ფოტოგრაფობა იმ დროს გადაწყვიტა, როცა ეს პროფესია ქალისთვის უჩვეულო საქმედ ითვლებოდა. ამის გამო, წინააღმდეგობასაც ხშირად აწყდებოდა. ქალი ფოტოგრაფი? – ეს ახლობლებისთვისაც კი ძნელი დასაჯერებელი გახლდათ. დღეს, ნათელა გრიგალაშვილის ნამუშევრების გამოჩენა ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევს სოციალურ ქსელში. მის ფოტოებში რეგიონების ყოველდღიურობა ისეთი სიღრმითაა გადმოცემული, თითოს, თავადაც ამბის მონაწილეები ვიყოთ. თითოეული ფოტო ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად იქმნება. თვეების განმავლობაში, ფოტოგრაფი ადგილობრივების ცხოვრების ნაწილად იქცევა და მათ ყველაზე ბუნებრივ მომენტებს აღბეჭდავს.
ამ პროცესს წინააღმდეგობებიც ახლავე. ისეც ყოფილა, უფიქრია – რა ძალა მადგას, რატომ მივდივარ იქ – თოვლში, წვიმაში, ტალახში?! ხან გარეთ დარჩენილა, ან ერთი მთიდან მეორემდე გადასაადგილებლად საათობით უცდია ტრანსპორტისთვის. რთულიაო, ამბობს, მაგრამ მაინც ვერ წარმოუდგენია ცხოვრება იმ გარემოში მოგზაურობის გარეშე და ყოველ ჯერზე, უკან დაბრუნებულს ერთი სული აქვს, როდის ეწვევა კვლავაც მთიან რეგიონებს.
ერთხელ, მთაში, ღამით გარეთ აღმოვჩნდი. არავის ვიცნობდი. პირველივე სახლთან მივედი და დახმარება ვთხოვე. შემიფარეს. დღემდე ვმეგობრობ ამ ხალხთან. ასეთია ჩემი ცხოვრება ფოტოგრაფად.
სოფელში დავიბადე და გავიზარდე. სკოლის ასაკშივე შემიყვარდა კინო. მინდოდა კინოოპერატორი გავმხდარიყავი, განსაკუთრებით დოკუმენტური ჟანრი მხიბლავდა. თეატრალურში ვგეგმავდი სწავლის გაგრძელებას. ვიცოდი, იქ მოსახვედრად ფოტოგრაფიაც უნდა ჩამებარებინა, ამიტომ დამოუკიდებლად დავიწყე სწავლა. შემდეგ, გადაღება რომ კარგად ამეთვისებინა, ფოტოატელიის ერთწლიან სასწავლებელში შევედი. ჩემს ჯგუფში, 24 სტუდენტიდან მხოლოდ მე ვიყავი გოგო.
ეს ის დროა, როცა ფოტოგრაფია ჩემს სოფელსა და საახლობლოში სამარცხვინო პროფესიად მიიჩნეოდა. წარმოიდგინეთ, გოგო, რომელსაც ფოტოაპარატი აქვს გადაკიდებული – ეს არამხოლოდ გარემოცვისთვის, არამედ ჩემი ოჯახისთვისაც კი არასასიამოვნო იყო. წლები დამჭირდა ამ ყველაფერთან გასამკლავებლად.
ძალიან მალე დავიწყე პრესაში ფოტორეპორტიორად მუშაობა. იქ დიდხანს ვიმუშავე, თუმცა მალევე მივხვდი, რომ ფოტორეპორტიორობა არ იყო „ჩემი“. დავაკვირდი, რომ არ მინდოდა სხვისი დავალებით გადამეღო, მერჩივნა ისეთ თემებზე მემუშავა, რაც თავად მაინტერესებდა.
არც რეპორტიორად მუშაობა ყოფილა მარტივი. უძნელდებოდათ ქალის აღქმა ფოტოგრაფად. ისეც ყოფილა, პარლამენტში ფოტოების გადასაღებად მივსულვარ და უკითხავთ – ფოტოგრაფი სად არის? თქვენ ხართ? ალბათ, დროებით ხართ ფოტოგრაფი და შემდეგ, უკეთესი პროფესია გექნებათ, არა? მე კი ყოველთვის ამაყად ვამბობდი, რომ ვარ ფოტოგრაფი.
