MTV – ეს მუსიკალური პლატფორმა თავის დროზე იქცა ხიდად, რომელმაც ყველა შემსრულებელი გააერთიანა. 24-საათიანი მაუწყებლობა, მუსიკალური კლიპები და გადაცემები იყო სიახლე, რომელმაც ადამიანებს სხვადასხვა ქვეყნიდან საშუალება მისცა, თანამდევი ყოფილიყვნენ ყველა დროის მუსიკალური შემოქმედებისთვის და შოუ ბიზნესის ინდუსტრიის პულსზე სჭეროდათ ხელი. MTV-მ დაამტკიცა, რომ ვიდეო ექსპოზიციას შეუძლია არტისტების სუპერვარსკვლავებად ქცევა. თქვენ წარმოიდგინეთ, ისეთი ვარსკვლავებიც კი, როგორებიც არიან მადონა, Duran Duran და სხვები, მსოფლიო მასშტაბით პოპულარულები სწორედ MTV-ს მეშვეობით გახდნენ. დიდწილად ამავე ტელევიზიის დამსახურებაა ის, რომ ე.წ. კლიპმეიკინგი უფრო მოთხოვნადი დარგი გახდა.
როგორც უკვე მიხვდით, დღევანდელი „ისტორიების” თემაა MTV – მსოფლიო მასშტაბის მუსიკალური ტელევიზია.
პირველი გადაცემა
MTV-ის პირველი გადაცემა 1981 წლის 1 აგვისტოს გამოვიდა. ის დაიწყო სიტყვებით: „ქალბატონებო და ბატონებო, როკ-ენ როლი”. პირველი სიმღერა კი, რომელიც გავიდა ეთერში, The Buggles-ის Video Killed the Radio Star იყო.
სატელევიზიო მაუწყებლობას სათავეში ედგა „დედა” კომპანია Warner Amex, რომელიც თავიდან სკეპტიკურად იყო განწყობილი. საწყისი მაუწყებლობა მხოლოდ ნიუ ჯერსის რაიონში გადიოდა და დამფუძნებლები დღეს იხსენებენ, რამდენი ბრძოლა უწევდათ რესურსების მოძიებისთვის.
ასეთი სკეპტიციზმი არ იყო უსაფუძვლო. მიუხედავად იმისა, რომ პოპ და როკ სიმღერებს მანამდე უკვე ჰქონდათ გარკვეული ვიდეოისტორია, რაოდენობრივად მაინც ნაკლები კლიპი იყო, რაც ერთი და იმავე ვიდეოების ტრიალს იწვევდა არხზე. MTV სტუდიის პროდიუსერი, რობერტ მორტონი იხსენებს, რომ როცა ის და კომპანიის სხვა დამფუძნებლები მუსიკალურ არხს აფუძნებდნენ, ხალხმა კარგად არც კი იცოდა, რა არის ვიდეოკლიპები.
ფერადკანიანი შემსრულებლების მხარდაჭერა
აშშ-ის რადიოსადგურები 50-60-იან წლებში უფრო მეტად უჭერდნენ მხარს თეთრკანიან არტისტებს. ზოგიერთები ზღუდავდნენ ფერადკანიანი შემსრულებლების სიმღერებს, ზოგი კი საერთოდ უარს ამბობდა მათ გაშვებაზე თავის ეთერში. ისეთი შემთხვევებიც მრავლად ხდებოდა, რომ ფერადკანიანი მუსიკოსები თავიანთ ნამუშევრებს აძლევდნენ თეთრკანიანებს, რათა მათ გამოეყენებინათ და ამ ფორმით მაინც მოხვედრილიყო მათი ტრეკი ეთერში.
ეს მდგომარეობა კარგად გამოიყენა MTV-მ. მან დაიწყო ისეთი შემსრულებლების კლიპების ჩვენება, როგორებიც იყვნენ Prince და მაიკლ ჯექსონი. თავის მხრივ, ამ არტისტებისთვისაც გაჩნდა ახალი პლატფორმა, სადაც მათ შემოქმედებას არავინ ზღუდავდა და შეეძლოთ დიდ აუდიტორიაზე გასულიყვნენ.
ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული ვიდეოები გახდა ჯექსონის “Thriller” და “Billy Jean”. ამ მოვლენებმა ახალი ტრენდები წამოსწია წინ. მათ შორის იყო პოპის, როგორც ჟანრის, უფრო აქტიური ვიზუალური გაფორმება. ამას გარდა, ტელეკომპანიისთვის დიდი შემოსავლის წყაროდ იქცა.
პოპკულტურა
ომისშემდგომი ეპოქის სატელევიზიო მონოკულტურა მრავალფეროვანი შინაარსის ძიებაში იყო. MTV-მ, მუსიკალური ჩარტების გამოყენებითა და ჰოლივუდთან ურთიერთობით, ბევრი ხარვეზი ამოავსო, რაც იმდროინდელ სატელევიზიო გადაცემებში იკვეთებოდა. მათგან უმთავრესი იყო პოპკულტურის ფართო მასებისთვის ჩვენება.
მუსიკალური ვიდეოები და ფილმები კონტენტის გაყიდვაში ერთმანეთის ბუნებრივი პარტნიორები იყვნენ. MTV-მ ყურადღება გაამახვილა თემატურ სიმღერებზე, საუნდტრეკებსა და მუსიკაზე ორიენტირებულ ბლოკბასტერებზე. Ghostbusters, Flashdance, Top Gun, Beverly Hills Cop და სხვა ფილმების სიმღერები ჰიტებად სწორედ MTV-ს მეშვეობით იქცნენ და ამის შემდეგ MTV, როგორც პლატფორმა, ჰოლივუდის სარეკლამო სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი გახდა.
ქვებრენდები
წარმატებული ძვრები განახორციელა კომპანიამ ქვებრენდების ჩამოყალიბების კუთხითაც. ქვეყნებზე მორგებული მედიაარხების შექმნით, როგორებიცაა MTV Europe და MTV Brasil ტელეკომპანიამ მსოფლიო დიდება მოიპოვა და გამოცადა ისეთი მარკეტინგული მიგნება, როგორიცაა მომხმარებელზე მორგებული გამოცდილება.
MTV ის ბრენდია, რომელმაც 42 წლის განმავლობაში უდიდესი გავლენა მოახდინა კულტურაზე. მან შემოიტანა და დაამკვიდრა არა მხოლოდ მუსიკალური ვიდეოების მრავლად გადაღების ტენდენცია, არამედ ისეთი გადაცემებიც, როგორიცაა რეალური შოუები, პირდაპირი ტრანსლაციები კონცერტებიდან და ა.შ. მან უდიდესი გავლენა მოახდინა დღევანდელი კულტურული ლანდშაფტის ჩამოყალიბებაზე.
დღესდღეობით ის კვლავ პოპულარული რჩება, თუმცა ციფრული მაუწყებლობის შემოღებამ, ცხადია, გარკვეული გავლენა მის მიდგომებზეც იმოქმედა. მარკეტინგის გუნდს სტრატეგიის გადახედვა მოუწია და ზოგიერთი გადაცემა ტელევიზიიდან ვებსივრცეში გადაიტანა.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.
#დაძარი
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი