in

MUA – Architecture & Placemaking-ის მართვის ახალი მოდელი და ასოცირებული პარტნიორები

MUA – Architecture & Placemaking – სწორედ ასე ეწოდება 2013 წელს გოგიკო საყვარელიძისა და დევი ქიტუაშვილის მიერ თბილისში დაარსებულ არქიტექტურულ ოფისს, რომელიც თავის თავში მოიცავს არქიტექტურულ პროექტებს, ურბანულ და სივრცით დიზაინს. ამ პროექტებიდან კი სახეზეა ისეთი შენობები, როგორებიცაა: Fabrika Tbilisi, Hilton Batumi, Hampton Hotel & Residences, Green Cape Botanico და სხვა..

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ მართვის ახალი მოდელი დანერგა, რაც ახალი ასოცირებული პარტნიორების შეძენას გულისხმობს. საინტერესოა, რომ მსგავსი მოდელი საქართველოში ამ პროფილის მქონე კომპანიისთვის სრულიად ახალი პრაქტიკაა. ამასთან დაკავშირებით MUA – Architecture & Placemaking-ის თანადამფუძნებელს, დევი ქიტუაშვილს გავესაუბრეთ:

M: პირველ რიგში, გვაინტერესებს, როგორი მოდელით მუშაობდა მუა აქამდე?

ასოცირებული პარტნიორების ყოლის იდეამდე MUA-ს მეტნაკლებად „ტრადიციული“ მოდელი ჰქონდა. კომპლექსური ორგანიზაციული დიაგრამა სრულად ასახავდა მუას გამოცდილებას, მორგებული იყო ჩვენს სამუშაო სტილს, ამასთანავე, ითვალისწინებდა გლობალურ გამოცდილებას და ლოკალურ კონტექსტს. ახალი გამოწვევებისა და შესაძლებლობების გამოჩენამ, გვიბიძგა კიდევ ერთხელ გადაგვეხედა და ახლებურად დაგვენახა, თუ რა სახის მოწყობა იქნებოდა ჩვენთვის საუკეთესო.

M: საიდან გაჩნდა იდეა, ახალი მოდელი დაგენერგათ?

ვფიქრობთ, რომ ეს იდეა დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა დამფუძნებლებს შორის. იყო განხილვები სხვადასხვა მიმართულებით, კვლევა არსებული მაგალითების. საბოლოოდ, ასოცირებული პარტნიორის როლის გაჩენა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ჩვენი არქიტექტორული ოფისისთვის. ჩვენი კომპანია საკმაოდ გაიზარდა, ასევე, გაიზარდა იმ პროექტების მასშტაბი და კომპლექსურობა, რომლებზეც ჩვენ ვმუშაობთ. დავინახეთ, რომ საჭირო გახდა მმართველი გუნდის გაძლიერება და ახალი ხედვების მქონე ადამიანების შემოერთება, რომლებიც კარგად იცნობენ როგორც ჩვენს საქმიანობას, ასევე, წვლილი მიუძღვით იმაში, თუ სად ვართ დღეს. მათი ჩართულობა და სამომავლოდ კომპანიის პარტნიორობა, აუცილებელია, რომ ჩვენი პრაქტიკა განვითარდეს და დასახულ მიზნებს მივაღწიოთ.

M: რას გულისხმობს ეს ახალი მოდელი? გვიამბეთ დეტალურად.

ახალი მოდელის მიზანია MUA-ს მმართველი გუნდის გაზრდა და გაძლიერება. ასევე, MUA-ს ასოცირებული პარტნიორის სტატუსი, ერთგვარი გზაა მომავალში პარტნიორობისკენ, რაც ჩვენი აზრით, უზრუნველყოფს ჩვენი კომპანიის ახალ ეტაპზე გადასვლას და მოგვცემს საშუალებას, დავგეგმოთ მომავალი სტრატეგია ჩვენი მიზნების მისაღწევად.

M: ვინ არიან ასოცირებული პარტნიორები – გაგვაცანით ისინი და გვიამბეთ, თუ რატომ შეარჩიეთ ისინი?

ასოცირებული პარტნიორების შერჩევაც, ჩვენი აზრით, ორგანულად მოხდა. MUA-ს გუნდში ყოფნის ხანგრძლივობის, გამოცდილების, ორგანიზაციულ სტრუქტურაში დაკავებული პოზიციების, კონკრეტული უნარების, თანმხვედრი ფასეულობებისა და მსოფლმხედველობის შესაბამისად.

