ამბავი იმით დაიწყო, რომ „კოკა-კოლამ“ გლობალური ბრენდების პორტფოლიოში ქართული წყლის დამატება გადაწყვიტა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე და სხვა ხარისხის გამოწვევაა. McCann Tbilisi წლებია, მუშაობს კოკა-კოლას“ ბრენდების მარკეტინგულ და მედია მხარდაჭერაზე. საერთაშორისო სააგენტომ მიიღო ეს გამოწვევა და ახალი პროდუქტისთვის სამუშაოების სრული ციკლი შეკრა: სტრატეგიული გეგმარება, სახელი, ბრენდინგი, ეტიკეტის ვიზუალი, სარეკლამო რგოლი, საკომუნიკაციო სტრატეგია – ეს ის ჩამონათვალია, McCann Tbilisi „ლოქდაუნისა“ და კარანტინის პირობებში ასრულებდა.
McCann Tbilisi-ს კრეატიული დირექტორი ირა ჭელიძე ამბობს, რომ „კოკა-კოლასთვის“ სარეკლამო რგოლის გადაღება დიდი პასუხისმგებლობაა. ასეთი მასშტაბის ბრენდები ძალიან იშვიათად ანდობენ ვიდეო-აუდიო წარმოებას პატარა ქვეყნებში წარმოდგენილ, თუნდაც, McCann-ის მსგავს საერთაშორისო სააგენტოებს. თუმცა, თვლის, რომ საერთაშორისო ბაზარზე მათი კომპანიისადმი ნდობა ძალიან მაღალია, რამაც საბოლოო ჯამში მისცა კიდეც შესაძლებლობა McCann Tbilisi-ს ამ პროექტზე ემუშავა.
„სარეკლამო რგოლის კონცეფციაზე მუშაობისას, ზუსტად ვიცოდით, რომ რგოლში უნდა ასახულიყო ის, რაც ქართული წყლისთვის უნიკალურია. ბაზარზე უამრავი ადგილობრივი წყალია წარმოდგენილი. სააგენტოს ამოცანა იყო, განსხვავებული კუთხით მოგვეყოლა „მთის“ ამბავი და ამაში თავად სახელი დაგვეხმარა. ჩვენ წყლის დაბადება წარმოვიდგინეთ, მყინვარის დნობის შედეგად წარმოქმნილი პირველი წვეთი, რომელიც დაუდგრომელ მდინარედ იქცევა. ამის ხილვა შეგვიძლია, საკმარისია მთაში წავიდეთ და ნაკადულს აღმა ავყვეთ. ჩვენ წყლის ამბავს გავყევით, პირველი წვეთიდან – ბოთლამდე, რომლის გახსნისა და დაგემოვნების შემდეგ, ჩვენში წყლის მთელი ენერგია გადმოდის, ენერგია, რომელიც ქართულ მთებში დაბადებულ წყალს მოაქვს. ჩვენ ეს ამბავი მოვყევით“, – ამბობს ირა ჭელიძე.
„მთის“ სარეკლამო ვიდეორგოლის რეჟისორი ზაზა ორაშვილია.
„სარეკლამო რგოლის გადაღება რეჟისორისთვის საინტერესო და ამავდროულად, განსხვავებულია. განსხვავებული, რადგან შემოქმედებითი პროცესი მკვეთრად გაწერილ მარკეტინგულ ჩარჩოებს ექვემდებარება.
დიდი მსჯელობისა და აზრთა შეჯერების შედეგად, გადაღების ლოკაციები შევარჩიეთ. რეკლამის თემა წყალი იყო. საქართველო მდიდარია ბუნების მრავალფეროვნებით, შესაბამისი ადგილის შერჩევა არ გაგვჭირვებია. ყაზბეგი და ბორჯომის ხეობა იდეალურად მოუხდა კონცეფციას. სირთულეს სეზონი წარმოადგენდა – შემოდგომა იყო და ჯგუფს მუშაობა არაორდინარულ პირობებში მოუწია. ჩვენი ამოცანა, შიშველი, ბუმბერაზი მთების მასშტაბისა და შემოდგომის ფერების ლირიულ-იდილიური განწყობის აღბეჭდვა იყო. ამ ლირიულ მშვენიერებაში წყლის ენერგია და ძალა ბუნებრივად უნდა „ჩაღვრილიყო“ ბოთლში. ამიტომ სიუჟეტად პერსონაჟის მთაში მოგზაურობა ავიღეთ, რომელიც ცდილობს წყლის დაბადება თავად იხილოს და მისი ენერგიით აივსოს. ნარატივიც ამ სიუჟეტს მიჰყვება.
გადაღების პროცესს მონტაჟი და გახმოვანება ერთვის. ამ კომპონენტების მიქსით, უნივერსალური შედეგის მიღწევა ვცადეთ: რგოლი დრამატურგიულად გავმართეთ, ის კულმინაციისკენ იყო მიმართული, რათა სარეკლამო სათქმელი მაქსიმალურად მკაფიოდ გადმოგვეცა. მაყურებელსა და მსმენელში, ქართული მთის სუფთა ჰაერითა და მზით გაჟღენთილი წყლის დალევის სურვილი უნდა აღძრულიყო“, – ამბობს ზაზა ორაშვილი.
Credits:
Strategy Director – Otar Kiria
Creative Director – Ira Chelidze
Account – Lika Chanturia, Sopho Chikvaidze
Copywriter –Tornike Zazashvili
Art Director – Tata Megrelishvili
Director: Zaza orashvili
DOP: Gela Chinchaladze
Costume designer, set designer: Shako Popiasvili
Set designer: Nika Orashvili
Music: Giga Kukhianidze
Sound editor: Irakli Ivanishvili
Editor: Giorgi Odzelashvili
Color correction: Levan Kukhashvili
Make-up artist: Veriko Bedeladze
Set manager: Lasha Loria
Gaffer: Jaba Kldiashvili
[R]