კანის კინოფესტივალი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღონისძიებაა. როგორც აშშ-ში ოსკარებს, ისე ელოდებიან ევროპაში კანის დაჯილდოებას, ამიტომ, როცა რომელიმე ქართული ფილმი ამ მოვლენების ნაწილი ხდება, რა თქმა უნდა, აღსანიშნავია.
წელს კანის 77-ე კინოფესტივალი 14-15 მაისს იმართება. მის მარკეტზე, სფოთლაითის სექციაში, წარმოდგენილი იქნება ქართული დოკუმენტური ფილმი „მწარე შაქარი”. ფილმის რეჟისორი დებიუტანტი ანა ბარჯაძეა, ხოლო პროდიუსერი ირინა გელაშვილი. ფილმი ქართული ოჯახის ყოველდღიურობას ასახავს – დაბა აგარაში ჩარჩენილი ბავშვები, რომლებიც ემიგრირებულ მშობლებთან კომუნიკაციას მხოლოდ ტელეფონით ახერხებენ.
კანის კინოფესტივალის მარკეტი, Marché du Film, სხვაგვარად ცნობილია, როგორც მსოფლიოს უდიდესი კინოს ბაზარი. ეს არის ქსელური პლატფორმა, რომელიც ორიენტირებულია ფილმების დაფინანსებასა და კოპროდუქციაზე. აქ მოხვედრილი ფილმის ნახვა სხვა ცნობილი და მნიშვნელოვანი ფესტივალის წარმომადგენლებსაც შეუძლიათ. შესაბამისად, „მწარე შაქარს” იხილავენ: ბერლინალე, ვენეციის კინოფესტივალი, IDFA და საერთაშორისო მედიაპლატფორმები – BBC და სხვა.
ფილმმა უკვე მოიპოვა ცალკეული წარმატებები და დაიმსახურა კრიტიკოსების მოწონება. როგორც შემქმნელები გვიამბობენ, მან AJB დოკუმენტურ კინოფესტივალზე 4 პრიზი აიღო, მათ შორის “Cannes Doc Award”.
ირინა გელაშვილი, „მწარე შაქრის” პროდიუსერი:
„პირველ რიგში, მიხარია, რომ კანის კინომარკეტზე ჩვენი კომპანიის RADIUM FILMS-ის სადებიუტო ნამუშევრით მოვხვდით. ეს უკვე დიდი მიღწევაა! ფილმის თემატიკა ემიგრაციის პრობლემას უსვამს ხაზს და მე და ანას, ფილმის პროექტის წარდგენის გარდა, საშუალება გვექნება, ამ მნიშვნელოვან საკითხზე ისეთი მასშტაბური პლატფორმიდან ვისაუბროთ, როგორიც კანის კინოფესტივალია”.
კინოფესტივალის ფარგლებში შედგება პანელური დისკუსიაც, სადაც ირინა გელაშვილი ქართულ კინოინდუსტრიაზე, მიმდინარე ვითარებასა და გამოწვევებზე ისაუბრებს.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი