in

„მთავარია, გჯეროდეს, რომ აუცილებლად მიაღწევ მიზანს“ – თამილა შარუხია

არ აქვს მნიშვნელობა, რა ასაკში დაიწყებ, თუკი გულით გინდა ფინიშის ხაზთან პირველი აღმოჩნდე. თამილა შარუხიას სპორტული კარიერა 44 წლის ასაკიდან იწყება. დიასახლისი, რომელმაც ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ოჯახს მიუძღვნა, ერთდროულად, სამი სპორტის პირველობას შეეჭიდა. მორბენალმა, ველომრბოლელმა და მოცურავე ქალმა პირველობაც არაერთხელ მოიპოვა. საპრიზო ადგილები აიღო სტამბოლის მარათონზე, 106-კილომეტრიან ღამის რბოლასა და Ironman-ის ტრიათლონზე. ბოსფორის სრუტეც კი სიმღერით გადაცურა. თამილა შარუხია გვიყვება, როგორ უნდა აქციო „შეუძლებელი“ ყოველდღიურ გამოწვევად და რატომ არ აქვს ვადა ოცნებას, თუკი მზად ხარ, მისთვის იბრძოლო.

ბავშვობაში ხშირად ვავადმყოფობდი. სულ რაღაც მტკიოდა, ხშირად ვცივდებოდი და ექიმები სპორტულ აქტივობას მიკრძალავდნენ. არადა, ყოველთვის მინდოდა სპორტში ყოფნა. სკოლაში, ფიზკულტურის მასწავლებელი მეუბნებოდა, სირბილის მონაცემები გაქვსო, მაგრამ ეს მხოლოდ ოცნებად რჩებოდა. ტელევიზორში სპორტულ დაჯილდოებებს რომ ვუყურებდი, როგორ იდგნენ გამარჯვებულები კვარცხლბეკზე, ტირილი მივარდებოდა. სულ ვფიქრობდი: „რატომ არ ვარ იქ მე?“ თითქოს მთელი ცხოვრება რაღაც მომენტს ველოდებოდი, როდის მოხდებოდა ჩემში ის გარდატეხა, რომელიც ამ ოცნებას რეალობად აქცევდა.

სკოლის შემდეგ, სამედიცინოზე ჩაბარებას ვაპირებდი, მაგრამ მამის გარდაცვალებამ გეგმები შეცვალა. თბილისში დავრჩი, ვიმუშავე, მერე დავოჯახდი, 25 წლის ასაკში უკვე ორი შვილი მყავდა და მთლიანად საოჯახო საქმეებში გადავეშვი თავით. ვიქეცი დიასახლისად, რომელიც საკუთარ ამბიციებს ოჯახურ ზრუნვაში აქსოვდა.

44 წლის ასაკში მივხვდი, რომ მარტო დიასახლისობა აღარ მაკმაყოფილებდა. თვითრეალიზაცია მწყუროდა და ვიფიქრე, ისევ სპორტული ოცნებისთვის მიმეხედა. დავიწყე ფიტნესით, გავიცანი მორბენალი მეგობრები და სულ მალე აღმოჩნდა, რომ სირბილში მართლაც კარგი შედეგები მქონდა. საქართველოს ჩემპიონატებზე საპრიზო ადგილებს ვიკავებდი. მერე იყო თურქეთი, ტრაბზონის ნახევარმარათონი და პირველი ადგილი. ამან უდიდესი სტიმული მომცა.

გადავწყვიტე სტამბოლის მარათონზე წასვლა, რომელიც ძალიან პრესტიჟულად ითვლება. სამი თვე ვემზადებოდი და მესამე ადგილი ავიღე. ეს უკვე სერიოზული განაცხადი იყო. თუმცა, ნამდვილი გამოწვევა წინ მელოდა. სტამბოლიდან დაბრუნებიდან ორ კვირაში, კვიპროსზე, ლარნაკას მარათონი ტარდებოდა. მწვრთნელი კატეგორიულად მეწინააღმდეგებოდა: „ორგანიზმი ვერ აღიდგენს ძალებს, შედეგს ვერ დადებ და გული გაგიტყდებაო“. მაგრამ მე იმდენად დარწმუნებული ვიყავი საკუთარ თავში, რომ მაინც წავედი. ვუთხარი, ჩემს თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას-მეთქი. იქაც მესამე ადგილი ავიღე – 2018 წელს გავხდი პირველი ქალი საქართველოში, რომელმაც ორ კვირაში ორი სრული მარათონი ირბინა.

ამის შემდეგ მეგობრებმა Ironman-ისკენ მიბიძგეს. ეს არის ტრიათლონი: ცურვა, ველოსიპედი და სირბილი გადაბმულად, შესვენების გარეშე. ველოსიპედიც კი არ მყავდა, არც მასზე ჯდომა ვიცოდი წესიერად. ვიყიდე ველოსიპედი და დავიწყე მზადება. ლისის ტბაზე ტარდებოდა ტრიათლონის მოკლე დისტანციები, სადაც სამჯერვე საპრიზო ადგილზე გავედი. მივხვდი, რომ შეუძლებელი არაფერია, თუ შრომას ჩადებ.

ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი 2021 წელს ბათუმში ჩატარებულ ტრიათლონს უკავშირდება. ძალიან ძლიერი უცხოელი სპორტსმენები მონაწილეობდნენ. მეგობრები მამხნევებდნენ: „მთელი აჭარა და საქართველო შენ გიყურებსო“. ისე ვნერვიულობდი, ღამეები არ მეძინა, მაგრამ სტარტზე რომ დავდექი, ყველაფერი დამავიწყდა. საბოლოოდ, აბსოლუტურ კატეგორიაში პირველი ადგილი ავიღე! 25-27 წლის გოგოებსაც კი ვაჯობე. ეს იყო უდიდესი ბედნიერება.

პანდემიის დროს, მთებში სირბილი დავიწყე. „თრეილ რანინგი“ სულ სხვა დატვირთვაა. შარშან 106 კილომეტრი ვირბინე, 3500 მეტრი სიმაღლის დაგროვებით. 19 საათი და 30 წუთი დამჭირდა. წარმოიდგინეთ, ღამეც მომიწია სირბილი, ტყეში, ფანრით. ყოველ პატარა ხმაურზე გული მისკდებოდა, მეგონა დათვი გამოვარდებოდა. ფინიშთან რომ მივედი, ვთქვი: „მორჩა, მეტს აღარ ვიზამ“. მაგრამ როგორც კი დავისვენე, უკვე შემდეგ მარათონზე შევუდექი ფიქრს.

შარშანწინ ბოსფორიც გადავცურე – 6.5 კილომეტრი აზიიდან ევროპამდე. როცა დისტანცია დავინახე, შემეშინდა. ერთი შესანიშნავი რჩევა მომცა გემზე მყოფმა 70 წელს გადაცილებულმა ქალბატონმა: „თუ შეგეშინდება, სიმღერა დაიწყეო“. ჰოდა, მეც ვმღეროდი და მივცურავდი.

რა თქმა უნდა, მარცხიც მახსოვს… ნიცაში, Ironman-ის მსოფლიო ჩემპიონატზე, ველოეტაპის დროს, მხოლოდ 4 წუთით დავაგვიანე საკვებ პუნქტთან და ამის გამო, დისტანციიდან მომხსნეს. ჩემთვის დიდი დარტყმა იყო, მაგრამ არ გავჩერებულვარ. წელს გერმანიაში სრული Ironman მაქვს დაგეგმილი: 4 კმ ცურვა, 180 კმ ველოსიპედი და 42 კმ სირბილი.

დღეს, 53 წლის ვარ და უფრო მეტი გეგმა მაქვს, ვიდრე 44 წლისას. ჩემი მეუღლე და შვილები ჩემი მთავარი გულშემატკივრები არიან. ხანდახან მეც მეზარება დილით ადგომა, სიცივეში გასვლა, მაგრამ ვიცი, რომ მიზნისთვის ეს აუცილებელია. როცა ფინიშს კვეთ და ყველა ტაშს გიკრავს, იმ წამს თავი ზეადამიანი გგონია. ამ მომენტისთვის ღირს მთელი ის შრომა.

მთავარია, გჯეროდეს, რომ აუცილებლად მიაღწევ მიზანს. მე თუ შევძელი, თქვენც შეძლებთ!

შეახსენეთ დედებს რომ განსაკუთრებულები არიან!

AI მიმართულებით ქალთა გაძლიერების მიზნით, BTU წამყვანი იაპონური არასამთავრობო ორგანიზაციის პარტნიორი გახდა