in

„მთავარია, გჯეროდეს საკუთარი თავის და დაიწყო – გადადგი ერთი ნაბიჯი და ინფორმაცია თავისთავად მოვა“ – სანდრო ლილუაშვილი

ბავშვობიდან ტექნიკით გატაცებული სანდრო ლილუაშვილი ყოველთვის ცდილობდა გაეგო, თუ როგორ მუშაობდა საგნების მექანიზმი შიგნიდან. თამაშს რომ მოიბეზრებდა, დაშლიდა და დეტალებს აკვირდებოდა. ეს ცნობისმოყვარეობა ზრდასრულ ასაკშიც გაჰყვა და არაერთ ბიზნესიდეად გარდაიქმნა. ხან ჰოთ-დოგების გაყიდვას ცდილობდა, ხან – ონკანის წყალს სთავაზობდა მომხმარებელს. ფინანსურ სექტორში მუშაობამ ორგანიზაციული მართვის უნარები შესძინა და დღეს, პლასტმასას ნარჩენების ბრძოლას საკუთარი ბიზნესის საშუალებით ცდილობს, ეკოლოგიურ ცნობიერებას ზრდის, ადამიანებს პლასტმასის ჩაბარებისთვის საჩუქრებს სთავაზობს. სანდრო ლილუაშვილი არ ერიდება არც წარმატების „საიდუმლოების“, არც მარცხის გაზიარებას. საქმიანობის ყოველ ნაბიჯზე ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მთავარია გჯეროდეს საკუთარი თავის და ყველაფერი გამოგივა. ახლა კი ჩვენთან საუბარში, განვლილ გზასა და გამოცდილებაზე გვიყვება.

ლამის ხელები ჩამოვუშვი… დაღონებული წამოვედი სახლში, ვფიქრობდი, რომ დავმარცხდი.

დილაა. ოფისის ფანჯრიდან ქალაქს ვუყურებ. საგონებელში ვარ – ბიზნესი, რომელშიც უზარმაზარი რესურსი ჩავდე, იღუპება. ხალხის წინაშე პირობა მაქვს მიცემული, რომ ორ თვეში, „ტენეს“ დამტენი კაბელების წარმოებას საქართველოში დავიწყებ და თავს ვერ ვართმევ, უკვე რამდენიმე თვეა გასული. სირცხვილი მკლავს – რა ვქნა?

…ყველაფერი უცებ არ დაწყებულა.

ბავშვობიდან ტექნიკისკენ მიმიწევდა გული. სათამაშოები კი მქონდა, მაგრამ თამაშით გულს რომ ვიჯერებდი, უკვე რამდენიმე დღის შემდეგ, მინდოდა დამეშალა და გამეგო, შიგნით რა ხდებოდა. ეს ერთგვარი კვლევა იყო, ფიზიკის სწავლა, კოეფიციენტებისა და განტოლებების გარეშე.

ექსპერიმენტების ჩემეული აღქმა მქონდა. მაგალითად, ვერავინ ვერ იგებდა, სამზარეულოში ფანჯრის რაფაზე მუდმივად ლურსმნებს რატომ ვაჭედებდი. ბებიაჩემი წუხდა: „რა გინდა, დაანებე ამ რკინებს თავი!“ იქნებ ბალეტი უნდა მეცეკვა ან პოეზია მეწერა? არა, პოეზიაც მიყვარდა, მან შემაყვარა, მაგრამ ტექნიკისკენ უფრო მიმიწევდა გული და ვერავინ მაჩერებდა. ისე, ახლა მშობლებს ვეტყოდი: ნუ შეუშლით ხელს ბავშვს, როცა რაღაცის დაშლა უნდა. ის არ აფუჭებს – ის შეიმეცნებს.

მთავარია გჯეროდეს და დაიწყო – ერთი ნაბიჯი გადადგა და ინფორმაცია თავისთავად მოვა.

ჩემი პირველი ბიზნესი ჰოთ-დოგების გაყიდვა იყო. ახალგაზრდა სტუდენტი ვიყავი, პატარა თანხა მქონდა. სახლის წინ ჰოთ-დოგებს ვამზადებინებდი გოგოებს, მომქონდა სოსისები და პურები, ვყიდდი და ბიზნესპროცესს ვმართავდი. დიდი წარმატება არ მოჰყოლია, მაგრამ პირველი ნაბიჯი იყო.

მერე ონკანის წყლის გაყიდვა გადავწყვიტე – ძალიან გემრიელი იყო. გავფილტრეთ, ჩამოვასხით, დავაფასოეთ და გასაყიდად გავიტანეთ. ვერც ამ ბიზნესმა გაშალა ფრთები, მაგრამ სწავლაში ნამდვილად დამეხმარა. თანაც, ამ პროექტებში იმხელა თანხებსაც არ ვხარჯავდი, მერე წლობით ვალები რომ მქონოდა.

ამასობაში, პროფესიულ კარიერაშიც გადავდგი პირველი ნაბიჯები. მაშინ სამსახურის შოვნა ისეთი რთული იყო, სტაჟირება რომ დაგეწყო, ფული იქით უნდა გადაგეხადა. საბანკო სფეროში აღმოვჩნდი საკრედიტო ოფიცრად. Yes-man-ში ჯიმ ქერის პერსონაჟი რომ გასცემს სესხებს, ეგრე ვიყავი – მიმაჩნდა, რომ თუ ადამიანები კმაყოფილები არიან, უფრო მეტი ენთუზიაზმით იყენებენ საბანკო პროდუქტებს. მაშინ ეს არ ესმოდათ, მაგრამ წლების შემდეგ, ვხედავ, რომ საფინანსო ინსტიტუტებმა სწორედ ეს მიდგომა შემოიტანეს აქტიურად. კარგად ვმუშაობდი, მომხმარებლების მოზიდვაც შევძელი და თანდათან მაღალ პოზიციებზე ავედი.

შემდეგ უცხოელების ბანკი ჩავიბარე და თითქმის გაკოტრების პირას მყოფი კომპანია ერთ-ერთ წარმატებულ მიკროსაფინანსო კომპანიად ვაქციე. საქმის მართვა იმდენად კარგად ვისწავლე, მოგვიანებით საკუთარი მიკროსაფინანსო კომპანიაც დავაფუძნე, ბაზარზე პირველად შემოვიტანეთ „ლომბარდი მობილურის ტარების უფლებით“ და დღემდე, ამ საქმით უზრუნველვყოფ „ტენეს“ სიცოცხლისუნარიანობას.

…პლასტმასაზე

უნივერსიტეტში სწავლისას შევამჩნიე, რომ დღის მანძილზე,  მე და ჩემს კურსელებს, დიდი რაოდენობით პლასტმასას ნარჩენები გვიგროვდებოდა. 90-იანებში ცოტა ურნა იყო, ამიტომ ამ ნარჩენების შეგროვება და შემდეგ, ურნებამდე მიტანა გვიწევდა.

ვფიქრობდი, რამხელა ზიანს აყენებს ამდენი ნარჩენი გარემოს. ვიცოდი, ეს ნარჩენები რომც დამარხულიყო, ამით პრობლემა არ მოგვარდებოდა. სწორედ მაშინ გამიჩნდა სურვილი, ამ თემაზე რაღაც გაგვეკეთებინა.

ბედის ირონიით, მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ჩემი ბაბუა იყო სწორედ ადამიანი, რომელმაც საბჭოთა კავშირში შემოიტანა პლასტმასის წარმოება! მაშინ „სინთეზურ ნაკეთობათა ფაბრიკა“ ერქვა. სინთეზის შედეგად, იღებდნენ სხვადასხვა სახის პოლიმერებს. ბაბუაჩემი არ აწარმოებდა ერთჯერად პროდუქტებს. მაშინ მზადდებოდა სინთეტიკური ძაფი, ქსოვილი და ასევე, პლასტმასას სხვადასხვა ნაწარმი: მაგიდის გადასაფარებელი, საოჯახო მეურნეობის სათლები და  ხანგრძლივი მოხმარების სხვა ნივთები, რომელთაც დღესაც ვიყენებთ.

პლასტმასმა ძალიან გაუადვილა ცხოვრება კაცობრიობას, მაგრამ მისი უნიკალურობა ამავდროულად მისი უდიდესი მინუსიცაა. თუ სათანადოდ არ მოვექცევით, ის ყველგან ხვდება, მათ შორის, ჩვენს ორგანიზმშიც, რაც იწვევს უშვილობას, ონკოლოგიურ დაავადებებსა და სხვა პრობლემებს.

