in

ხაშმის საფერავის დიდი ექსპორტი და საერთაშორისო ჯილდოები – ამბავი „მტევინოს“ მეღვინეობასა და სტუმარმასპინძლობაზე

თბილისიდან აღმოსავლეთით, ორმოციოდე კილომეტრში, სოფელი ხაშმი მდებარეობს. სწორედ ამ ადგილს უკავშირდება ცნობილი საფერავი, რომელსაც ღვინის მოყვარულები გულგრილად ვერ უვლიან გვერდს. სოფელს გამორჩეული მიკროკლიმატი აქვს, მდინარე ლაფიანხევიდან მოტანილი მინერალები კი ვაზს განსაკუთრებით ამდიდრებს, რაც აქაურ ღვინოს სანაქებო გემოს, სხეულსა და ფერს აძლევს. ხაშმის მეღვინეობის ისტორია თამარ მეფის სახელს უკავშირდება, როდესაც მან დავითგარეჯელ ბერებს ამ ადგილას ვაზის გაშენება დაავალა. დღეს, აქ მევენახეობა-მეღვინეობა აქტიურად ვითარდება და ამის ნათელი მაგალითია „მტევინო“, რომელმაც პანდემიის პირობებში, მეღვინეობის ათასწლოვანი ტრადიცია ბრენდად აქცია, მოკლე დროში არაერთი საერთაშორისო ჯილდოც მოიპოვა, ექსპორტზე თამამი განაცხადი გააკეთა და ვიზიტორებისთვის სტუმარმასპინძლობის დაუვიწყარი გამოცდილება შექმნა.

ნიკა ზაუტაშვილი

„არ მიყვარს უკან დახევა, არ შევუშინდით პანდემიურ სიტუაციას და მგონი, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. რა თქმა უნდა, ამაში ჩემი თანაგუნდელების დიდი წვლილიც არის და 2020 წელს გამართულ ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაში სწორედ ასეთი ჯილდო მოვიპოვეთ – „საუკეთესო ახალი ბრენდი, რომელმაც ოპერირება დაიწყო 2020 წელს, მიუხედავად ბაზარზე შექმნილი კრიზისული სიტუაციისა“, – მეღვინეობა „მტევინოს“ დამფუძნებელი, ნიკა ზაუტაშვილი.

M: რა გახდა ამ საქმის წამოწყების მთავარი მოტივაცია?

მეღვინეობასთან შეხება „მტევინომდეც“ მქონდა. თუმცა ამის მიუხედავად, ყოველთვის მინდოდა ჩემი საკუთარი წარმოება შემექმნა. ვთვლი, რომ საქართველოში, სადაც მეღვინეობის კულტურა საკმაოდ მაღალია, ამაზე კარგი საქმიანობა არ არსებობს. ასევე, უამრავი ყურძნის ჯიში არსებობს – ზოგი იშვიათი, ზოგიც მივიწყებული, რომელთაგან მიღებული ღვინო არც ისე ბევრია ბაზარზე და ვთვლი, რომ დიდი პოტენციალი გვაქვს ამ მიმართულებით.

M: დღესდღეობით, ბაზარზე ქართული ღვინის არაერთი ბრენდი ოპერირებს. ბევრ მათგანს პროდუქტი ექსპორტზეც გააქვს. რა გამოარჩევს „მტევინოს“ კონკურენტებისგან?

არც ერთ ქართულ მეღვინეობას არ აღვიქვამთ კონკურენტად. რაც მეტი და კარგი ქართული ღვინო გაჩნდება ბაზარზე, მით უფრო მოხარული ვიქნები. ვფიქრობ, ყველას თავისი ადგილი და მომხმარებელი ჰყავს. ასევე ექსპორტზეც, რაც უფრო მეტად გაითქვამს ქვეყანა სახელს მის ფარგლებს გარეთ, ეს მხოლოდ და მხოლოდ სასიხარულოა. რაც შეეხება უშუალოდ „მტევინოს“ პოზიციონირებას, მთავარი ხარისხი და ის გემოვნური თვისებებია, რითაც ჩვენი ღვინო გამოირჩევა.

M: როგორია „მტევინოს“ წარმატების ამბავი, ამ მოკლე დროში?

2 წელიწადში, საერთაშორისო კონკურსებში მოპოვებული 6 ჯილდო და 5 საექსპორტო კონტრაქტი. მოხარული ვარ, რომ არც ერთ კონკურსზე, სადაც „მტევინომ“ მონაწილეობა მიიღო, ჯილდოს გარეშე არ დარჩენილა, ამასთან, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ღვინის კონკურსზე – Decanter Wine Awards, ჩვენი სამი სხვადასხვა სახეობის ღვინო დაჯილდოვდა. 

რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის უკან, ჩვენი გუნდი დგას – „მტევინოს“ მეღვინეები თორნიკე ჩახვაძე და ნათია კიკნაძე და სხვა გუნდის წევრები, რომლებიც ამ ურთულეს პერიოდში დაუღალავად შრომობდნენ. მჯერა, რომ მონდომებით, პროფესიონალი გუნდით და დაუღალავი შრომით წარმატებას აუცილებლად მიაღწევ.

ქორწილი „მტევინოში“

M: თქვენი ხედვით, რა პოტენციალი აქვს „მტევინოს“ ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე?

პოტენციალი ვფიქრობ, რომ მზარდი აქვს; არ უნდა გაჩერდე, ახალი საექსპორტო ბაზრები მოიძიო და ახალი პარტნიორები მოიძიო. სულ ძიების პროცესში ვართ. ადგილობრივ ბაზარს რაც შეეხება, გვინდა, რომ პანდემიის შემდეგ ჰორეკას მიმართულება მაქსიმალურად ავითვისოთ. 

ამჟამად, გაფორმებული კონტრაქტები გვაქვს ჩინეთთან, ა.შ.შ.-სთან, აზერბაიჯანთან, გერმანიასთან, პოლონეთთან ვაფორმებთ 1 ოქტომბერს და უკრაინასთან მოლაპარაკების ბოლო ფაზაში ვართ.

მოხარული ვარ, რომ ხაშმის საფერავი – ღვინო, რომელიც „მტევინო“-ს სავიზიტო ბარათად შეიძლება ჩაითვალოს, ექსპორტზე ფაქტობრივად პირველად ჩვენმა კომპანიამ გაიტანა. აქამდე მხოლოდ ერთხელ იყო ექსპორტირებული და ისიც მინიმალური რაოდენობით. ჩვენი საწარმო სწორედ საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში მდებარეობს, სადაც ადგილობრივ მიკროზონაში გაზრდილი საფერავისგან დავარგებული ღვინო – ხაშმის საფერავი მიიღება.

M: „მტევინო“, ღვინის გარდა, სასტუმრო და სარესტორნო სივრცეებსაც მოიცავს. როგორია „მტევინოს“ გარემო ხაშმში და მასპინძლობის თქვენეული კულტურა?

„მტევინოს“ მულტიფუნქციური სივრცე, კახეთში, საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში მდებარეობს. სულ 40 წუთის სავალზე თბილისიდან. ჩვენი სივრცე აერთიანებს ვენახებს, საწარმოს, სარესტორნე სივრცეებსა და 5 ნომრიან სასტუმროს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მასპინძლობის მიმართულება; ამ ორი წლის მანძილზე საკმაოდ ბევრ სტუმარს ვუმასპინძლეთ. ამჟამად რთველი გვაქვს და ყველა რეგულაციის დაცვით ვცდილობთ, რომ ამ პროცესმაც სტუმრებისთვის საინტერესოდ ჩაიაროს.

ტურისტებს ვთავაზობთ ღვინის დეგუსტაციის და სხვადასხვა კულინარიული მასტერკლასების პაკეტებს: თონეში პურის გამოცხობას, ჩურჩხელების ამოვლებას, ხინკლების მოხვევას და ჭაჭის ქართული ტრადიციული მეთოდით გამოხდას. ეს ის აქტივობებია, რომლებსაც ჩვენი ბევრი სტუმარი სიამოვნებით აკეთებს. ასევე, გვაქვს როგორც დიდი, ასევე მცირე ზომის სარესტორნე სივრცეები და სამუშაო/შეხვედრების ოთახი. მაგიდის ჩოგბურთი, ბილიარდი და სხვა გასართობი საშუალებები.

M: როგორ ხედავთ „მტევინოს“ სამომავლო განვითარებას, პანდემიის პირობებში?

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პანდემია მალე დასრულდება და ცხოვრება დაუბრუნდება ჩვეულ რიტმს; თუმცა, პანდემიის პირობებშიც, ასე თუ ისე, ვადაპტირდით და მოვახერხეთ ფუნქციონირება. საკმაოდ ოპტიმისტი ადამიანი ვარ და ვფიქრობ, პანდემიის შემდგომ ბევრად დიდ წარმატებას მივაღწევთ.

 

[R]

ვახო მდივანი აჭარაბეთის მარკეტინგის სამსახურის დირექტორის მოადგილის პოზიციას დაიკავებს

Google-მა განახლებული საძიებო სისტემა და Google Lens წარადგინა!