დამოუკიდებლად ცხოვრება საკმაოდ პატარა ასაკში დავიწყე. მამა ადრე გარდამეცვალა. ძალიან მადლიერი ვარ დედაჩემის – მან არჩევანის საშუალება მომცა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მითხრა – შეგიძლია, დარჩე სოფელში ჩვენთან ერთად ან იცხოვრო ქალაქში, თუმცა, საკუთარ თავს შენვე უნდა მიხედოო. მე ქალაქში ყოფნა ავირჩიე. ბუნებრივია, სოფელში ჩასვლისას მაინც იყო წინააღმდეგობები და მიუღებლობა, მაგრამ გავუძელი როგორღაც.
როცა სოფლიდან ქალაქში ჩამოვედი, არც ვიყავი მზად დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. ბავშვური ვიყავი, გულუბრყვილო, მაგრამ სულ ვეუბნებოდი საკუთარ თავს, რომ საკუთარი თავი მე უნდა გავაძლიერო. ვფიქრობ, დაბრკოლებები იმისთვის არსებობს, რომ გაძლიერდე.
როცა გავაცნობიერე, რა მომწონდა ფოტოგრაფიაში, საქართველოში მოგზაურობა და გადაღება მომინდა. მაშინაც მიმაჩნდა და დღესაც ვთვლი, რომ საქართველო ძალიან ფოტოგრაფიული ქვეყანაა. ყველაფრის გადაღება მაინტერესებდა – სხვადასხვა მხარისა თუ რეგიონის – იმის, რაც ხდება დღეს და ხვალ უკვე ისტორიად იქცევა.
თუმცა ოცნება, რომ გადამეღო საქართველო, დღემდე ოცნებად რჩება, რადგან ჩვენს ქვეყანაში ფოტოგრაფიის ხელშეწყობა არ არსებობს. აქ შეუძლებელია, რომ ფოტოგრაფმა თავიც ირჩინოს და თან საინტერესო პროექტებზეც იმუშაოს.
ძირითადად რეგიონებს ვიღებ – აღვბეჭდავ, როგორია იქაური ცხოვრება, ჩვეულებები, გარემო. ბევრგან წასვლა არ გამომდიოდა, თუმცა სოფელში ჩასვლას მაინც ვახერხებდი. იქ ხშირად მივდიოდი და ვიღებდი. ამასთანავე, ეს იყო იმ ადგილებისა და ადამიანების მონატრებაც.
რაც მაღალმთიან აჭარაში დავიწყე გადაღება, იქ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, სამწუხაროდ, უარყოფითისკენ – უფრო მეტი სახლი დაიკეტა, მეტი ოჯახი გადმოვიდა ქალაქში საცხოვრებლად. ბევრი მათგანი, ვინც მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა და წლის რამდენიმე თვეს მთაში ატარებდა, ახლა, იქ აღარ ადის. წელს, შვიდი სახლი დამხვდა დაკეტილი. ბევრისგან ისიც მოვისმინე, რომ მომდევნო წლიდან აღარ ამოვლენ.
ძირითადად, გრძელვადიან პროექტებზე ვმუშაობ. სადაც მივდივარ, ის გარემო წინასწარ მაქვს ხოლმე შესწავლილი. არის ისეთი ადგილებიც, სადაც შესწავლის შემდეგ ვიცი, რომ აღარ ჩავალ და იმ პროექტსაც აღარ გავაგრძელებ.
ძალიან ბევრ წინააღმდეგობას ვაწყდები ხოლმე, განსაკუთრებით თავიდან, მოკვლევის პერიოდში, როცა ვეძებ ადამიანებს, საცხოვრებელს, ტრანსპორტს. ხანდახან გულსატკენია იმის გაფიქრებაც, რომ ამ ყველაფერს მარტო ვაკეთებ.
ხშირად, ადამიანებს რომანტიზებული აქვთ ჩემი მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობა. არადა, იცით, რა პირობებში ვცხოვრობ იქ? მაღლა მე ვარ, დაბლა – ძროხები. ზემოთ სუნი და ხმა ამოდის. არ არის ბანაობის საშუალება – წყალი უნდა მოზიდო, ცეცხლი დაანთო, გააცხელო, ღამით აივანზე გახვიდე და იქ იბანაო. ასეთ პირობებში ვცხოვრობ ხოლმე, მაგრამ ეს მაინც მეორეხარისხოვანია. მთავარია ის, რომ მე ვარ იქ, ჩემს საყვარელ ადგილას და ბედნიერი ვარ.
როცა სადმე მივდივარ, ადამიანების ცხოვრების ნაწილი ვხდები, ვიცი მათი ყოველდღიურობა, განწყობა, ხასიათი და ეს ძალიან მომწონს. მაქსიმალურად დიდ დროს ვატარებ მათთან, რომ უცხო კი აღარ ვიყო, არამედ მათი ნაწილი გავხდე. მეუბნებიან ხოლმე, რომ ყველაფერი ვიცი, რაც მათთან ხდება. ამ ამბავში მთავარი ფოტო კი არა, თავად ადამიანები და ის გარემოა, რომელშიც ისინი ცხოვრობენ.
მე ვარ პროფესიონალი ფოტოგრაფი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩემთვის ეს არის შემოსავლის წყაროც. ბაზარი კი ძალიან პატარაა, ფოტოგრაფები კი ბევრნი არიან. ჩემი მიმართულებით საქართველოში ნაკლებად არის მოთხოვნა, რადგან რეგიონებზე ვმუშაობ, უფრო მეტად უცხოური გამოცემები მიკავშირდებიან და ჩემს ნამუშევრებს ყიდულობენ. საქართველოში ნამუშევრების გაყიდვა ძალიან ძნელია.
როდესაც ფოტოგრაფია დავიწყე და ვისწავლე ტექნიკური ნაწილი, ვეძებდი ისეთ ვინმეს, რომელსაც ვაჩვენებდი ნამუშევრებს და ობიექტურად შემიფასებდა. სწორედ ასეთ ადამიანთან მივედი სასწავლებლად – გურამ წიბახაშვილთან. როდესაც კითხვა დავუსვი, მითხრა – შენ აქ ტყუილად მოხვედი, შენ უკვე ფოტოგრაფი ხარო. მთელი ცხოვრება მისი მადლობელი ვარ.
მოცემულობაც და გამოწვევებიც განსხვავებულია ჩვენს დროში. ადრე არ არსებობდა ინფორმაციის წყარო – ჟურნალ „საბჭოთა ფოტოსა“ და „ჩეხური რევიუს“ გარდა. მხოლოდ ასე ვიგებდი, რა ხდებოდა ფოტოგრაფიის ინდუსტრიაში. ახლა კი, უზარმაზარი რესურსები და შესაძლებლობებია, რომ გაიგო, სად რა ხდება მსოფლიოში.
ჩემი საქმე ჩემთვის დიდი სიამოვნებაა. თვეებით ადრე ვგეგმავ წასვლას. ახლაც კი, იქიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნებულს, უკვე მენატრება და ერთი სული მაქვს, ისევ როდის გავუყვები გზას. იქ მიახლოებისასაც კი, უკვე ბედნიერი ვარ. იქიდან წამოსულს ის სურნელიც კი მიყვარს, რაც ჩემს ტანსაცმელშია ხოლმე გამჯდარი.
ფოტოგრაფია, პირველ რიგში, არის ჩემი სიყვარული და შემდეგ – პროფესია. სიამოვნებით ვიმოგზაურებდი და უსასრულოდ გადავიღებდი. ყოველთვის ვარ ამისთვის მზად. ვფიქრობ, ფოტოგრაფია მართლაც არის ისტორიის აღბეჭდვის უნიკალური საშუალება. მახსოვს, როცა დუხობორებს ვიღებდი, ბევრი ადამიანი მეკითხებოდა მათზე. არ იცოდნენ მათი არსებობის შესახებ, არადა, ისინი ჯავახეთში თითქმის 180 წელია ცხოვრობენ და იქაურობას წმინდა მიწად მიიჩნევენ.
ჩემთვის წარმატება ისაა, რომ ყველაფრის მიუხედავად, ყოველთვის ენთუზიაზმით ვარ სავსე და მზად ვარ გადასაღებად წასასვლელად. უნდა გიყვარდეს, რასაც აკეთებ. უნდა გქონდეს ცნობისმოყვარეობა, შრომისმოყვარეობა და დასახული მიზნის მიღწევის უნარი. დაბრკოლებები ყოველთვის არის, თუმცა მზად უნდა იყო მათ გადასალახად. მთავარია, გჯეროდეს, რომ ყველაფერი გამოვა, თუკი მოინდომებ.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი










