ქართველი არტ დირექტორი, ფოტოგრაფი და კრეატიული ხელმძღვანელი ბერლინის სარეკლამო სივრცეში – მოკლედ ასე შეგვიძლია აღვწეროთ მერი გიორგობიანის პროფესიული პორტრეტი. 2020 წლიდან ის გერმანულ-კორეულ სააგენტო Innocean Berlin-ში მუშაობს, სადაც ერთდროულად სინიორ არტ დირექტორის, ფოტო/ვიდეოგრაფერისა და სოციალური მედიის დეპარტამენტის კრეატიული ხელმძღვანელის როლს ითავსებს.
მერის პროფესიული გზა სარეკლამო სააგენტო „სარკეში“ დაიწყო, სადაც პირველად შეეხო სარეკლამო ინდუსტრიას და აღმოაჩინა ის ჯადოქრობა, რომელსაც კრეატიული პროცესი ჰქვია. შემდეგ იყო სააგენტო „მეტრო“, საიდანაც არაერთი საინტერესო ნამუშევრით დაგვამახსოვრა თავი. მოგვიანებით, Miami Ad School-ში სწავლამ და ბერლინში გადასვლამ მის პროფესიულ განვითარებას ახალი მიმართულება მისცა.
მიუხედავად იმისა, რომ მერის კარიერა წარმატებულად ვითარდება, ხშირად ამბობს, რომ კარიერული მიღწევები არ არის ცხოვრების მთავარი საზომი. სწორედ ამ ფილოსოფიამ და საკუთარი თავის აღმოჩენამ მისცა მას სიმშვიდე და შინაგანი თავისუფლება, რომელიც Ricardo Wolff-სა და Gabriel Mattar-ს არ გამორჩენიათ და მის ფოტოგრაფიულ ნიჭს ახალი მიმართულება მისცეს. დღეს, სჯერა, რომ თავდაჯერებულობის ნაკლებობის მიუხედავად, სწორი ადამიანების მხარდაჭერითა და საკუთარ შესაძლებლობებში რწმენით, შეგიძლია იპოვო საკუთარი პროფესიული გზა ინდუსტრიის მღელვარე ოკეანეში.
ეს ცხოვრება კინოა და მე ჩემი როლი ავირჩიე. სარეკლამო ინდუსტრიაში არტ-დირექტორად მიცნობენ. თავდაჯერებული არასდროს ვყოფილვარ. აქამდე მომიყვანა იმ ადამიანების რწმენამ, ვისაც ჩემი სჯეროდა. მთავარი გარდატეხა ბერლინში გადმოსვლის შემდეგ მოხდა. სრულიად მარტო, ოჯახისგან და მეგობრებისგან შორს, შევეფეთე ყველა ჩემს შიშსა და დემონს. დიდი მენტალური ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ, ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა. ჩემში ვიპოვე ძალა, რომ ვიყო ის, ვინც ვარ. ვაღიარო ჩემი ნიჭიც და ჩემი დემონიც.
ამ გარდატეხამ მაპოვნინა ჩემი ადგილი ამ სფეროში. როცა საკუთარი თავის დავიჯერე, შემდეგ ყველამ დაიჯერა ჩემი. Innocean Berlin-მა, კონკრეტულად Ricardo Wolff-მა და Gabriel Mattar-მა მომცეს ბურთი და მოედანი, რომ ჩემი ფოტოგრაფიის ნიჭი გამომეყენებინა. ჩემი საყვარელი პროექტებიც ამ მიმართულებითაა, რომ არ დაგიმალოთ. მათ შეძლეს გაეტეხათ გერმანულ/კორეული ბიუროკრატია და ერთზე მეტი როლი მოეცათ ჩემთვის.
მაგრამ ეს გზა მარტივი არ ყოფილა. ყველა კრეატიული ადამიანისთვის ეს სფერო საკმაოდ სენსიტიურია. ძნელია, პერსონალურად არ მიიღო კრეატიული დირექტორის კომენტარები შენს იდეაზე, ან როდესაც კლიენტი ერთი ხელის მოსმით „მოკლავს“ შენს საყვარელ იდეას. დღევანდელი გადმოსახედიდან ვხვდები, რომ ყველა წინააღმდეგობა უფრო გაძლიერებს, გმატებს გამოცდილებას, სწავლობ როგორ მოდრიკო შენი კრეატიული ეგო და გადარჩე იმ ქაოსში, რასაც სარეკლამო ინდუსტრია ჰქვია.
ჩემი პირველი ნაბიჯები „სარკეში“ დაიწყო. სამწუხაროდ, ამ სტუდიის მხოლოდ ბოლო ფაზას მოვესწარი. პირველად, იქ მოვიწამლე ამ სფეროთი. არასდროს დამავიწყდება ლევან ბახიას ემოციური, ინსპირაციული პრეზენტაციები, პირველი გადაღება, სადაც მივხვდი, თურმე როგორ გადაიღეს ჩემი ყველა საყვარელი ფილმი. ამ ადგილას გავიგე, თუ რამდენი ადამიანის შრომაა ჩადებული 20-წამიან რეკლამაში, რამხელა ჯადოქრობა შეუძლია შუქსა და ჩრდილს. ბედნიერი ვარ, რომ მოვესწარი სტუდია „სარკეს“ და ჩემი პირველი ნაბიჯები ამ სფეროში სწორედ მანდ დაიწყო.
