თუ მცენარეს ატკენთ, ის იყვირებს… თუმცა არა ისე, როგორც ჩვენ. ისინი ულტრაბგერითი სიხშირეების მიღმა გამოსცემენ ხმებს, რაც ადამიანის სმენამდე ვერ აღწევს. კვლევის თანახმად, ეს ერთ-ერთი გზაც შეიძლება იყოს, რომლითაც მცენარეები გარე სამყაროს სტრესის შესახებ ამცნობს.
„ძალიან მშვიდ მინდორშიც კი არსებობს ხმები, რომელთა გაგებაც არ შეგვიძლია, არადა ეს ხმები ინფორმაციის მატარებელია. მცენარეები გამუდმებით ურთიერთქმედებენ მწერებთან და ცხოველებთან, ამ ორგანიზმებიდან ბევრი ხმას კომუნიკაციისთვის იყენებს“, — აცხადებს ლილაჩ ჰადანი, ევოლუციური ბიოლოგი.
ამგვარად, სტრესის ქვეშ მყოფი მცენარეები არც ისეთი პასიურები არიან, როგორც ფიქრობდით. ისინი დრამატულ ცვლილებებსაც კი განიცდიან, რომელთაგანაც ადამიანებისთვის ყველაზე ახლო მათი მშვენიერი არომატებია. თუმცა ამასთან, ფერისა და ფორმის შეცვლაც შეუძლიათ. შესაძლოა, ამ ცვლილებებმა სხვა მცენარეებსაც შეუქმნას საფრთხე, რომლებიც საპასუხოდ თავდაცვას გააძლიერებენ ან მიიზიდავენ ცხოველებს პესტიციდებთან გასამკლავებლად.
ეს პროცესი ჩვენთვის ახალი ამბავი არ არის, რასაც ვერ ვიტყოდით ხმებზე… ამ საკითხის კვლევა კი მეცნიერებმა რამდენიმე წლის წინ დაიწყეს, რისი შემდგომი ლოგიკური კითხვა იყო, შეეძლოთ თუ არა ამ ხმის წარმოება. ასე მივედით ექსპერიმენტამდე, რომელშიც პომიდვრისა და თამბაქოს მცენარეები შეისწავლეს. მათ სტრესისგან თავისუფალი, ღეროებ მოჭრილი და დეჰიდრირებული მცენარეების ჩანაწერები გააკეთეს.
შემდგომ კი ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპში მანქანური სწავლების ალგორითმი ჩაერთო, რომელსაც ხმები ერთმანეთისგან უნდა განესხვავებინა. როგორც აღმოჩნდა, სტრესისგან თავისუფალი მცენარეები საერთოდ არ გამოსცემდნენ შესამჩნევ ხმებს, როცა საპირისპირო შემთხვევაში ეს ხმები ხმაურის მსგავსი იყო. საათში დაახლოებით 40 კლიკის მსგავს ხმას გამოსცემდნენ. ხოლო რაც შეეხება დეჰიდრირებულ მცენარეებს, მათი ხმები მეტად შესამჩნევი გახლდათ…
ექსპერიმენტი თავდაპირველად თამბაქოსა და პომიდორს კი მოიცავდა, მაგრამ შემდგომში სიმინდი, ყურძენი, კაქტუსი, ხორბალი და ვაზისძირაც გამოცადეს — როგორც აღმოჩნდა, ხმების გამოცემა მცენარეებში საკმაოდ გავრცელებული ფენომენია. თუმცა მეცნიერებს ჯერ კიდევ ბევრი კითხვა რჩებათ პასუხგაუცემელი. მაგალითად, არ იციან, როგორ იწარმოება ეს ხმები, არც ის, თუ რა ზეგავლენა აქვს მასზე გარემოებებს, მაგალითად ულტრაიისფერ სხივებსა თუ ექსტრემალურ სიტუაციებს…
„ახლა ჩვენ ვიცით, რომ მცენარეები ხმებს გამოსცემენ, შემდგომი კითხვა კი არის — ვინ შეიძლება უსმენდეს? ჩვენ ამჟამად ვიკვლევთ სხვა ორგანიზმების პასუხებს, შევისწავლით ჩვენს უნარს, თუ რამდენად შეგვიძლია დავადგინოთ და ინტერპრეტაცია გავუკეთოთ ხმებს სრულიად ბუნებრივ გარემოში“, — განმარტავს ჰადანი.