საქართველოს ბანკის ახალი ბრენდ დაპირების ფარგლებში შექმნილი უნიკალური პლატფორმის გამოყენებით, ამ დროისთვის, უკვე რიგითი მოქალაქეების პირადი შეხედულებებით, ინდივიდუალური მიზნებითა და სურვილებით დანახული საქართველოს 50 000-ზე მეტი ვიდეო შეიქმნა. ვებგვერდის მომხმარებელთა ყოველდღიური სტატისიკა კი 30 000-ს უტოლდება. მას შემდეგ, რაც პლატფორმაზე გარკვეული რაოდენობის ვიდეოები მოიყრის თავს, მთელი საქართველოს ბანკის გუნდი აპირებს, რომ შექმნილი ვიდეოები სატელევიზიო ეთერით განათავსონ და კიდევ ერთხელ გაუსვან ხაზი იმას, რომ საქართველოს სწორედ თითოეული ჩვენგანის ინდივიდუალური ხედვა ქმნის.

რაც შეეხება იმ შრომას, რაც მთელი საქართველოს ბანკის საკომუნიკაციო კამპანიის პროცესში ჩაიდო – დეტალები JWT მეტროს კრეატიულმა დირექტორმა, ეკა ყიფიანმა და ციფრული სააგენტო „რედბერის“ დამფუძნებელიმა, გაგა დარსალიამ გაგვიზიარეს:
JWT მეტროს კრეატიული დირექტორი ეკა ყიფიანი: ბრიფი იყო ძალიან მარტივი და ამავდროულად, ძალიან ამბიციური. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ბანკი ემსახურება 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს, ბრენდის მთავარი მესიჯი და არსი უნდა გამხდარიყო მისივე სახელი. ბანკის მხრიდან, ასევე, მოწოდებული იყო ძალიან საინტერესო მიდგომა – მოეხდინათ ბრენდის სრული გაზიარება თითოეული ადამიანისთვის – რაც გამოიხატებოდა სიტყვა საქართველოს ჩანაცვლებით მომხმარებლის სახელებით. ამ პროცესში ერთობლივი მუშაობის შედეგად, ძალიან ბუნებრივად და თითქოსდა თავისით დამკვიდრდა ახალი სლოგანი და დასახელება – მთელი საქართველოს ბანკი.
მეტროსა და რედბერის კოლაბორაცია კარგად გამოგვდის. ძალიან მჭიდროდ ვიმუშავეთ ყოველდღიურ რეჟიმში. გარდა იმისა, რომ თითოეულ სააგენტოს ჩვენ ჩვენი დავალებები გვქონდა განაწილებული, ძალიან დიდი წილი მუშაობისა ერთად მიდიოდა. აუცილებელი იყო, პროექტის ყველა მონაწილე ყოველ წუთს მიმდინარე პროცესების საქმის კურსში ყოფილიყო. ასეთ დიდ პროექტებს აუცილებლად თან ახლავს სირთულეები, გაუთვალისწინებელი პრობლემები და ბევრი ნერვიულობა. ძალიან რთულია მუშაობა ისეთ პროდუქტზე, რომლის მსგავსიც არ გაგიკეთებია, თუმცა სწორედ ასეთი გამოწვევები არის ყოველთვის ის, რის გამოც გვიყვარს ამ ინდუსტრიაში საქმიანობა, – ეკა ყიფიანი.
ციფრული სააგენტო „რედბერის“ დამფუძნებელი, გაგა დარსალია: პლატფორმის მთავარი ამოცანა იყო მრავალფეროვანი და მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული ვიდეოების შექმნა. ამისთვის ვიყენებთ 1000-ზე მეტ უნიკალურ კადრს, რაც საშუალებას გვაძლევს, პრაქტიკულად, უსასრულო რაოდენობის განსხვავებული ვიდეო მივიღოთ. ვიდეოების მომხმარებლებზე მოსარგებად ვიყენებთ კონკრეტულ შემთხვევაში კითხვებზე გაცემული პასუხებისა და ყველა მომხმარებლისგან მოგროვებული აგრეგირებული მონაცემების პროგრამულ ანალიზს. ეს პლატფორმას საშუალებას აძლევს, მუდმივ რეჟიმში გაუმჯობესდეს, რაც მეტ ვიდეოს ქმნიან მომხმარებლები, მით უფრო მრავალფეროვან და მომხმარებელზე მორგებულ ვიდეოებს აგენერირებს ვებგვერდი.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იყო პლატფორმაზე საუკეთესო გამოცდილება გვქონოდა ნებისმიერი მომხმარებლისთვის – რა მოწყობილობითაც არ უნდა შემოსულიყო ვებგვერდზე. გამოცდილების უმნიშვნელოვანესი ელემენტი არის ვიდეოების მაქსიმალურად სწრაფი პროგრამული მონტაჟი და რენდერინგი. ჩვენ შევძელით ეს დრო საშუალოდ 5-6 წამამდე შეგვემცირებინა, – გაგა დარსალია.
27 ივნისს, საქართველოს ბანკმა ახალი ბრენდ დაპირება წარადგინა, გახდა მთელი საქართველოს ბანკი და შექმნა ონლაინ პლატფორმა www.bankof.ge, სადაც ყველა ადამიანს ექნებოდა შესაძლებლობა, აღმოეჩინა საკუთარი საქართველო: „საკუთარი ღირებულებებით, გრძნობებითა და სურვილებით, ჩვენ ერთად ვქმნით ახალ, უკეთეს საქართველოს, რომელიც მრავალფეროვანი და განსხვავებულია. ეს საქართველო ეკუთვნის ყოველ ჩვენგანს. ჩვენთვის კი პატივია, ვიყოთ სწორედ ასეთი – მთელი საქართველოს ბანკი!“