გიორგი ხეცურიანი – მუას გუნდს შემოუერთდა 2016 წლიდან არქიტექტორის პოზიციაზე და ახლა დიზაინის დეპარტამენტის დირექტორია. მუშაობს სხვადასხვა მასშტაბის არქიტექტურულ პროექტებზე, როგორიცაა სასტუმრო ჰემპტონი და საცხოვრებელი კომპლექსი, ბათუმი რივიერას გენერალური გეგმა და განვითარების კონცეფცია, სანავარდოს გენერალური გეგმა და კონცეფცია, საქანელას ქუჩის განვითარების კონცეფცია და სხვ.

მარიტა რურუა – MUA-ს გუნდს 2017 წლიდან შემოუერთდა და დღეს მისი ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტორი და დიზაინის დეპარტამენტის დირექტორია. მისი საქმიანობა მოიცავს პროექტების დამუშავებას კვლევის, კონცეფციის განვითარების ეტაპიდან მის განხორციელებამდე. გარდა არქიტექტურისა, აქტიურად არის დაინტერესებული თანამედროვე ხელოვნებისა და ციფრული მედიის მიმართულებებით და არის ქართულენოვანი არაკომერციული ციფრული გამოცემის „-უ არქიტექტურული ჟურნალის“ ავტორი.

მარია ფელანგია – MUA-ს დიზაინ მენეჯმენტის დეპარტამენტის დირექტორი და ასოცირებული პარტნიორი. ის გუნდს 2018 წელს არქიტექტორის პოზიციაზე შემოუერთდა. მარია ხელმძღვანელობს სხვადასხვა მსხვილმასშტაბიან და მულტიდისციპლინურ არქიტექტურულ და ქალაქგეგმარებით პროექტებს. ასევე, უძღვება შემეცნებით პროექტებს და სხვადასხვა ხასიათის ვორქშოფებს. დაინტერესებულია მიტოვებული და დაცლილი სოფლების არქიტექტურით და ეთნოგრაფიით, რაც მისი კვლევების მთავარ თემას წარმოადგენს.

ნატალია ნებიერიძე – MUA–ს გუნდს 2017 წელს შემოუერთდა და პროექტირების მენეჯმენტის (Design management) დეპარტამენტის ხელმძღვანელია. მისი საქმიანობა მოიცავს არქიტექტურულ, ქალაქგეგმარებით, კვლევით და სახელოვნებო პროექტებს. ნატალიას საავტორო პროექტია “თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა”, რომლის მიზანიც თბილისში არსებული ინდუსტრიული შენობების აღრიცხვა და ერთად თავმოყრა იყო. ნატალიას ინტერესები არქიტექტურის მიღმა თანამედროვე ხელოვნება და მისი სხვადასხვა ფორმაა. ბოლოდროინდელი ნამუშევრები ძირითადად სივრცეზე ორიენტირებული ინსტალაციები და პერფორმანსებია.

M: რა იცვლება მომხმარებლებისთვის თქვენი მოდელის შეცვლით?

ჩემი აზრით, მოკლევადიანად არაფერი იცვლება მომხმარებლისთვის, რადგან ჩვენი მომსახურების ხარისხი კომპრომისის გარეშე მაღალია. გრძელვადიან პერსპექტივაში კი ანახებს ჩვენს კლიენტებს იმას, რომ კომპანიაში მუდმივად ვმუშაობთ ჩვენი ორგანიზაციის სტრუქტურის და მართვის მდგრადობაზე, რაც ავტომატურად ითარგმნება ჩვენი მომსახურების გრძელვადიან სტაბილურობასა და ხარისხში.

M: და ბოლოს, არსებობს თუ არა საქართველოში მსგავსი პრაქტიკა?

ჩვენი ინფორმაციით, მსგავსი პრაქტიკა დანამდვილებით არ არსებობს ჩვენი საქმიანობის სფეროში. გადაწყვეტილების მიღებამდე გავეცანით სხვადასხვა სექტორის გმაოცდილებას და დამკვიდრებულ პრაქტიკას საერთაშირისო არქიტექტურულ ოფისებში. მოგროვილ ინფორმაციას აქტიურად ვაანალიზებდით არსებული კონტექსტიდან გამომდინარე. შემდგომ კი, გააზრებულად და მომზადებულებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კონკრეტული თანამშრომლებისთვის შეგვეთავაზებინა ასოცირებული პარტნიორობა.

5 რამ, რასაც მაღალი ეფექტურობის გუნდები აკეთებენ

დღეს ედვარდ მუნკის ახალი მუზეუმი კოკა ნიკოლაძის მუსიკალური ნაწარმოებით გაიხსნება!