ცხოვრებაში ერთხელ მაინც დგება მომენტი, როცა უნდა აირჩიო – ტრადიციულ გზას გაჰყვე თუ საკუთარ გულისთქმას. ნუცა ბაიაძის ისტორია სწორედ ასეთი არჩევანის შესახებაა. ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტი ლექციებს იმისთვის აცდენდა, რომ სახლში ნამცხვრები გამოეცხო. ერთხელაც, მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დადგა. გადაწყვიტა მიეტოვებინა საყოველთაოდ მიღებული კარიერის გზა და მიჰყოლოდა ბავშვობიდან არსებულ გატაცებას.
იმ დროს, როცა საქართველოში მზარეულობა ნაკლებად დაფასებული პროფესია იყო, ნუცა თავისუფალი უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიის პირველ ნაკადში მოხვდა. პირველ სამსახურში მიმავალს, ყოველდღიურად ასზე მეტი საფეხური უნდა აევლო, რომელიც პროფესიული გზის სირთულეს სიმბოლურად გამოხატავდა. წლების შემდეგ, დარწმუნებულია, რომ რწმენა, ცვლილებების გაბედვა და საკუთარი მოწოდების მიყოლა ღირებულ შედეგს იძლევა. დღეს, ის პროფესიონალი შეფ-მზარეულია და საკუთარ ქეითერინგ კომპანიას მართავს.
ყოველდღე 144 საფეხურს ავდიოდი რესტორნის სამზარეულომდე, ჩემს პირველ ნამდვილ სამსახურამდე. იყო დღეები, როცა ამ საფეხურებზე ასვლისას, ვფიქრობდი: რა რთულია ეს ყველაფერი, ვერ შევძლებ, არ გამომივა. მაგრამ როცა ჩემს მომზადებულ კერძს მიირთმევდნენ და ღიმილით აღსავსე სახეებს ვხედავდი, ვრწმუნდებოდი – სწორი არჩევანი გავაკეთე.
ჩემთვის, მზარეულობა არასოდეს ყოფილა უბრალოდ პროფესია. ეს ჩემი ცხოვრების გზაა, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო. ეზოში დავრბოდი, ჭურჭელი მიმქონდა და ფოთლებისგან სუპებს ვხარშავდი, ტალახისგან კი მჭადებს ვამზადებდი. ცოტა რომ წამოვიზარდე, ნამდვილ ღუმელთან გადავინაცვლე და ტორტების ცხობაში ვეხმარებოდი ოჯახის წევრებს.
თუმცა, როგორც ბევრ ახალგაზრდას, მეც არ მქონდა ნათელი წარმოდგენა, რა გზას ავირჩევდი. სკოლის დამთავრების შემდეგ ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე ჩავაბარე – ისე, როგორც ბევრი ჩვენგანი აკეთებს, როცა ჯერ კიდევ ვერ ხვდება, რა არის მისი ნამდვილი მოწოდება.
სამი წელი გავიდა. უნივერსიტეტში მიმავალი უკვე წინასწარ ვგეგმავდი, როგორ გავცდებოდი ბოლო ლექციას, რომ სახლში დროზე ადრე დავბრუნებულიყავი და ახალი რეცეპტით ორცხობილები გამომეცხო. ნელ-ნელა გავაცნობიერე, რომ მხოლოდ ერთი რამ მინდოდა – ჩემი დრო და ენერგია კერძებისა და დესერტების მომზადებაზე დამეხარჯა.
სწორედ მაშინ გავიგე, რომ თავისუფალ უნივერსიტეტში კულინარიის აკადემია იხსნებოდა. გადაწყვეტილება სწრაფად მივიღე – მივატოვე ბაკალავრიატი და აკადემიაში ჩავაბარე. ახლა ვიცოდი, რომ ზუსტად ეს იყო ის საქმე, რისი სწავლა და კეთებაც მთელი ცხოვრება მენდომებოდა.
ეს გზა მარტივი არ ყოფილა. ჩვენ, პირველი გამოშვების სტუდენტები, ძალიან ბევრს ვშრომობდით. იმ დროს მზარეულის პროფესია არც მოთხოვნადი და არც სათანადოდ დაფასებული არ იყო საქართველოში. ბევრი ამბობდა, რომ ეს პროფესია ვერ გაამართლებდა და კულინარია მაღალ საფეხურზე ვერ ავიდოდა.
დღემდე ემოციურად მახსენდება კახა ბენდუქიძის სიტყვები ერთ-ერთ შეხვედრაზე: „თქვენ ირჩევთ მომავალი 10 წლის პროფესიას“. გავიდა 10 წელი და მოხდა ზუსტად ის, რაც მან თქვა – პროფესია „მზარეული“ გახდა ძალიან მოთხოვნადი, საინტერესო და მიმზიდველი. თუ 2013 წელს ჯგუფის შევსებას ელოდებოდნენ, დღეს აკადემიაში ერთ ვაკანტურ ადგილზე 25-30 კანდიდატი იბრძვის.
ფილმებსა და სერიალებში მზარეულის პროფესია ხშირად გარომანტიზებულია – ბევრად ჰაეროვანი და ლამაზია. მეც ასე მეგონა, როცა ვაბარებდი, მაგრამ მალე მივხვდი, რომ კულინარიის სწავლა და ამ სფეროში მუშაობა უდიდეს ძალისხმევას, შრომასა და თავდადებას მოითხოვს.
იყო მომენტები, როცა მოტივაცია მეკარგებოდა. მაგრამ სწორედ მაშინ ვრწმუნდებოდი, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი. კულინარია დიდი შემოქმედებაა – ყოველ კერძში ჩანს მზარეულის შრომა და ფანტაზია. თითოეული კერძი პატარა ისტორიაა გემოსა და ფერების შესახებ, თითოეული კერძი ყვება ამბავს მისი შემქმნელის, იმ ქვეყნისა და იმ კულტურის შესახებ.
შემდეგ უფრო მასშტაბური გამოცდილება მომეცა – ტელევიზიაში საკუთარი კულინარიული ბლოკი წავიყვანე, სადაც ყოველდღიურად ვიდეო რეცეპტებს ვუზიარებდი მაყურებლებს.
მოგვიანებით, ჩემს კარიერაში ყველაზე გარდამტეხი მომენტი დადგა – კულინარიის აკადემიაში დავბრუნდი, ამჯერად ლექტორის სტატუსით. უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა ჩემი დაგროვილი ცოდნის გაზიარება სტუდენტებისთვის. ეს იყო უნიკალური გამოცდილება, რადგან ჩემს სტუდენტებთან ერთად მეც ვვითარდებოდი.
გზა გავაგრძელე სხვადასხვა საინტერესო გამოწვევებით – მასტერშეფი, პირველი ტექნოლოგიური კულინარიული წიგნის შექმნა აკადემიის გუნდთან ერთად, უამრავი კულინარიული პროექტი. ბოლოს კი, კოლეგებთან ერთად, რომლებიც ჩემნაირად აკადემიის ლექტორები არიან და კულინარიაში იგივე გზა გაიარეს, შევქმენით ქეითერინგის კომპანია და კულინარიული საკონსულტაციო – SALT.O.
ვინც ახლა ცდილობს ამ გზაზე დადგომას, მათ ვეტყოდი – არ შეგეშინდეთ! როცა რაღაც მთელი გულით გინდათ, აუცილებლად გამოგივათ. არ შეგეშინდეთ შეცდომების დაშვების. თუ თითოეულ შეცდომას გაკვეთილად მიიღებთ, ყოველი შემდეგი ნაბიჯი უფრო გათვლილი იქნება.
ჩემი ისტორიით მინდა მიმართო იმ ადამიანებს, ვინც თავის დროზე არასწორი პროფესია აირჩია და ახლა ხვდება, რომ სრულიად სხვა რამ უნდა. მათ, ვისაც უჭირთ ნაბიჯის გადადგმა, ვინც ფიქრობს, რომ ეს დიდი რისკია, ვისაც ახლოს არ ჰყავს ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტილებაში დაარწმუნებენ – გაბედეთ, გადადგით ნაბიჯი, ენდეთ ინტუიციას და აუცილებლად გამოგივათ!
მთავარია გჯეროდეთ – და თქვენით დაიწყება ყველაფერი. ეს არის ის იდეა, რომ ცვლილება, წარმატება და ძალა გარედან არ მოდის – ის თქვენით იწყება.












