in

„მთავარია გჯეროდეს და ბევრი იშრომო მიზნის მისაღწევად“ – მევლუდ მელაძე

როგორც სხვა არაერთ სფეროში, საქართველოს ავტოსპორტის ისტორიაშიც მოიძებნება ისეთი სახელი, რომელიც ბევრისთვის შეუპოვრობისა და მიზნის მიღწევის მაგალითად იქცა. მევლუდ მელაძისგან ხშირად გაიგონებთ, რომ შეუძლებელი არაფერია – თავად ავტოსპორტს საკმაოდ გვიან, 27 წლის ასაკში შეუერთდა და ამ სფეროში მის მიღწევებზე, ალბათ, ბევრი გსმენიათ. უფრო ადრე – დამოუკიდებელ საქართველოს ევროპის პირველი ჩემპიონობა და არაერთი ჯილდო მოუტანა სამბოში. უფრო გვიან კი – „ლილო არენა“ ააშენა, რათა ქართულ ავტოსპორტს მსოფლიო მოწინავე ადგილის მოპოვებაში შეუწყოს ხელი. დიდი მიზნების დასახვას დიდი ხანია მიეჩვია და როცა ვინმე ამბობს, რომ „შეუძლებელია“, ყოველთვის პასუხობს – „გამოვა, გამოვა, გამოვა!“. მუდმივად მოძრაობაშია, ეს ყველაფერიც სწორედ იმ დროს გვიამბო, როდესაც მსოფლიო ჩამპიონატიდან ავტომობილით სამშობლოში ბრუნდებოდა. 

შეუძლებელი არაფერია, თუ გჯერა… როცა „ლილო არენაზე“ ვფიქრობ, ბავშვობაში ქვიშაში დახაზული ტრასები მახსენდება. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ პატარა ბიჭი, რომელიც ქვიშაში მანქანების ტრაექტორიებს ხაზავდა, ოდესმე ნამდვილ ავტოდრომს ააშენებდა. ვხედავდი – ყველა დეტალს, ყოველ მოსახვევს, სისწრაფის ყოველ წერტილს. გონებაში გამზადებული მქონდა.

არადა, ავტოსპორტს 27 წლისამ დავუკავშირე ცხოვრება, იმ ასაკში, როცა სხვები უკვე კარიერას ასრულებენ ხოლმე. ამბიცია და მიზანსწრაფულობა მამოძრავებდა. დღეს, 22-გზის საქართველოს ჩემპიონი ვარ ამ სპორტის სხვადასხვა დისციპლინაში, საერთაშორისო გამარჯვებებზე რომ არაფერი ვთქვა.

ჩემი ცხოვრების პრინციპი უცვლელი და მარტივია – თუ არ მჯერა, არ ვაკეთებ. დაჯერება კი ნიშნავს, რომ ბოლომდე მიდიხარ. ერთ დროს, ასე გავხდი მოჭიდავეც, როცა არავის ეგონა, რომ გამომივიდოდა. ფიზიკურად სუსტი ვიყავი. თერთმეტი წლის ასაკში კალათბურთის ბურთს ფარამდე ვერც ვაწვდენდი. შემდეგ, მამამ ჭიდაობაზე შემიყვანა, რომ ცოტა მოვძლიერებულიყავი. პირველად მაშინ დავფიქრდი – თუკი აქ ვარ, რატომ არ შეიძლება, რომ ვიყო საუკეთესო?

ყველგან სირბილით დავდიოდი. მთაწმინდიდან დიღმის დარბაზამდე, ვვარჯიშობდი და ისევ სირბილით ვბრუნდებოდი. მალევე, დამოუკიდებელ საქართველოში ევროპის პირველი ჩემპიონი გავხდი ჭიდაობაში, მომდევნო წელს კი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოვიპოვე. სიჯიუტისა და რწმენის ამბავი იყო ეს ყველაფერი.

„ლილო არენა“ უტოპიას უფრო ჰგავდა. არც შესაბამისი სივრცე მქონდა, არც ფინანსები, მხოლოდ იდეა და რწმენა. როცა ამაზე ვსაუბრობდი, ვხედავდი, არავის სჯეროდა. მაინც განვაგრძობდი – შესაძლებელია და აუცილებლად გაკეთდება-მეთქი. ერთხელად, მერიის პროექტის ფარგლებში საჭირო რაოდენობის ხმები შევაგროვე, რათა იდეას გაცნობოდნენ. მოიწონეს და მიწის ნაკვეთიც გადმოგვცეს, მაგრამ ინვესტორის მოძიება ვერ მოვახერხე. ბოლოს, პირადად ავიღე დიდი სესხი და შევუდექი მშენებლობას. არც ვიცოდი როგორ გადავიხდიდი, არანაირი წინაპირობა არ მქონის ამისთვის. მინდოდა ავტოდრომი ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო, რათა ნებისმიერს შესძლებოდა ჩვენთან მოხვედრა. ეს პრინციპი დღემდე შევინარჩუნე.

შინაგანი ომები მუდმივად მქონდა. ხომ არ სჯობს ფარ-ხმალი დაყარო და სხვა რამე აკეთო? უფრო მარტივი ხომ არ იქნებოდა? მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, შენ თვითონ გჯეროდეს. მე მჯეროდა – მძინარეც რომ გავეღვიძებინე, ასეთივე დამაჯერებლობით ვიტყოდი, რადგან ვხედავდი ამ იდეას, ხელშესახები იყო ჩემთვის. უამრავი წინააღმდეგობა იყო, მაგრამ ჯიუტად ვცდილობდი და ვამბობდი – „გამოვა, გამოვა, გამოვა“. ეს აზრი ყოველთვის მამხნევებდა რთულ მომენტებში. არც გადადება მიყვარს – მახსოვს, ბავშვობაში ერთი საქმის გაკეთება იმდენჯერ გადავდე, საბოლოოდ, აღარ გამოვიდა. ეს ამბავი ქვაკუთხედად მომყვება – როგორც კი რაიმე დაგეზარება, შესაძლებლობა გვერდით ჩაგივლის.

ამ რთულ გზაზე ჩემი ოჯახის, განსაკუთრებით კი მეუღლის მხარდაჭერა, იყო მნიშვნელოვანი. ყოველთვის სჯეროდა ჩემი და მამხნევებდა.

დღეს, უკვე „ლილო არენაზე“, საავტომობილო ფედერაციასთან ერთად ვარჩევთ ახალგაზრდებს მთელი საქართველოდან. ბავშვები აქტიურად ვარჯიშობენ, გამოცდილებას იძენენ სხვადასხვა დისციპლინაში. არაერთ ახალგაზრდაში ვხედავ უდიდეს პოტენციალს, რაც დიდი ფუფუნებაა ამ სპორტისთვის. უმოკლესი გზები შევქმენი, რომ ქართველი ახალგაზრდები ამ სპორტის ყველაზე ცხელ წერტილებში მოხვდნენ.

ავტოსპორტი ქართულ ხასიათს ბუნებრივად შეესაბამება – ფიცხი, შემტევი, დაუდგრომელი. ეს სპორტი „ყველაფერი ან არაფერია“, სადაც წამის მეასედები წყვეტს ყველაფერს. ნიჭი, აგრესიულობა და გონიერება ერთდროულად სჭირდება, რაც ჩვენებურებს ახასიათებთ.

ახლა, როცა მანქანით ვბრუნდები სამშობლოში, მსოფლიო ჩემპიონატიდან მოვდივარ, სავსე ვარ შთაბეჭდილებებით. მაგრამ ყველაზე მეტად მახარებს, რომ ის, რაც ოდესღაც ქვიშაში დავხაზე, დღეს რეალობაა და ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების კარიბჭეა.

ჩემი გზავნილი განსაკუთრებით ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვისაა – ცხოვრებაში დგება პერიოდი, როცა საკუთარ თავში ეჭვი გეპარება, გარემო კი დაუნდობელია. თუ სხვას გამოსდის, შენც გამოგივა! დაისახე მიზანი, იარე მისკენ და ყველაფერი გააკეთე მის მისაღწევად. პრობლემა მხოლოდ კიდევ ერთი წინააღმდეგობაა, რომელსაც აუცილებლად გადალახავ.

მთავარია გჯეროდეს და ბევრი იშრომო მიზნის მისაღწევად.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სტიპენდიაზე განაცხადების მიღება 30 ნოემბრამდე გრძელდება

თორნიკე შენგელია არქის გრანდ ავენიუს პროექტის ინვესტორი გახდა