ბავშვობიდან ყველაზე დიდი ინტერესი მქონდა მუსიკის, ფოტოგრაფიისა და ფილმების მიმართ. მადლობა მამაჩემს, რომელმაც ერთ ჩვეულებრივ საღამოს Pink Floyd-ის რამდენიმე ალბომი მოგვიტანა მე და ჩემს დას. ამის შემდეგ, არცერთი საღამო არ ყოფილა ჩვეულებრივი. Pink Floyd-მა ნამდვილი გადატრიალება მოახდინა ჩემში, გახსნა კარი, რომელიც არც კი ვიცოდი რომ არსებობდა. სწორედ ამ კარიდან ვიპოვე ფილმები, შემდეგ უკვე ფოტოგრაფია.
13 წლის ვიყავი, როცა ოჯახში პირველი ციფრული ფოტო აპარატი გამოჩნდა. როგორც თქვენ არ გჭერიათ ეგ კამერა ხელში, ისე არ ჭერია ჩემი ოჯახის სხვა წევრებს – ის ჩემი განუყოფელი ნაწილი გახდა. ვიღებდი ყველაფერს: ქუჩებს, ნათესავებს, ნათესავების ბავშვებს, მამაჩემის ძმაკაცებს, ჩემს მეგობარ თაკოს, რომელიც ჩემი მუზა იყო. შემდეგ იყო ფილმები. როცა ჰოლივუდი მოვინელე, ევროპული კინოს კარი შევაღე, რამაც დომინოს ეფექტით კიდევ მეტი და მეტი კარი გახსნა.
ჩემს გზაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადამიანია გიორგი პოპიაშვილი – ადამიანი, რომლის გარეშეც ალბათ ახლა არ ვიქნებოდი იქ სადაც ვარ. ის ჩემთვის იყო და არის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ადამიანი სულ განვითარდეს, არ დაიღალოს და მუდამ გარდასახვაში იყოს. ჩვენ ყველა ისე ვართ ჩვენი თავებით მოცული, ნამდვილი ნიჭია თუ ვინმეს დანახვა შეგიძლია. გიორგიმ ეს გააკეთა მაშინ, როდესაც ყველაზე შეუმჩნევე ლი ჩრდილი ვიყავი მეტროს ოფისის კუთხეში. მისი დამსახურებით მოვხდი სარეკლამო სააგენტო მეტროში, ასევე მისი გავლენით ვისწავლე Miami Ad School-ში. მადლობა, პოპიკ!
ადვილია, ვინმეს რამე დააბრალო – კლიენტს, კოლეგას, უფროსს, თანამშრომელს, მეზობელს, ანდაც მშობელს. თუმცა მგონია, რომ მთავარი გამოწვევა ისევ და ისევ ჩვენი თავია. როდესაც საკუთარ თავთან დაალაგებ, მერე გარემოსთანაც ლაგდები. ყველაზე დიდი მტერი და მოყვარე ისევ და ისევ ჩვენ ვართ ჩვენი თავებისთვის. ეს გრძნობა და ცოდნა ძალიან დიდი ხნის მერე მოვიდა. ამ გრძნობას სიმშვიდე მოაქვს, რაც არ უნდა მოხდეს ჩემ გარშემო, მხოლოდ მე ვარ პასუხისმგებელი, როგორი რეაგირება მქონდეს. ვაპატიო თუ გავბოროტდე? ვიჩხუბო თუ დავნებდე? მიყვარდეს თუ მძულდეს? ვიბრძოლო თუ მივატოვო?
წარმატება და მიღწევა არაფერს ნიშნავს და სწორედ ამ შეგრძნებას მოაქვს თავისუფლება. 12 წლის წინ, ჩემი მიზანი იყო, რომ სამსახური მქონოდა ნებისმიერ სარეკლამო სააგენტოში. დღეს უკვე ვიცი, რომ მიზანი ილუზიაა. ვცდილობ დღევანდელი ცხოვრებით ვიცხოვრო, მოვუსმინო საკუთარ თავს და არა ეგოს.
ყველას გეტყვით, ვინც ამ გზის დასაწყისში ხართ: გახსოვდეთ, არავისზე მეტი არ ხართ და არც ნაკლები. არ დაკარგოთ ყურადღება და ენერგია უაზრო შეჯიბრებებში. თუ ვინმე გეზიზღებათ, იცოდეთ, რომ ეს თქვენი მინუსია და არა იმ ადამიანის. იპოვეთ ის, რაც ყველაზე კარგად გამოგდით, მოეჭიდეთ მას და ეცადეთ ასე გადალახოთ ეს მღელვარე ოკეანე, რომელშიც ბევრი ადამიანი კარგავს საკუთარ თავს. შეიყვარეთ საკუთარი თავი და შემდეგ სხვები და არა პირიქით. სულ გახსოვდეთ, სადღაც გულის კუნჭულში, რომ ცხოვრება კარიერა არაა, არც ფული და არც მოგებული პრიზები. მოუარეთ თქვენ სულს ისე, როგორც საკუთარ LinkedIn-ის პროფილს.
ჩემს გზავნილს და მთელ ჩემს ცხოვრებას ვუძღვნი ყველა მორცხვ, ჩუმ, თავდაბალ ადამიანს. არაფერია იმაზე მშვენიერი, თუ როგორ ლამაზად იფურჩქნება მორცხვი ყვავილი. თავიდანვე გაფურჩქნული, მხოლოდ ხელოვნური ყვავილებია. მთავარია, გჯეროდეს, რომ ეს ცხოვრება კინოა და შენ ირჩევ, რა როლი გქონდეს.