…ვაგრძელებ იმ თემით, საიდანაც დავიწყეთ

და, აი, ვდგავარ ჩემს მშვენიერ ოფისში და ვხვდები, წარუმატებლობის წინაშე ვარ. ყველაფერი ჩავდე ამ საქმეში – „ტენეში“. ვცდილობდი პლასტმასის ნარჩენების პრობლემა მომეგვარებინა, მაგრამ არ გამომდიოდა. არ ვიცოდი, როგორ ამემუშავებინა დანადგარები, რომლებიც წარმოებისთვის ჩამოვიტანე და უკვე რამდენიმე თვეა, ვერაფერი გავუგე.

ახლაც, გვიან ღამით დაღონებული წამოვედი სახლში. ვფიქრობდი, რომ დავმარცხდი. მაგრამ გამოძინებამ თავისი ქნა – დილას ახალი ენერგიით ავივსე და გადავწყვიტე, კიდევ ერთხელ მეცადა… და სწორედ იმ დღეს, როცა უკვე იმედი აღარ მქონდა, იფისში მისულს უცებ გამიელვა აზრმა, წამიერად, მივხვდი რა იყო პრობლემა, ამოვხსენი „განტოლება“ და მომენტალურად დავიწყე წარმოება.

„ტენე“ ჯერ კიდევ იბრძვის ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად – ზოგჯერ მოგებაზეა, ზოგჯერ არა. პლასტმასას შეგროვება არ არის მოგებიანი საქმიანობა, რასაც ბევრი ვერ აცნობიერებს, მაგრამ ჩვენ ამას მაინც ვაკეთებთ. რაკი დავიწყეთ, თავს ვერ დავანებებთ.

დღეს, წარმატებად მიმაჩნია ის, რომ ჩვენი კომპანია არის არა უბრალოდ „კაბელების“ მწარმოებელი, არამედ ორგანიზაცია, რომელიც აგროვებს პლასტმასას და ზრდის ცნობიერებას პლასტმასათი დაბინძურების წინააღმდეგ. ჩვენ ადამიანებს ვთავაზობთ საჩუქრებს – მაგალითად, 20-ლარიან კაბელს 50 ბოთლის ჩაბარებისთვის. ასე დავაინტერესეთ ბევრი ადამიანი, მათ შორის ისეთებიც, ვისაც ეს არ აინტერესებდა. მერე, როცა დროებით შევაჩერეთ პროგრამა, ადამიანები მაინც აგრძელებდნენ პლასტმასას მოტანას! ეს ნიშნავს, რომ ცნობიერება და ქცევა შეიცვალა და სწორედ ამას ვთვლი ჩვენს ყველაზე დიდ მიღწევად.

როცა უკან ვიხედები, ვხვდები, რა მამოძრავებდა…

თავიდან ეგო იყო – მინდოდა დამემტკიცებინა, რომ შევძლებდი. როცა გამომივიდა და წარმატებული გავხდი, ვიგრძენი, რომ ეგოს ვიყენებდი შედეგის მისაღწევად. ახლა ეგოს ნაცვლად, სურვილები და მიზნები მამოძრავებს.

ყოველთვის ვცდილობ, ისეთ საქმიანობას მოვკიდო ხელი, რომელიც სიკეთეს ემსახურება. ყოველთვის მქონდა საკუთარი თავის რწმენა, სულ მჯეროდა, რომ რაღაცას თუ გავაკეთებდი, აუცილებლად გამომივიდოდა.

მთავარია გჯეროდეს საკუთარი თავის და დაიწყო – გადადგი ერთი ნაბიჯი და ინფორმაცია თავისთავად მოვა. მერე მიყვები და მიყვები პროცესს. ზოგი ადამიანი წლობით ატარებს იდეებს, ნერვები ეშლება მათი განუხორციელებლობის გამო და საბოლოოდ, ძალიან კარგი იდეებიც კი თაროზე რჩება და კვდება. ასევე, მჯერა, რომ გულახდილობა მნიშვნელოვანია. არ მესმის, რატომ მალავენ ადამიანები თავიანთ გამოცდილებას. მე ყველას ღიად ვუზიარებ ჩემს გამოცდილებას, რადგან როგორც ბარათაშვილი ამბობს თავის „მერანში“: „და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება“.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

„ერთ დღეს, კომფორტული და სტაბილური კარიერა დავტოვე, რომ ადამიანებისთვის თვითმოტივაცია მესწავლებინა“ – ნათია ჭიაურელი

Euromoney: საქართველოს ბანკი საუკეთესო ESG ბანკია საქართველოში