ვკითხეთ, საკუთარ თავს როგორ წარადგენდიო. გაიცინა, ალბათ, არ იცით, რომ ყველაზე მეტად ეს გამიჭირდებაო. მსახიობია, მაგრამ საკუთარ თავს მხოლოდ მსახიობს არ უწოდებს. მიზეზი ამ პროფესიის მიმართ ცუდი დამოკიდებულება არ გეგონოთ, პირიქით – დიდი გულშემატკივარია და თავის მრავალ საქმეს შორის, ყველაზე რთული სწორედ მსახიობობა ჰგონია. ალბათ, სიტყვა კინემატოგრაფისტი ყველაზე მეტად ჰგავს იმას, რასაც ვაკეთებო, გვითხრა ბოლოს.
სკოლის დამთავრებიდან მოყოლებული, კინოდაჯილდოება „ელისოს“ თანადამფუძნებელი ნატალია ჯუღელი მუდმივად რამდენიმე საქმეს აკეთებს ერთდროულად. ზოგს ინტერესის გამო, ზოგს – ფინანსური მხარდაჭერისთვის. ბუნებრივად ენთუზიასტია, ბევრი რამ უბრალოდ თავისთვის რომ უკეთებია და სანაცვლოდ არაფერი მოუთხოვია. ახლაც, ინგლისში, დირიჟორის ასტისტენტად მუშაობს, როცა მჭირდება, ძაღლებსაც დიდი სიამოვნებით ვუვლიო, ამბობს. ამჯერად, თავის ერთ მთავარ წამოწყებაზე გვიყვება – კინოდაჯილდებაზე „ელისო“:
ლონდონში რომ იგებენ „ელისოს“ შესახებ, პროდუსერს მეძახიან, საქართველოში რა მქვია არ ვიცი… აჰ, ხომ ვთქვი, კინემატოგრაფისტი. მოკლედ, „ელისოს“ განვითარებას ვცდილობ და „ელისოც“ ჩემი მამოძრავებელი ძალა გახდა.
უფრო ადრინდელი პერიოდით დავიწყოთ…
ბავშვობიდან მაგნიტივით მიზიდავდა არქივი. სულ მაინტერესებდა ისტორია, დიდი თუ პატარა ამბები და ალბათ ამიტომაც ავირჩიე „ამბის თხრობა“ პროფესიად. ოღონდ, მეფეთა გამარჯვებებზე ისტორიის შელამაზებული გაკვეთილები არასდროს მხიბლავდა. მოზარდობიდან მაინტერესებდა ადამიანი.
გამიმართლა, რომ ჩემ გარშემო ბევრი მთხრობელი აღმოჩნდა და 101 წლის ბებია ქეთოთი დაწყებული, ბაღელებით დამთავრებული – ყველა იმ ამბავს ვაგროვებდი, რომელიც ჩემ გულს შეეხებოდა და ამ ბევრ ამბავს შორის, ჩემს ორბიტაზე აღმოჩნდა ნატო ვაჩნაძე, ჩემი მეორე დიდი ბებია, რომელიც ცოცხლად ძალიან ცოტას თუ ახსოვდა. ნატოზე უთვალავი ამბავი არსებობს და იმდენად სავსეა მისი ცხოვრება სევდით თუ აღტაცებით, რომ ჯერ კიდევ თხზავენ მასზე ლეგენდებს, რაც ხან მაბრაზებს ზუსტი სიმართლის მაძიებელს, ხანაც კი მის უკვდავებას მახსენებს და მამშვიდებს კიდეც, რაც არ უნდა პათეტიკურად ჟღერდეს ეს.
შარშან, ნატო ვაჩნაძის 120 წლის იუბილე გვიახლოვდებოდა, როცა მივხვდი რომ პატარა აღარ ვარ და დროა, ხურჯინში შენახული ჩემი ამბები საქმედ ვაქციო. დავიწყე ფიქრი, ვინ მინდა იყოს ნატო ვაჩნაძე დღეს და რა ასოციაცია მაქვს მე, რაც შეიძლება სხვას არ ქონდეს. პასუხსაც მალე მივაგენით, დედაჩემის და ბაბუაჩემის დახმარებით. ნატო ვაჩნაძის ფონდს აუცილებლად უნდა ეარსება, რადგან სწორედ მისი მემკვიდრეობაა სხვაზე ზრუნვა, მეტიც საკუთარ თავზე წინ სხვა ადამიანის დაყენება. გავაანალიზეთ, რა გვქონდა: 1. გვქონდა ნატო ვაჩნაძის სახლ–მუზეუმი და 2. გურჯაანში შემორჩენილი ნატოობის ტრადიცია… ნატოობის ძველმა კადრებმა ყველაზე მეტად შთამაგონეს, ადგილი სადაც ათასობით ადამიანი კინოს გარშემო იკრიბებოდა, თითქოს მიივიწყეს და ყურადღებას ითხოვდა. ფონდის საქმიანობდა, რა თქმა უნდა, კავშირში უნდა ყოფილიყო კინოსთან. რით უნდა დახმარებოდა ფონდი დღევანდელ კინემატოგრაფს? უცებ, მივხვდით რომ ამდენი წლის მანძილზე პროფესიოული კინოდაჯილდოება არ გვქონდა, ან რაც გვქონდა, არ იმუშავა.
მინდოდა, ნატოს ფონდი ოჯახს გაცდენოდა, არ მიყვარს როცა რაიმე გადაწყვეტილებებს მეგობრების წრე იღებს, მითუმეტეს ოჯახი. სწორედ ამ დროს შემოვიკრიბე პროფესიონალები, რომელთა ერთ თბილი სიტყვაც ჩემთვის უდიდესი სტიმული იყო. მგონი არც იცოდნენ, რომ უბრალოდ გვერდით ყოფნით სასიცოცხლო ძალას მაძლევდნენ. არასდროს მქონია კინოდაჯილდოების შექმნის ამბიცია, არც მეგონა რომ ეს მიმართულება ჩემთვის საინტერესო იყო. მსგავსი აქამდე არაფერი გამიკეთებია და ზუსტად ეს იყო ალბათ ყველაზე რთული, მაგრამ პირველსავე შეხვედრისას მივხვდი, პასუხი თითქმის ყველა კითხვაზე მქონდა. „ელისო“ ჩემი აკვიატება არ იყო, ეს იყო დროსა და კონტექსტიდან ამოსული ნაყოფი, რომელსაც ზოგადად კინემატოგრაფისადმი სიყვარული მაკეთებინებდა. სტიმულს მაძლევდა ის ხალხი, ვინც ვიცი, რომ გაცილებით მეტს იმსახურებს, ამ რთულ რეალობაში ხელოვნების ერთგულებისთვის.
სახელზე ფიქრისას, რა არ ვცადეთ, კინო ტერმინები, ნატოს ფილმები და უცებ გამახსენდა ელისო – ფილმი რომელშიც ნატოს და, რეპრესირებული კირა ანდრონიკაშვილი თამაშობს… და რეჟისორი, ნატოს ქმარი კოლია შენგელაიაა. სახელი უკვე მოფიქრებული გვქონდა, არქივში ნატოზე მოგონებებს ვუსმენდი და უცებ როგორც ნიშანი, 70 წლის წინანდელი ჩანაწერებიდან ერთდროულად მესმოდა ელისო და ნატო. ის, რაც მე ქვეცნობიერად დავაკავშირე, თურმე სულ ყოველთვის კავშირში იყო, ვინც იხსენებდა ნატოს, იხსენებდა ელისოსაც და ქართული კინოს პირველი ნაბიჯების სიმბოლოდაც ორივეს ერთად მოიხსენიებდნენ. სინქრონულობის ძალიან მჯერა და მეორე დღიდან სხვა შემართებით, ფონდის საბჭოს შექმნდა და სპონსორებთან დაკავშირება გადავწყვიტე.
თვეების მანძილზე ველოდი პასუხს და ისევ სინქრონულობა – ზუსტად ჩემ დაბადების დღეზე, სპონსორებისგან დასტური მოვიდა. „ელისო“ არსებობას იწყებდა, თუმცა ყველაზე სტრესული პერიოდი დაფინანსების მოპოვების მერე დაიწყო, რადგან პასუხისმგებლობა ხელშასახები გახდა. არ მინდოდა „ელისო“ თბილისიდან რეგიონში ჩასული ხალხის ღონისძიებად ქცეულიყო, სწორედ ამიტომ გურჯაანის სახალხო დღესასწაულის ინტეგრაციას ვცდილობდით. მივესალმებოდით ყველა იდეასა და ნებისმიერ მოსულ სტუმარს.
იყო წინააღმდეგობაც, დამცინავი ტონიც, ისიც მითხრეს ქალის საქმე დაჯილდოება არ არისო, მაგრამ საცდელმა წელმა წარმატებით ჩაიარა, ამის მიუხედავად ღამეებს ვათენებდი და დღე არ გადიოდა ფიქრის გარეშე. „ელისოს“ ჩატარებიდან მეორე დღეს უკვე იმას ვფიქრობდი, რა შეიძლება უკეთ გავაკეთოთ მომავალ წელს. სხვათა შორის, წარმატების პასუხი სწორედ ეს მგონია, მუდმივი ძიება და სწრაფვა უკეთესისკენ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, კმაყოფილების განცდა ისეთი მოსაწყენია, ყველაფერს დაგაკარგვინებთ.
სულ მინდოდა, „კინემატოგრაფისტების ხმებით“ მომხდარიყო „ელისოს“ შეფასება, როგორც ეს ევროპისა თუ ამერიკის კინოაკადემიებშია, მაგრამ იმდენად არ ვართ ამისთვის მზად და იმდენი წელი გვაშორებს გამართულ სისტემასა თუ დამოკიდებულებებს, ჩავიფიქრე – ელისოს საუკეთესო ჟიური უნდა ყავდეს ყოველთვის, რომ მათი შეფასება მინიმუმ ინტერესს მაინც იწვევდეს–მეთქი.
არ ვიცი როგორ, მაგრამ მეორე წელს მოვახერხეთ ისეთი ჟიურის ყოლა, რომელსაც ნებისმიერი A კლასის კინო ღონისძიება ინატრებდა. მახსოვს, ამ რთულ სიტუაციაში, როცა ყველაფრის ხალისი გამოგვეცალა, ნატო ვაჩნაძის სახლ–მუზეუმში ვიდექი და ვფიქრობდი – ამ ჯილდოს ფემინისტური ფილმის სახელი დავარქვით, რომლის მტკიცე გმირიც მუდამ იქნება წინააღმდეგობის სიმბოლო და „ელისო“ უდავოდ ნატოს მემკვიდრეობაა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ დროსა სივრცეში და სახელწოდებაში გაცილებით მეტი მიზეზი ყოფილა.
ნატო ვაჩნაძის სახლმუზეუმი აერთიანებს ბევრი ერის ისტორიას, საშინლად ტრაგიკულ ამბებს და ამავდროულად ცხოვრების ყველა ჯადოქრობას. „ელისოც“ რამდენიმე კულტურაზე მოგვითხრობს და პიროვნების ფუნდამენუტურ დანიშნულებებს გვახსენებს. გვახსენებს ხორუმს, რომელსაც წყვდიადიდან ამოვყავართ. გვახსენებს ყველა იმ ადამიანს, რომელიც უსამართლობას ებრძვის… და სწორედ ნატოს მუზეუმი, სწორედ იმ ფილმით, რომელშიც თვითონ არ თამაშობს, მისი დაბადებისა და გარადაცვალებს დღეს, მეორე წელია წარმოადგენს სივრცეს, სადაც ქართულ კინოს ვზეიმობთ და ვაფასებთ. ქართულ კინოს მთელი ფერადოვნებით. აქ ამ სივრცეში, ყველას ხმა საინტერესოა. „ელისო“ გვაძლევს საშუალებას ერთმანეთს თვალებში შევხედოთ და ვუთხრათ: გაფასებ, გხედავ.
„ელისომ“ ისეთი ტემპი აკრიფა, შეიძლება მალე აღვირზე ხელი გამეშვას და ცხენმაც მხედარი დაკარგოს, მაგრამ სწორედ ეს მომწონს – ის თავისუფლების სიმბოლოდ იქცა. მჩაგვრელზე გამარჯვების სიმბოლო ხომ ისედაც იყო 1927 წლიდან და დღეს ქალის მაღლა აღმართული ხელი სხვებს აძლიერებს, მათ ვისაც ეს ძალიან სჭირდებათ.
არ ვიცი, რამ გამაკეთებინა ელისო, მაგრამ ერთი ვისწავლე, იდეები ქარს მიაქვს და როცა იდეა მოგივათ, განახორციელეთ, გააკეთეთ, ნურავის დაელოდებით. ხშირად, ამ პროცესში თავი ძალიან მარტოდ მიგრძვნია, მაგრამ სხვისი გამარჯვებისთვის შრომა ისევ შენ გაჯილდოებს.
მე წარმატების აღქმა არ მაქვს. ახლაც, იმაზე ვფიქრობ, 2026 წლის 14 ივნისს, ნატოს მუზეუმში ჩემს საყვარელ გურჯაანსა თუ კინემატოგრაფისტებს რა სიახლეს გავაცნობთ. ვფიქრობ, მთავარია გჯეროდეს და ის რაც გულში გაქვს, აუცილებლად აყვავდება, სადღაც.











