ალკოჰოლი დედამიწაზე ბუნებრივად თითქმის ყველა ეკოსისტემაში გვხვდება, ახლად გამოქვეყნებული კვლევის თანახმად კი, ცხოველების უმეტესობა, რომლებიც ხილსა და ნექტარს მოიხმარს, რეგულარულად იღებს ეთანოლს. მართალია, ბევრი მათგანი ალკოჰოლისადმი ტოლერანტულია, მაგრამ ეს ყველაზე არ ვრცელდება. ზოგიერთ სახეობას ნაკლებად შეუძლია ალკოჰოლის ეფექტებთან გამკლავება და სწორედ მათ უწოდებენ „მთვრალ ცხოველებს“.
„ჩვენ ვშორდებით ანთროპოცენტრულ შეხედულებას, რომ ალკოჰოლს მხოლოდ ადამიანები მოიხმარენ…“, — აცხადებს ანა ბოულენდი, მკვლევარი.
მეცნიერებმა სახეობების მრავალფეროვანი ჯგუფი აღმოაჩინეს, რომლებისთვისაც ეთანოლი კვებითი რაციონის ნაწილია, მას ჩვეულებრივ ფერმენტირებული ხილის, წვენისა და ნექტრისგან იღებენ. უშუალოდ ეთანოლი კი დედამიწაზე სადღაც 100 მილიონი წლის წინ გაჩნდა, როცა აყვავებულმა მცენარეებმა შაქრიანი ხილისა და ნექტრის წარმოება დაიწყო, რომლებსაც, თავის მხრივ, ფერმენტაცია შეეძლო. მართალია, აქ ალკოჰოლის შემცველობა საკმაოდ დაბალია, დაახლოებით 1-დან 2%-მდე, მაგრამ პალმის მწიფე ნაყოფში კონცენტრაციამ, შესაძლოა, 10%-საც მიაღწიოს.
საინტერესოა, რომ ერთ-ერთ კვლევის დროს კამერამ სამხრეთ-აღმოსავლეთ გვინეაში გარეული შიმპანზეები პალმის ნაყოფის ალკოჰოლური წვენის მირთმევის დროს დააფიქსირა. ამავდროულად, პანამის ერთ-ერთ კუნძულზე არსებული მაიმუნებიც ჭამენ ეთანოლით მდიდარ ყვითელ ხილს, რომელიც 1-2.5%-მდე ალკოჰოლს შეიცავს. ასე კი „მტკიცებულებები იზრდება იმისა, რომ მარტო ადამიანები არ სვამენ“.
თუმცა, რამდენად იწვევს ეთანოლის მოხმარება სიმთვრალეს, ეს ცალკე საკითხია… ბევრ ცხოველს შთამბეჭდავი ტოლერანტობა გამოუვლინდა ალკოჰოლის მიმართ. თანაც არცერთი შემთხვევა არსებობს, რომელიც ცხოველთა ინტოქსიკაციას დაადასტურებდა…ამასთან, ცხოველები, რომლებიც რეგულარულად ჭამენ ფერმენტირებულ საკვებს, მიდრეკილნი არიან ალკოჰოლის სწრაფად გადამუშავებისკენ, მაგრამ ზოგიერთი სახეობა ნაკლებად მოიხმარს მას, შესაბამისად, ეფექტებიც უფრო ცუდია.
ამ უკანასკნელის მაგალითად ფრინველის ერთ-ერთ სახეობაზე ჩატარებული კვლევა შეგვიძლია მოვიყვანოთ: ფრინველები ღობეებსა და სხვა წინაღობებზე შეჯახების შედეგად მოკვდნენ, მეცნიერებმა კი გამოავლინეს, რომ ამ დროს ისინი ბრაზილიური წიწაკის ხის ზედმეტად მწიფე მარცვლების ზემოქმედების ქვეშ დაფრინავდნენ…
თუმცა ამბობენ, რომ ალკოჰოლს ყველაზე გამოხატული ეფექტი მწერებზე აქვს. მამალი ხილის ბუზი ალკოჰოლს მაშინ იღებს, როცა მეწყვილე უარს ეუბნება, ხოლო მდედრი გამრავლებას უფრო მეტად მაშინ ამჯობინებს, როცა ბევრი ალკოჰოლური ნივთიერება აქვს მიღებული. საინტერესოა, რომ ხილის ბუზები კვერცხებს ეთანოლით მდიდარ საკვებზე დებს, რათა ისინი პარაზიტებისგან დაიცვას.
„80%-მდე ეთანოლის ხსნარის მიღება შეუძლიათ, მათ ქცევასა თუ სიცოცხლეზე ნეგატიური გავლენის გარეშე. თუმცა ხილის ბუზების, ხელფეხასა და ლორისის გარდა, არ ვიცით, ამჯობინებენ თუ არა ცხოველები ეთანოლის შემცველ საკვებს. ჩვენი შემდგომი ნაბიჯი იმის გარკვევაა, როდის ჭამენ ცხოველები ეთანოლს, როცა ორგანიზმში ამ ალკოჰოლური ნივთიერების დონე დაბალია თუ როცა არაფერმენტირებული ხილის პოვნა უჭირთ“, — ამბობს სოფია ბუჩებტი, კვლევის ავტორი.