრიზისი დგება, გადაიღე თავად კრიზისი. არის ხოლმე პერიოდები, როცა გგონია რომ მორჩა, დასრულდა შენი თავგადასავალი და ვეღარც ინსპირირდები, თუმცა თუ მოახერხებ რომ მაგ პროცესით დაინტერესდე, გამოიკვლიო – ახალი თავგადასავალიც სწორედ მაშინ იწყება. ჩემი ფოტოგრაფია სწორედ ამ კრიზისების კვლევაზე დგას.
ახალ გამოწვევებში თავით გადაშვება მჩვევია, ამ უნარმა ბევრ საინტერესო გამოცდილება შემმატა. მაგალითად, ახლა ვარ პოლონეთში, ვროცლავში, სადაც სარეზიდენციო პროქტით -„მეჯიქ ქარფეთი“, მომიწვიეს ერთი თვით, რათა აქ დასახლებული სამხრეთ კორეელების თემი გავიცნო და გადავიღო. მიუხედავად იმისა, რომ აქ ჩამოსვლამდე ყველაფერი ბუნდოვანი იყო, თუ როგორ წარიმართებოდა მუშაობის პროცესი და რამდენად შევძლებდი შედეგის დადებას, მაინც მაშინვე დავთანხმდი და ამ გადაწყვეტილებით ბევრი ახალი ცოდნა შევიძინე და ჩემი ვიზუალური ხედვაც გავაფართოვე. პატარ-პატარა წინსვლები, რაც მაქვს, მხოლოდ იმის სურვილს და იდეას მიჩენს, რომ კიდევ უფრო მეტ გამოწვევას ჩავეჭიდო და კიდევ უფრო მეტი ვიმუშაო ჩემს თავზე.
მაძიებელი ადამიანის რეალობა არასოდეს არის ერთგვაროვანი. ზოგჯერ იღლები, ზოგჯერ – ეჭვი გეპარება და მომხიბვლელად გეჩვენება სტაბილურად მყოფი სხვა ადამიანის სიმშვიდე. შემდეგ ხვდები, რომ მაგ გზაზე სიარულისას დაჭკნები და ისევ ეს შენი სირთულეებით აღსავსე ძიების გზა გირჩევნია.
გზის დასაწყისში მყოფ ადამიანს ვეტყოდი: გულწრფელად აკეთე რაღაც და როცა ის დღეები დადგება, როცა ეჭვი შეგეპარება შენს თავში, ეცადე არც მაშინ გაჩერდე. უბრალოდ, უნდა აკეთო, არაფერი განსაკუთრებული მაგაში არ არის, არც მაღალფარდოვანი სიტყვებია საჭირო ამისთვის. მთავარია, გჯეროდეს, რომ ყველაფერი აქ არ მთავრდება და ძიებაში არის ჭეშმარიტება.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი











