ლუდი ”მთიელის” მხარდასაჭერი კამპანია, ამჯერად, ”შავფაროსნებს” დაუკავშირეს.
პირველ სატელევიზიო რგოლში ნაჩვენებია საბრძოლო ხელოვნების ილეთები და როგორ გაჩნდა ამ მებრძოლთა სახელი. ვიდეოს კონცეფცია Live Branding-ს ეკუთვნის, პროდაქშენი No Name Studio-ს.
კომპანია ”ნატახტარის” მარკეტინგის მენეჯერი თორნიკე ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ ”შავფაროსნებისა” და ”მთიელის” კონცეფცია ერთმანეთთან თანხევდრაშია და სწორედ ამიტომ დაუკავშირეს ეს ორი ”ბრენდი” ერთმანეთს.
ლუდი ”მთიელი” – ეს არის შენარჩუნებული და აღორძინებული მემკვიდრეობა. ამ ბრენდის ბაზარზე ”ჩაშვება” რომ გადავწყვიტეთ, მოვიძიეთ მთაში ლუდის დამზადების ძველი რეცეფტები და მოვახდინეთ ამის ინდუსტრიალიზაცია, მივიტანეთ ფართო მოხმარებლამდე. მეორეს მხრივ, არიან ”შავფაროსნები”, რომლებმაც ასევე მოიძიეს ძველი ქართული იარაღები, ილეთები და ააღორძინეს. მათი საქმიანობაც უკავშირდება ქართულ მთას.
ეს ორი რამე იმდენად კარგად შეესაბამება ერთმანეთს, წარმოუდგენელია, როგორ არ უნდა შემდგარიყო ჩვენი ბრენდისა და ამ ფენომენის ”შავფაროსნების” მეგობრობა. ეს არის დასაწყისი. მინდა აღვნიშნო, რომ ეს რგოლი, კლასიკური გაგებით სატელევიზიო რგოლის ფარგლებს ცდება, უფრო მეტად შემეცნებითია. გვინდა, ამით მოსახლეობაში კიდევ უფრო მეტად ამაღლდეს ”შავფაროსნების” შესახებ ცნობადობა. ეს ”კავშირი” ჩვენი ბრენდისთვისაც სასარგებლო და პოპულარობის მომტანი იქნება.
აღნიშნეთ, რომ ეს დასაწყისია, ”მთიელის ” კამპანიის გაგრძელებას აპირებთ ამავე კონცეფციით?
რა თქმა უნდა. და ეს არ იქნება მხოლოდ სატელევიზიო რგოლები. საუბარია 360%-იან მარკეტინგულ კამპანიაზე. მოხდება სხვადასხვა სარეკლამო არხების ათვისება. ეს არის პირველი რგოლი. შემდეგ უკვე შევთანხმდებით თანამშრომლობაზე, რას როგორ გავაკეთებთ, ერთობლივად. ჩვენი კომუნიკაციის დიდი ნაწილი ამ თემის გარშემო იქნება. მაგრამ არ იფიქროთ მხოლოდ ”შავფაროსნებზე” იქნება აქცენტი. ბევრი რამ არის, რაც დაკავშირებულია მთასთან, არსებობს ღირებული ტრადიციები. შემდეგ წელს 100%-იანი აქცენტირება ამაზე არ მოხდება, შევეხებით სხვადასხვა საკითხებსაც.
კომპანია ”ნატახტარი” სოციალურ – კორპორაციული პასუხისმგებლობის კუთხით ხშირად ახორციელებს ამა თუ იმ აქტივობას, რაც კავშირშია სპორტთან, ხელოვნებასთან. ”შავფაროსნების” ამ შემთხევაშიც ხომ არ აპირებთ რაიმე კონკრეტული ნაბიჯის გადადგმას?
სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობებით ამა თუ იმ სპორტის პოპულარიზაციას ვუწყობ ხელს. რაც უფრო პოპულარული იქნება სპორტის ის სახეობა, რომელსაც ვასპონსორებთ, ორივესთვის უკეთესია. სიკეთის მომტანი იქნება ქართული საზოგადოებისთვისაც. უფრო ოპტიმისტურად განწყობილები და ამაყები იქნებიან.
ანუ კონკრეტულ აქტივობას არც ”შავფაროსნების” მხარდაჭერის კუთხით გამორიცხავთ?
რა თქმა უნდა , ჩვენ არასოდეს ვიფარგლებით ერთი რამის სპონსორობით, თუ რაიმეს ვაკეთებთ, ვაკეთებთ ძირეუალად.
ქართული ტრადიცია, მთის მემკვიდრეობა – ამ ნიშას თქვენი კონკურენტებიც იკავებენ და საკმაოდ აქტიურ კამპანიასაც აწარმოებენ საკუთარი ბრენდის მხარდასაჭერად. რითი ”უპირისპირდებით” მათ?
პირველი იყო ”მთიელი”, რომელმაც შეკრა ეს კონცეფცია. რა თქმა უნდა, კონკურენტებმაც გადადგეს შესაბამისი ნაბიჯები, ბაზარიც კონკურენტულია და ეს ბუნებრივიცაა. მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია, რომ ”მთიელი ” იყო პირველი. თუმცა, ბრენდს სჭირდება გაძლიერება, ხომ არ შეიძლება უბრალოდ ვთქვათ, რომ ვართ უბრალოდ მთის ლუდი? ამას გარკვეული რაციონალური ფაქტორები და საფუძველი აქვს, რაც განასხვავებს კონკურენტებისაგან.
რა იქნება შემდეგი ნაბიჯი ”მთიელის” მხარდასაჭერად?
უკვე გვაქვს კონკრეტული მონახაზი, მაგრამ ამ ეტაპზე, მით უმეტეს ასეთი კონკურენციის პირობებში, თავს შევიკავებ კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან.