in

„მთავარია, გჯეროდეს, რომ მხოლოდ ერთი გზა არ არსებობს“ – შოთა ადამაშვილი

„დაგვიანებულია“ – უთხრა ვოკალის პედაგოგმა ქართველ ქანთრი მუსიკოსს. სხვებისგანაც ბევრჯერ მოუსმენია, რაღა დროს შენი მუსიკააო?! თავადაც კარგად იცოდა, რომ 23 წლის ასაკში მომღერლის კარიერის დაწყება რთული იქნებოდა. თუმცა ვინ განსაზღვრავს, როდის არის „სწორი დრო“ იმ საქმის დასაწყებად, რომლისკენაც მიგიწევს გული? ერთხელაც, გიტარა აიღო ხელში და ჯერ ქუჩასა და ბარებში დაიწყო სიმღერა, შემდეგ – უფრო დიდი სცენებისკენ გადაინაცვლა. მართლაც, ბიჭი ბოლნისიდან, რომელიც გვიან მივიდა მუსიკაზე და მიწისქვეშა გადასასვლელში უკრავდა, არ შემცდარა. ცოტა ხნის წინ, ქანთრი მუსიკის მექაში – ტექსასში -Texas Sounds International Country Music Awards-ის ორი ჯილდო მიიღო – „წლის საუკეთესო ორიგინალური სიმღერისა“ და „Texas Spirit-ის წლის საუკეთესო შემსრულებლობისთვის“. 

ტექსასის ჰაერსაც კი სხვა გემო აქვს. ჩადიხარ და ხვდები – სხვა პლანეტაზე ხარ. მანქანებიც კი უფრო დიდია, გზებიც სხვანაირი, მასშტაბები – გიგანტური. ევროპაში რომ გადადიხარ, თითქოს დიდ სხვაობას ვერ გრძნობ, ფეხითაც გაივლი, აქ კი ყველაფერი „ბორბლებზეა“, სხვა განზომილებაა. დგახარ ამერიკის მიწაზე, ამერიკულ ჰაერს სუნთქავ და გიჭირს დაჯერება, რომ ეს მართლა ხდება.

არადა, მე არ ვყოფილვარ „ბუნებრივი ნიჭის“ პატრონი. დღევანდელი „მე“ არის ძალიან დიდი შრომის შედეგი.

უკანა ხედვის სარკეში რომ ვიყურები, წარმოუდგენელი იყო, ოდესმე აქ თუ მოვხვდებოდი. ბოლნისში გავიზარდე. მართალია, მეორე კლასიდან ფორტეპიანოზე დავდიოდი, მერე ქართულ ცეკვებზეც, მაგრამ მაშინ უფრო კარატე და აღმოსავლური ორთაბრძოლები მაინტერესებდა. მერე ფეხბურთი. წიგნებში ჩაფლული ბავშვი ვიყავი, სახლში დიდი ბიბლიოთეკა გვქონდა და იქ ვიკარგებოდი – ისტორია, ლიტერატურა, კინო… მუსიკა სულ იყო, მაგრამ პროფესიად? ვერ აღვიქვამდი. ბავშვი ხარ, ვერ ხვდები, რაში იღებს ხალხი ფულს და რაში – არა.

გვიან დავიწყე. ძალიან გვიან.

იმ დროს, როცა ჩემი თანატოლები უკვე კარიერას იწყობდნენ, მე გამოვუტყდი საკუთარ თავს, რომ მუსიკა მინდოდა. 23 წლის ვიყავი, ვოკალის პედაგოგთან რომ მივედი. „დაგვიანებულიაო,“ – პირდაპირ მითხრა. მაგრამ მე მუსიკალური კონკურსების მოგება კი არა, სიმღერა მინდოდა.

იცი, როგორია, როცა ნოლიდან იწყებ მაშინ, როცა სხვები უკვე მწვერვალებზე არიან? როცა პროფესიონალები ზემოდან გიყურებენ? „რაღა დროს შენი მუსიკაა?“ – ეს ფრაზა კლასიკაა. მეგობრებიც კი ირონიულად უყურებდნენ ჩემს „ბათინკებს“ და მიწისქვეშა გადასასვლელებში დაკვრას. 2015 წელს ქუჩიდან ბარებში გადავინაცვლე, მაგრამ ეს „თვითმარქვიას სინდრომი“ სულ თან დაგდევს. სულ გგონია, რომ რაღაც გაკლია, რომ საკმარისად კარგი არ ხარ, რომ ზედმეტ პრეტენზიას აცხადებ.

მაგრამ იყო მომენტები… სულ პატარა მომენტები, რომლებიც გზას გინათებენ. მახსოვს, მეგი ბეჟუაშვილმა მითხრა ერთხელ: „კარგი მონაცემები გაქვს და შეგიძლია წინ წახვიდე“. მაშინ პირველად ვიგრძენი, რომ გიჟი არ ვიყავი. რომ ვიღაცამ მართლა დამინახა. ან როცა ვიღაც უცხო მოგადგება და გეტყვის: „ქანთრის მსმენელი არ ვარ, მაგრამ შენ რომ მოგისმინე, მომეწონა“. ეს არის საწვავი. ამით ცოცხლდები და ძლიერდები.

სულ მესმის კრიტიკაც: „რატომ ინგლისურად? რატომ არ წერ ქართულად?“ მე კიდევ მგონია, რომ მთავარი ორგანულობაა. ქანთრი ჩემთვის ავთენტურად ინგლისურ ენაზე ჟღერს. ეს არ არის „ანგლოფილობა“ ან საკუთარი კულტურის უარყოფა. ეს არის გულწრფელობა საკუთარ თავთან. აბა, ABBA-მ ან Roxette-მა რომ ინგლისურად შექმნეს ჰიტები, ამით ნაკლებად შვედები იყვნენ? თუ შენ თვითონ არ გჯერა იმის, რასაც აკეთებ, მსმენელს ვერ მოატყუებ. კრის სტეიპლტონი ამბობდა: „ისეთ მუსიკას ვქმნი, რომელსაც მე თვითონ მოვუსმენდიო“. ეგ არის ჩემი რეცეპტიც.

და აი, დადგა მომენტი, როცა მზაობა და შესაძლებლობა ერთმანეთს შეხვდა.

ტექსასში Texas Sounds International Country Music Awards-ზე ცარიელი ენთუზიაზმითა და ჯიბით ჩავედი. მხოლოდ ის მინდოდა მენახა, რას იტყოდა ჩემს შესრულებაზე ხალხი, ვის სისხლშიც არის ეს მუსიკა, იქ, სადაც ქანთრი რელიგიაა. მიმიღეს. ორი ჯილდო წამოვიღე – საავტორო სიმღერისთვის და ტრადიციული ქანთრისთვის. მაგრამ, იცი, რა? ჯილდოზე მეტად, ეს იყო იმის დასტური, რომ სწორად ვაკეთებდი.

ეს ჯილდოები დიდი პასუხისმგებლობა და ბიძგია. ახლა, სადებიუტო ალბომზე ვმუშაობ. მინდა ხარისხიანი ნამუშევარი დავდო. ფინანსურად რთულია, დანაზოგებს ვხარჯავ, მაგრამ ვიცი – შუა გზაზე, დაშვებული საბურავით არ უნდა დავრჩე.

ახლა რომ მკითხო, რას ვეტყოდი იმ ბიჭს, ან ნებისმიერს, ვინც ახლა იწყებს: დრო არ დაკარგოთ. იპოვეთ მენტორი. იყავით გულწრფელები და გახსოვდეთ – დისციპლინა გაძლევს თავისუფლებას. თუ ნიჭი გაქვს, შრომამ უნდა გაჯობოს, თუ არა და – ორმაგად უნდა იშრომო.

მთავარია, გჯეროდეს, რომ მხოლოდ ერთი გზა არ არსებობს.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

Adobe ლიმიტებს ხსნის: AI-ფოტოებისა და ვიდეოების შეუზღუდავი გენერაციის შესაძლებლობა

„ციფრული კომუნიკაციისა და მონეტიზაციის სტრატეგიები“ – საბაუნის პრაქტიკულ კურსზე მიღება დაიწყო