ერთხელ, უნივერსიტეტის აუდიტორიაში, ახალგაზრდა სტუდენტმა, რომელსაც მოგვიანებით წარმატებულ არტ დირექტორად გაიცნობენ, დიზაინის კონკრეტულ მიმართულებაზე კატეგორიული უარი თქვა და თავისთვის ჩაიჩურჩულა: „გამორიცხულია, მანდ რომ ვიმუშაო“. ბედის უცნაური ხუმრობით, სწორედ ეს გახდა თეონა შელიას პირველი პროფესიული ნაბიჯი დიზაინის სამყაროში, რომელიც მალევე მის შემოქმედებით სახლად იქცა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მის შემოქმედებით ხედვას საფუძველი ბავშვობაში ჩაეყარა, როცა მშობლებმა ოთახის კედლების მოხატვის თავისუფლება მისცეს – პირველი ნაბიჯი თვითგამოხატვისკენ, რომელიც დღეს Experience Agency-ს კრეატიულ დირექტორობამდე გაგრძელდა.
„მე ამას გავაკეთებ” – ეს სამი სიტყვა არტ დირექტორის ცხოვრების მამოძრავებელ მოტოდ იქცა. მარტივი, მაგრამ ძლიერი მანტრა, რომელიც შიშებსა და ეჭვებს შორის თამამად ატარებს და გზის გაგრძელების ძალას აძლევს იმ მომენტებშიც კი, როცა გაიფიქრებს ხოლმე – „მგონი, არაფერი არ ვიცი“.
„გამორიცხულია, მანდ რომ ვიმუშაო,“ – ვუთხარი საკუთარ თავს, როცა უნივერსიტეტში გეიმ დიზაინის გრაფა დაუფიქრებლად გადავხაზე. იმ დღეს, ლექტორმა დაგვირიგა ფურცლები გრაფიკული დიზაინის ყველა მიმართულების ჩამონათვალით და გვთხოვა, მოგვენიშნა ის სფეროები, სადაც არასოდეს ვიმუშავებდით. ცხოვრების ირონიით – ჩემი პირველი სამსახური სწორედ გეიმ დიზაინერი აღმოჩნდა.
არტ დირექტორი ვარ. დღეს, Experience Agency-ში ვმუშაობ კრეატიულ დირექტორად და პარალელურად ფრილანს პროექტებსაც ვიღებ სხვადასხვა მიმართულებით. როცა ვფიქრობ, საიდან და როდის დაიწყო ეს ყველაფერი, ვერ ვიხსენებ კონკრეტულ მომენტს. ბავშვობიდან ვიცოდი, რომ დიზაინერი ვიქნებოდი – ეს იყო არა გადაწყვეტილება, არამედ ცოდნა.
ოჯახი მხარს უჭერდა ჩემს არჩევანს. განსაკუთრებით დედაჩემი ნანა, რომელიც დღემდე ამბობს, რომ პროფესია შეეშალა და ხელოვანი უნდა ყოფილიყო. სრულიად ვეთანხმები – ის მართლაც შესანიშნავი შემოქმედია.
თვალები
პატარობისას განსაკუთრებით პორტრეტები და თვალები მიტაცებდა. დიდი მხატვრების რეპლიკებს ვხატავდი, ვცდილობდი ზუსტად მიმესგავსებინა. უცნაურია, მაგრამ ახლა საერთოდ აღარ ვხატავ, თითქოს მიმავიწყდა ეს სიყვარული. რატომ დავბლოკე ასე? ამაზე სულ ვფიქრობ, მაგრამ პასუხი ჯერაც ვერ მიპოვნია. თუმცა, ძალიან ცნობისმოყვარე ვარ და იმედი მაქვს, ოდესმე ამოვხსნი ამ საიდუმლოს. ხატვის სიყვარულს არ მივტირი – ცხოვრება ხომ გზების ძიებაა და მეც ბევრი გზა გამოვცადე.
ჩემი შემოქმედებითი ფანტაზია მაშინ გაიხსნა, როცა მშობლებმა მე და ჩემს დას, თიკას, სრული თავისუფლება მოგვცეს საკუთარი ოთახის კედლები ისე მოგვეხატა, როგორც გვინდოდა. ეს პატარა ექსპერიმენტი ჩემი პირველი ნაბიჯი იყო თვითგამოხატვისკენ.
Helvetica და Didot
როცა საქართველოდან სასწავლებლად წავედი მეგობართან ერთად, უნივერსიტეტიდან მეილი მოგვივიდა, რომ ორი ჯგუფი იქნებოდა – helvetica და didot და რომ ჩვენ helvetica-ში მოვხვდით. ეს სიტყვები ჩვენთვის არაფერს ნიშნავდა. ჩასვლიდან სამი კვირის შემდეგ, როცა ტიპოგრაფიის ლექცია დაიწყო, აღმოვაჩინეთ, რომ ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფონტების სახელები იყო. ასეთი უცნაური დასაწყისი ჰქონდა ჩემს პროფესიულ გზას.
სხვათა შორის, მოდის დიზაინზე მინდოდა სწავლა, მაგრამ აქაც, ბედის ირონიით, გრაფიკულ დიზაინზე აღმოვჩნდი. ეს ნაბიჯი საბედისწერო გამოდგა. საკმაოდ ბევრი სფერო გამოვცადე – fashion, game, graphic და სხვა. სწორედ ამ მრავალფეროვანმა გამოცდილებამ მომიყვანა იქ, სადაც ახლა ვარ.
„მე ამას გავაკეთებ“
ეს ფრაზა ჩემი ცხოვრების დევიზია. პირდაპირ და მარტივად. დასაწყისიდან დღემდე ასეა და ეს მიდგომა ყველაზე მეტად მეხმარება ცხოვრებაში. როცა მეკითხებიან, რა იყო ჩემი წარმატების საიდუმლო, ყოველთვის ვამბობ – გადაწყვეტილების მიღების უნარი და ქმედება.
ჩემი გზა არ ყოფილა წინააღმდეგობების გარეშე. შიში სხვადასხვა მხრიდან მუდმივად მიტევს. ბევრჯერ მიფიქრია: „მგონი, არაფერი არ ვიცი…“ ახლაც ვებრძვი ამ გრძნობას, საკმარისი ძალა უნდა გამოვნახო და ბოლომდე მივიყვანო, რაც ჩაფიქრებული მაქვს. რომ მკითხოთ, ბევრ წინააღმდეგობას ვისურვებდი თუ არა ცხოვრებაში, ნამდვილად ვიტყოდი – არა, მაგრამ ამავდროულად, ვაღიარებ, რომ სწორედ ამ წინააღმდეგობების გადალახვა გვაძლიერებს და საინტერესო გამოცდილებებს ტოვებს ჩვენს ცხოვრებაში. გამოცდილებები კი ყველაზე მნიშვნელოვანია – ამისგან შედგება ჩვენი ცხოვრება.
ცხოვრებაში რამდენიმე ადამიანი მყავს, ვისი აზრიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ყოველთვის ვეკითხები მათ რჩევას, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებებს მაინც მარტო ვიღებ ხოლმე. ეს ჩემი გზაა და პასუხისმგებლობაც ჩემია.
გარდამტეხი მომენტი ბევრი იყო ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ყველაზე მთავარი საკუთარი თავის რწმენაა. შეიძლება იყო მომენტები, როცა მეგონა, რომ მიზნის მიღწევა შეუძლებელი იყო, მაგრამ ახლა ვერც კი ვიხსენებ ასეთ ეპიზოდებს. ყოველთვის მჯერა და ჩემს თავს ვეუბნები: მაქსიმუმი უნდა გავაკეთო, ვცადო და თუ არ გამოვა, მე ხომ მაინც ვცადე.
ვინც დღეს ვარ
ეს ყველა იმ გამოცდილებისა და გადაწყვეტილების ჯამია, რომელიც მივიღე. სხვანაირად დღეს ასეთი არ ვიქნებოდი. ჩემი ცხოვრების ამბავი მხოლოდ წარმატებების კრებული არ არის – ეს არის მოზაიკა წარმატებებისა და მარცხის, რწმენისა და ეჭვის, მოულოდნელი შემობრუნებებისა და გაბედული გადაწყვეტილებების.
წარმატება?
ჩემთვის ეს არის პროექტები, რომლებიც ხალხს მოსწონს და რომლებითაც ამაყობენ. ეს ალბათ ყველაზე დიდი წარმატება და ბედნიერებაა პროფესიონალისთვის – როცა შენი ნამუშევარი სხვებში სიხარულს იწვევს. თუმცა, თუ მკითხავთ, რას ნიშნავს ჩემთვის დღეს თავისუფლება, წარმატება ან მიღწევა, პასუხი მარტივია – თინი და ლილი, ჩემი ტყუპი შვილები. ეს სამი სიტყვა – თავისუფლება, წარმატება, მიღწევა – მათთან ასოცირდება ჩემთვის.
ყველას, ვინც ახლა იწყებს გზას, ვეტყოდი: მთავარია, გჯეროდეს, რომ თვალებს ყველაფერი შეუძლიათ. დაიჯერე საკუთარი თავის. ეს უბრალო ფრაზა არ არის – ეს არის ფილოსოფია, რომელმაც გამატარა უამრავ გამოწვევასა და წინააღმდეგობაზე. არ არსებობს წარუმატებლობა, არის მხოლოდ გამოცდილება. მიზანი ყოველთვის არ არის დანიშნულების ადგილი – ხშირად ეს არის გზა, რომელსაც გადიხარ. შენი ცხოვრება შენივე ხელებშია.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი










