in

#მთავარიაჯანმრთელობა! სამედიცინო მომსახურების თანამედროვე მიდგომა და სხვა სიახლეები “ვივო მედიქალისგან”

გიორგი ყიფიანი

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საკმაოდ ბევრი სამედიცინო დაწესებულება ფუნქციონირებს, ჯერ კიდევ აქტუალურია პაციენტებისათვის სანდო, გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდებისა და სწორი მკურნალობის დანიშვნის პრობლემა. “ვივო მედიქალი” სამედიცინო ჯგუფია, რომელიც რამდენიმე კლინიკას აერთიანებს და სწორედ ჯანმრთელობის მიმართულებით არსებული სერვისების გაუმჯობესებაზე ზრუნავს. “ვივო მედიქალის” მხარდაჭერით, მარკეტერზე მალე ყოველთვიურ რუბრიკას იხილავთ, სახელწოდებით #მთავარიაჯანმრთელობა. ამ სტატიების საშუალებით მიიღებთ სასარგებლო რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ მოახერხოთ დატვირთულ და სტრესულ საქმიან გარემოში ჯანმრთელობის შენარჩუნება და გაუმჯობესება. ჯანდაცვის სფეროში არსებულ აქტუალურ საკითხებსა და “ვივო მედიქალის” ახლებურ მიდგომაზე, ორგანიზაციის დამფუძნებელს გიორგი ყიფიანს ვესაუბრეთ.

bog
bog-mob

M: რომელ კლინიკებს აერთიანებთ? რამდენიმე სამედიცინო დაწესებულების მენეჯმენტი საკმაოდ დიდ სირთულეებთან უნდა იყოს დაკავშირებული. როგორია თქვენი მართვის მექანიზმი?
ჯგუფში გაერთიანებულია თბილისის რამდენიმე კლინიკა:
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, რომელიც არის მულტიპროფილური, მასში არის ასევე მიმღები და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, რომელიც სულ ახლახანს განახლდა; ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული კლინიკა, ჟორდანიას კლინიკა, ინოვა, ინოვა ინვიტრო. მენეჯმენტში მუდმივი სწავლისა და მიღებული გამოცდილების დანერგვის სქემით ვმუშაობთ. ჩვენ დავიწყეთ პატარა მოცულობით, მივხვდით, რა შეცდომებს ვუშვებდით, რამ იმუშავა კარგად და ამ გამოცდილებას ახლა უკვე უფრო დიდ მასშტაბზე ვიყენებთ.

M: საქართველოში დღეს საკმაოდ ბევრი სამედიცინო დაწესებულებაა, რატომ გადაწყვიტეთ “ვივო მედიქალ” ჯგუფის შექმნა?

მე გავიზარდე ექიმების ოჯახში და ძალიან ახლოს ვიცნობ საავადმყოფოებს, ექიმებს, მათ სამუშაო სივრცესა და პრობლემებს. მე თვითონ ბიზნეს ადმინისტრატორი ვარ და სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობდი სხვადასხვა კომერციულ სექტორში. სამედიცინო სფეროში რამდენიმე წლის წინ აღმოვჩნდი, ყველაფერი ბოხუას სახელობის კლინიკის შეძენითა და გაახლებით დაიწყო. მივხვდი, რომ ძალიან საინტერესო და ღირებულია ამ სფეროში მუშაობა, ერთ-ერთი ყველაზე საჭირო დარგია ადამიანებისთვის და ამავდროულად, ყველაზე მეტი პრობლემა დღეს აქ არის. ნელ-ნელა სხვა კლინიკებიც შემოვიერთეთ და აქტიურად ჩავერთეთ მათ გაახლებასა და ახალი კლინიკების შექმნაში.

M: რა განსხვავებულ მიდგომას სთავაზობთ საზოგადოებას და რა არის თქვენი მამოძრავებელი ღირებულებები?

მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოში მრავალი სამდიცინო დაწესებულება ფუნქციონირებს, მაინც არის დაუკმაყოფილებელი “მოთხოვნა”. ამ შემთხვევაში, ესაა ადამიანის მოთხოვნილება, ჰქონდეს წვდომა თანამედროვე ჯანმრთელობის დაცვის სისტემასთან. ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს ქართულ სამედიცინო სექტორის სტაბილური განვითარების გზაზე არის ჯანდაცვის მენეჯმენტი. ეს საქართველოში სრულიად ახალი სფეროა და შეიძლება ითქვას, რომ გზადაგზა ყალიბდება.

დღეს ჩვენს ჯგუფში გაერთიანებულია მრავალი წარმატებული სამედიცინო დაწესებულება, რომლებიც ერთი შეხედვით საკმაოდ განსხვავებულია ერთმანეთისგან, თუმცა ყველგან არის საერთო ღირებულებები. ვივო მედიქალის ღირებულებები ჩამოყალიბებულია ერთი საწყისის გარშემო – ადამიანის, ჩვენ შემთხვევაში კი პაციენტის ჯანმრთელობის უზრუნველყოფის გარშემო.

M: რა პრობლემას აწყდებიან პაციენტები ექიმთან კონსულტაციისას ან თუნდაც, კლინიკაში ვიზიტის დროს?

როგორც მოგეხსენებათ, დღეს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ტრანსფორმირდება საბჭოთა სისტემიდან თანამედროვე, დასავლური სისტემისკენ. თუმცა, ეს პროცესი საკმაოდ დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგან საქმე ეხება ადამიანებს, პროფესიონალებს, რომლებიც მთელი ცხოვრება ასრულებდენ თავის საქმეს ერთი სტანდარტით (თუნდაც არაეფექტურით), ახლა კი მათ უწევთ სრულიად სხვა სისტემით მუშაობა.

“ადრე” სისტემის ცენტრი იყო ექიმი და სამედიცინო დაწესებულება, ხოლო თანამედროვე მიდგომა ითხოვს, რომ ცენტრში იყოს მხოლოდ პაციენტი. ამიტომ დღეს ხშირად ვაწყდებით სამედიცინო პერსონალის მხრიდან არასათანადო კომუნიკაციას, რაც შედეგად უფრო ამწვავებს ისედაც არსებულ უნდობლობას პაციენტისგან სამედიცინო დაწესებულებების მიმართ.

დღეს პრობლემა არის პაციენტებისთვის სანდო, გადამოწმებული და ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი სამედიცინო ინფორმაციის მიღება.

M: როგორ გეგმავთ ამ პრობლემების გადაჭრას?

ინფორმირებული პაციენტი არის დაცული პაციენტი და ეს არის ჩვენი მთავარი მამოძრავებელი.

სრულყოფილი კომუნიკაცია პაციენტსა და ექიმს შორის არის საწინდარი გრძელვადიანი და შედეგიანი ჯანდაცვის სისტემის.

ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და ექსპერტი ერთხმად გვაფრთხილებს, რომ საქართველოში საგანგაშო პროპორციაა ჰოსპიტალიზაციის, ქირურგიური ჩარევებისა და ამბულატორულ-დიაგნოსტიკურ ინტერაქციებს შორის. ყველა რიცხვი მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში, გვაქვს ცუდი სამედიცინო გამოსავალი დაგვიანებული დიაგნოსტირების გამო.

ჩვენთან, ხალხში დღემდე არის შემორჩენილი ტერმინი: “ისეთი ჯანმრთელი ვარ, რომ ექიმთან არ ვყოფილვარ ცხოვრებაში არასდროს.” – რა თქმა უნდა, თუ არ შევიხედებით ოთახში, ვერ გავიგებთ არის თუ არა იქ შავი კატა.

სწორედ ეს მიგვაჩნია ერთ-ერთი პრობლემატურ საკითხად – არ არის ნდობა და არ არის ურთიერთობა სამედიცინო პერსონალსა და პაციენტს შორის. შედეგად, ვერ ვიღებთ ეფექტურ სამედიცინო პროცესს და ზიანდება ისევ პაციენტი და მისი ჯანმრთელობა.

M: რა საკომუნიკაციო არხების გამოყენებას გეგმავთ მომხმარებელთან ურთიერთობისას?

გადავწყვიტეთ ჩვენი საკომუნიკაციო სტრატეგია ჩვენს მთავარ ღირებულებას დავაფუძნოთ – პაციენტი, როგორც სისტემის ცენტრი. ავიღეთ მიზნად პაციენტებისთვის ყველაზე მარტივად ხელმისაწვდომი არხით – ინტერნეტით მივაწოდოთ მაქსიმალურად სასარგებლო, დროული  ინფორმაცია, აქტიურად ჩავრთოთ ჩვენი ექიმები პაციენტებისთვის საყურადღებო ინფორმაციის გასაზიარებლად. საბოლოო ჯამში, ვფიქრობთ, რომ კომუნიკაციის ეს გზა პაციენტებს და ექიმებს შორის ნდობას გაზრდის და ამავდროულად, პაციენტების ინფორმირებულობის ზრდით, მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვას, პრევენციას უზრუნველვყოფთ. ინფორმირებული პაციენტი საქართველოში სამედიცინო სივრცის განვითარებისთვის გადამწყვეტია.

M: ჯანმრთელობასთან დაკავშირებით უკვე არსებობს ქართული საინფორმაციო გვერდები, რით იქნება განხვავებული ვივო მედიქალის ონლაინ პორტალი?

ჩვენ გვინდა შევქმნათ პლათფორმა, სადაც პაცენტები შეძლებენ მიიღონ ინფორმაცია მსოფლიო თანამედროვე მედიცინის შესახებ. ჩვენი ფეისბუქ გვერდითა და ვებგვერდით ჩვენივე ექიმები მნიშვნელოვან სამედიცინო ინფორმაციას გაუზიარებენ პაციენტებს ძალიან გასაგებ და არა მოსაწყენ ფორმატში. ეს მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის, რომლებიც უკვე ძალიან სწრაფ და მარტივ ფორმატში იღებენ საჭირო ინფორმაციას.

გვინდა შევქმნათ თანამედროვე კომუნიკაციის სივრცე, რომელიც ინტერაქტიული, საინტერესო და სასარგებლოა. დავანახოთ ადამიანებს, რომ მედიცინა არ არის რაღაც გაუგებარი შავი ყუთი; ასევე არ არის შამანობა – არამედ ეს არის ცოდნაზე, დაკვირვებასა და შედეგებზე დაფუძნებული მეცნიერება.

“ვივო მედიქალის” ბრენდინგზე დიზაინ სააგენტო MORE™ Studio-მ იმუშავა.

4 ტრილიონი სიგარეტის ნამწვი და ეკოლოგიური პრობლემები – პრინტ კამპანია

Memo Gifts – სამკაული, რომლის შექმნაც შენი დიზაინით შეგიძლია