თუ იმის მორიგი მტკიცებულება გჭირდებათ, რომ კაცობრიობა სწრაფად სცდება „დედამიწის სახეობის“ ცნებას და ზოგადად, კოსმოსის მოსახლეობად იქცევა, ახალი ამბავი გვაქვს: შესაძლოა, მეცნიერებმა მთვარისთვის საერთაშორისო დროის ზონა დაამკვიდრონ. ამაზე ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) მუშაობს.
ახლად გამოქვეყნებულ ბლოგპოსტში ვკითხულობთ, რომ ESA ამჟამად დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრზე საერთაშორისოდ აღიარებული დროის ზონის შექმნის იდეას იკვლევს. როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, მსგავსი დროის ზონის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მთვარეზე სულ უფრო დიდი რაოდენობის მისიები იგეგმება და ხორციელდება. თანაც, მაგალითად, NASA-ს ახლანდელი მთვარის მისიებისთვის ინდივიდუალურ დროის შკალას იყენებენ — საერთაშორისო საზომი კი ყველა პროცესს მეტად გაამარტივებს.
აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ დროთა განმავლობაში, როცა საზიარო პროექტებიც იმატებს და ყოველდღიური მუშაობა აუცილებელი იქნება, შეთანხმებული დროის ზონა მნიშვნელოვან როლს შეითავსებს. გარდა კომპანიებსა და სააგენტოებს შორის გამარტივებული მუშაობისა, ეს მიდგომა სატელიტებისა და „მთვარის ინტერნეტის“ სინქრონიზებულ მუშაობასაც უზრუნველყოფს.
მთლიანობაში, ფაქტი, რომ კოსმოსური სააგენტოები მთვარისთვის საერთაშორისო დროის ზონის შექმნაზე საუბრობენ, გვარწმუნებს, რამდენად შორსმიმავალია ასტრონავტების მთვარესთან დაკავშირებული გეგმები; ასევე, რამდენს მივაღწიეთ ბოლო წლებში… ჯერ კიდევ რამდენიმე საუკუნის წინ მთელ მსოფლიოში მხოლოდ ორი საერთაშორისოდ აღიარებული დროის ზონა იყო — უბრალოდ, მეტის საჭიროება არც არსებობდა, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სისტემის განვითარებამ კი მოთხოვნაც გააჩინა.
დღეისათვის დედამიწაზე 24 დროის ზონა, 25-ედ კი, შეიძლება, მთვარისთვის შემუშავებული იქცეს. უბრალოდ, ერთ გამოწვევას ის წარმოადგენს, სრულიად დამოუკიდებელი იქნება ის ჩვენი დროისგან თუ სინქრონიზებული.