ახალი კვლევის თანახმად, შესაძლოა, მთვარე მალევე ჩამოყალიბდა იმ კატაკლიზმური ზემოქმედებიდან, რომელმაც დედამიწის ნაწილი ჩამოაგდო და კოსმოსში მოისროლა…
დიახ, ეს ბევრ კითხვას აჩენს, ჩვენ კი ამ საკითხის განხილვა, არც თუ ისე შორეული წარსულიდან უნდა დავიწყოთ. 1970-იანი წლების შუა პერიოდიდან მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ მთვარე დედამიწისა და უძველესი მარსის ზომის პროტოპლანეტის, სახელად თეიას, შეჯახების შედეგად ჩამოყალიბდა. კოლოსალური დარტყმა კი შედეგად ნამსხვრევების უზარმაზარ რაოდენობას წარმოქმნიდა, საიდანაც ჩვენი მთვარის თანამგზავრი წლების განმავლობაში ჩამოყალიბდებოდა.
თუმცა ახალი ჰიპოთეზა, რომელიც სუპერკომპიუტერულ სიმულაციებს ეფუძნება და იმაზე უფრო მეტი გარჩევადობა აქვს, ვიდრე ოდესმე ჰქონია სხვას, გვთავაზობს, რომ მთვარის ფორმირება ნელი პროცესი კი არ არის, არამედ ეს ძალიან სწრაფად, სულ რაღაც საათებში მოხდა.
მთვარის შექმნის შესახებ მეცნიერებმა პირველი მინიშნებები 1969 წელს მიიღეს, როცა აპოლო 11-ის მისიიდან ნილ არმსტრონგმა და ბაზ ოლდრინმა 21.6 კილო მთვარის ქვები და მტვერი ჩამოიტანეს. ამ ნიმუშებს 4.5 მილიარდი წლით ათარიღებენ, რაც გვეუბნება, რომ მთვარე მზის სისტემის ჩამოყალიბებიდან 150 მილიონი წლის შემდეგ უნდა შექმნილიყო. სხვა მოსაზრებები კი კვლავ თეიასთან შეჯახებას უკავშირდება…
ხოლო შეჯახების შემდეგ მთვარის წარმოქმნის სხვადასხვა შესაძლო სცენარის გამოსაკვლევად, ახალი კვლევის ავტორებმა კომპიუტერული პროგრამა, სახელწოდებით SPH With Inter-dependent Fine-Grained Tasking (SWIFT), გამოიყენეს. ეს უკანასკნელი გრავიტაციული და ჰიდროდინამიკური ძალების რთული და მუდმივად ცვალებადი ქსელის მჭიდრო სიმულაციისთვის არის შექმნილი, რომელიც დიდი რაოდენობით მატერიაზე მოქმედებს.
თუმცა ეს არ არის მარტივი საქმე, ამიტომ მეცნიერებმა პროგრამის გასაშვებად სუპერკომპიუტერი, COSMA-ს სისტემა გამოიყენეს. მან დედამიწისა და თეიას ასობით შეჯახების სიმულაცია სხვადასხვა კუთხით, ბრუნვითა და სიჩქარით გააკეთა, რამაც მკვლევრებს მიმდინარე პროცესის მოდელირების საშუალება მისცა იმაზე მაღალი გარჩევადობით, ვიდრე ოდესმე.
ამ სიმულაციების რეზოლუციები კი იმ ნაწილაკების რაოდენობით დგინდება, რომელსაც სიმულაცია მოიხმარს. გარჩევადობა ჩვეულებრივ 100 000-დან 1 მილიონ ნაწილაკამდეა, მაგრამ ახალ კვლევაში 100 მილიონამდე ნაწილაკის მოდელირება შეძლეს.
„მაღალი გარჩევადობით ჩვენ უფრო მეტი დეტალის შესწავლა შეგვიძლია ისევე, როგორც უფრო დიდი ტელესკოპის შემთხვევაშია. მეორე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ შესაძლოა, დაბალმა გარჩევადობამ მცდარი პასუხები მოგცეთ. თუ თქვენ მანქანის მოდელს რამდენიმე ბლოკისგან ააგებთ, ის შეიძლება შეჯახების დროს ძალიან კარგად გაიყოს შუაზე, მაგრამ თუ ამისთვის ათას ან უფრო მეტ ნაწილს გამოიყენებთ, თქვენ უფრო რეალური სურათის დანახვას შეძლებთ“, — განმარტავს კეგერეისი.
მსგავსად კი უფრო მაღალი გარჩევადობის მქონე სიმულაციამ შედეგად მოგვცა მთვარე, რომელიც დედამიწისა და თეიას ნაწილებიდან რამდენიმე საათში ჩამოყალიბდა. ეს ერთსაფეხურიანი ფორმირების თეორიას გვთავაზობს, რომელიც, თავის მხრივ, გვაწვდის სუფთა და ელეგანტურ პასუხს მთვარის ხილულ თვისებებზე, იქნება ეს მისი დახრილი ორბიტა თუ თხელი ქერქი.
„რაც უფრო მეტს ვიგებთ იმის შესახებ, თუ როგორ გაჩნდა მთვარე, მით უფრო მეტს გავიგებთ დედამიწის ევოლუციაზე, მათი ისტორიები გადაჯაჭვულია და, შესაძლოა, სხვა პლანეტების ისტორიებსაც ეხმიანებოდეს, რომლებიც მსგავსი ან ძალიან განსხვავებული შეჯახებების შედეგად შეიცვალა“, — ამბობს ვინცენტ ეკე, კვლევის თანაავტორი.














